ზაალ უდუმაშვილი - უბნებზე აქტივობა კვლავ ძალიან მაღალია, რაც იმის დამადასტურებელია, რომ მოსახლეობამ უკვე გამოუტანა პოლიტიკური განაჩენი „ქართულ ოცნებას“

აქტივობა კვლავ ძალიან მაღალია საარჩევნო უბნებზე, რაც იმის დამადასტურებელი ფაქტია, რომ საქართველოს მოსახლეობამ და ჩვენმა ამომრჩეველმა უკვე გამოუტანა პოლიტიკური განაჩენი „ქართულ ოცნებას“, - ამის შესახებ „ძალა ერთობაშიას” შტაბში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.

მან მოუწოდა ამომრჩევლებს, დარჩენილ დროში საკუთარი არჩევანი დააფიქსირონ.

“აქტივობა კვლავ ძალიან მაღალია საარჩევნო უბნებზე, რაც იმის დამადასტურებელი ფაქტია, რომ საქართველოს მოსახლეობამ და ჩვენმა ამომრჩეველმა უკვე გამოუტანა პოლიტიკური განაჩენი „ქართულ ოცნებას“, ახლა მთავარია, რომ ეს პროცესი მშვიდად მივიყვანოთ ბოლომდე. ჯერ კიდევ არის დრო, 5 საათია დარჩენილი საარჩევნო უბნების დახურვამდე. ასე რომ, ვისაც ჯერ არ მიგიციათ ხმა, გამოიყენეთ ეს დრო, აუცილებლად მიდით არჩევნებზე, რადგან გახსოვდეთ, რომ დღეს თქვენ გიჭირავთ ამ ქვეყნის მომავლის გასაღები ხელში. ეს არის თქვენი ხმა“, - აღნიშნა უდუმაშვილმა.

ამასთან, მან ისაუბრა საარჩევნო პროცესში შესაძლო კანონდარღვევების შესახებ. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის თქმით, შტაბში მუდმივ რეჟიმში შედის ინფორმაცია დარღვევებზე მთელი საქართველოდან.

„მოგაწვდით ინფორმაციას, რომელიც ბოლო 1 საათის განმავლობაში შემოვიდა. დავიწყოთ ქუთაისით: ეს არის „კარუსელის“ ჩატარების მცდელობები, მე-12 უბანზე აბესალომ აბულაძე, პირი, რომელიც კოვიდინფიცირებულთა სიაში იყო, უბანზე გამოცხადდა და ხმაც მისცა. ასევე, სოფელ ჭანდარში ამომრჩევლებს მარკირებას არ უკეთებენ და ისე შედიან უბნებზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ამომრჩეველს, რომელსაც მარკირება არ აქვს, შეუძლია, უკვე სხვა უბანზე მივიდეს და იქ მისცეს ხმა. ანალოგიური ვითარებაა რუსთავის მე-12 უბანზე, აქაც არ უკეთებენ მარკირებას და შესაბამისად, ეს კანონდარღვევაა. კრწანისის მე-16 უბანზე, პირი, რომელმაც ხმა მისცა გადასატან ყუთზე, შემდეგ უკვე გამოცხადდა ჩვეულებრივ საარჩევნო უბანში და იქ ჰქონდა მცდელობა, ხმა მიეცა; გლდანის 54-ე უბანზე კომისიის წევრს გადამალული აქვს კონვერტები და ამის ვიდეომასალა გვაქვს, რაც შეგვიძლია, გაჩვენოთ. გადამალული კონვერტები ნიშნავს, რომ ამ უბნიდან გამოსული ადამიანები შემდეგ ემზადებიან უკვე „კარუსელისთვის“, რათა ამ ცარიელი საარჩევნო ბიულეტენებით სხვა უბანზე მივიდნენ და იქ მისცენ ხმა; კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ პოლიცია პრაქტიკულად, პოლიტიკურ დაკვეთებს ასრულებს და სადაც კი დღეს იყო შედარებით დაძაბული ვითარება, ფიზიკური დაპირისპირება და გვერდით იდგნენ პოლიციელები, მათ საერთოდ არანაირი რეაგირება არ მოუხდენიათ, მიუხედავად იმისა, რომ დამკვირვებლები მიმართავდნენ თხოვნით, რომ ჩარეულიყვნენ, ან ოქმი შეედგინათ, ან გაეფრთხილებინათ ის ადამიანები. ისინი საერთოდ არ ერეოდნენ საქმეში, რაც იმას ნიშნავს, რომ პოლიცია პირდაპირ ასრულებს დღეს „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ დაკვეთას“, - აღნიშნა უდუმაშვილმა.

ზუგდიდთან დაკავშირებით ზაალ უდუმაშვილმა წარმოადგინა ფოტო და აღნიშნა, რომ მასზე ასახულია ირაკლი ცაავა, პატრულის თანამშრომელი, რომელიც, მისი თქმით, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს ფორმაში ჩაცმული დაჰყვება მე-80 უბანზე და ოპოზიციის ამომრჩეველს აშინებს და ემუქრება.

უდუმაშვილმა ისაუბრა კიდევ რამდენიმე შესაძლო კანონდარღვევის შესახებ, მაგალითად მარნეულში, სოფელ თავზაქენდში, მე-13 უბანში, სადაც, უდუმაშვილის თქმით, კომისიის თავმჯდომარე ანგარიშს აბარებს პოლიციის თანამშრომლებს, თუ რა ვითარებაა უბანზე და როგორ მიმდინარეობს იქ პროცესი.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს