ანა დოლიძე - მე-4 საარჩევნო უბანზე არის განუკითხაობა და ქაოსი, 90-იანი წლების პურის რიგები გეგონებოდათ

დიდუბე-ჩუღურეთის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ანა დოლიძის განცხადებით, ჩუღურეთში საარჩევნო უბნებს ე.წ. "ძველი ბიჭები" აკონტროლებენ. ამის შესახებ დოლიძემ ჟურნალისტებს ცესკოში განუცხადა.

როგორც დოლიძემ აღნიშნა, ხუდადოვზე, ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე, „კრიმინალური ავტორიტეტი“ „კაწრო“ იმყოფებოდა.

„დიდუბე- ჩუღურეთში აქტიურად ეშლება ხელი ამომრჩევლის ნების განხორციელებას სხვადასხვა მეთოდებით. ძალიან ბევრ უბანში და მათ შორის, მე-4 უბანში იყო შერჩეული პატარა ოთახები, რამაც განაპირობა ის, რომ ათეულობით ადამიანი საათების განმავლობაში იყო რიგში და ათეულობით ადამიანი წავიდა არჩევნებიდან მარტო იმიტომ, რომ საათის განმავლობაში ვერ დააფიქსირეს თავიანთი ნება. ეს არის პირდაპირი, ბოროტი განზრახვა ცესკოს მხრიდან, მათ ძალიან კარგად იციან რამდენი ამომრჩეველია თითოეულ უბანზე და რამხელა უბანი უნდა უზრუნველყონ. ასევე, დამკვირვებლებს არ ეძლევათ საშუალება ჩუღურეთში დააკვირდნენ არჩევნებს. მათ ეუბნებოდნენ, გაყავით როლები, ნაწილი დადექით გარეთ, ნაწილი - შიგნით იმიტომ, რომ ვერ ერეოდნენ. ესეც ხდება სპეციალურად, რომ არ დააფიქსირონ ზედმიწევნით რა დარღვევები ფიქსირდება.

ასევე, ჩვენ დავაფიქსირეთ ამომრჩევლის ნების კონტროლი საარჩევნო უბნებთან სხვადასხვა მეთოდებით. კერძოდ, ქალები არიან სიებით, ამოწმებენ ვინ მოვიდა, ვინ წავიდა და რეკავენ ადგილზე. მეორე - "ძველი ბიჭები" უბნებზე, კერძოდ, ხუდადოვზე, მე-5 საჯარო სკოლაში ახსენეს „კაწრო“, რომელიც ასევე გამოჩნდა ადგილზე. გარდა ამისა, ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები, კერძოდ, სახელისუფლებო არასამთავრობო ორგანიზაციები არიან წარმოდგენილი უბნებზე, კერძოდ, "იურისტთა და ადვოკატთა ობსერვატორია", "მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის", "ახალგაზრდები დემოკრატიული არჩევნებისთვის" და "ახალგაზრდული ცენტრი საქართველო". ეს ყველაფერი სიტყვების რახარუხია, ფურცელზე დარეგისტრირებული. არასამთავრობო ორგანიზაციებია, რომელთა ერთადერთი ინტერესია ეჩხუბონ დამკვირვებლებს ან წარმომადგენლებს, რომლებიც საკუთარ უფლებებს იცავენ. ამ წუთებშიც, დიდუბეში, მე-11 უბანზე იმყოფებოდა დიდუბის გამგებელი თავისი ამალით, რომელიც დადის და ამხნევებს ადმინისტრაციის წევრებს.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფიქსირდება ე. წ. მკვდარი სულები სიებში და ემიგრანტები. ჩუღურეთში, მე-11 უბანში აღმოვაჩინეთ რამდენიმე წლის წინ გარდაცვლილი პიროვნება ვარდო ბერიძე, ასევე აღმოვაჩინეთ არერთი ემიგრანტი, მაგალითად, ზაველ ეგანეზოვი, რომელიც რამდენიმე წელია საქართველოში არ ცხოვრობს. ხელისუფლება ხელს უშლის ამომრჩევლის ნების განხორციელებას. ყველა ამ დარღვევასთან დაკავშირებით ჩემმა წარმომადგენლებმა დააფიქსირეს საჩივარი, რომელიც გაიგზავნა საოლქო კომისიაში. მე-4 საარჩევნო უბანზე არის განუკითხაობა და ქაოსი, 90-იანი წლების პურის რიგები გეგონებოდათ. ეს ნიშნავს, რომ ცესკომ არ შეასრულა საკუთარი მოვალეობა",- განაცხადა ანა დოლიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო