„მრავალეროვანი საქართველო“ - 19:30 საათის მონაცემებით, დამკვირვებლების მიერ 10 საჩივარი დაიწერა

კენჭისყრის პროცესი მიმდინარეობს მშვიდ გარემოში, თუმცა გარკვეული ხარვეზებით, - ამის შესახებ „მრავალეროვანი საქართველოს“ განცხადებაშია აღნიშნული.

მათი ინფორმაციით, 1 შემთხვევაში საარჩევნო უბნიდან გამოაძევეს „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებელი, 7 შემთხვევაში ადგილი ჰქონდა ხმის მიცემის წესების დარღვევას, 1 შემთხვევაში აგიტაციას საარჩევნო უბანზე.

„19:30 საათის მონაცემებით „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლების მიერ დაიწერა 10 საჩივარი: დამკვირვებლის საარჩევნო უბნიდან გამოძევება (1 შემთხვევა) მარნეულის #13.22.73 საარჩევნო უბნიდან გამოაძევეს "მრავალეროვანი საქართველოს" დამკვირვებელი. დამკვირვებლის ინფორმაციით, ის ცდილობდა მობილური ტელეფონით გადაეღო საარჩევნო კაბინაში 3 ადამიანის ერთდროულად შესვლის ფაქტი, რასაც საუბნო საარჩევნო კომისიის გაღიზიანება მოჰყვა. ამ ფაქტთან დაკავშირებით "მრავალეროვანი საქართველოს" დამკვირვებელმა საჩივარი წარადგინა საოლქო საარჩევნო კომისიაში. ხმის მიცემის წესების დარღვევები ( 7 შემთხვევა) მარნეულის #13.22.3 უბანზე ამომრჩეველს საკუთარი გვარის გასწვრივ დახვდა ხელმოწერა. "მრავალეროვანი საქართველოს" დამკვირვებელმა აღნიშნულ ფაქტზე საჩივარი დაწერა და რეაგირება მოითხოვა. ბოლნისის #14.23.55 უბანზე ერთი და იმავე კომისიის წევრმა სამჯერ მისცა ხმა. აღნიშნულ ფაქტზე დაიწერა საჩივარი. მარნეულის #13.22.49 უბანზე ადგილი ჰქონდა მარკირების არ გაკეთების სამ ფაქტს, სხვადასხვა რეგისტრატორის მიერ. ასევე, აღნიშნულ უბანზე ადგილი ჰქონდა "კარუსელის" განხორციელების მცდელობას, თუმცა დამკვირვებელმა მოახდინა იმ ადამიანების იდენტიფიცირება, რომლებსაც კენჭისყრაში მონაწილეობა ჰქონდათ მიღებული და განმეორებით ცდილობდა საარჩევნო უბანზე შესვლას, რის გამოც არ მოხვდა მათი დაშვება საარჩევნო უბანზე. გარდაბნის #12.21.46 უბანზე ამომრჩეველმა საარჩევნო ბიულეტენი საარჩევნო კონვერტში ჩადების გარეშე ჩააგდო საარჩევნო ყუთში. მარნეულის #13.22.35 უბანზე ადგილი ჰქონდა არასრულწლოვანი პირის მიერ არჩევნებში მონაწილეობის მცდელობას.

რეგისტრატორმა მასზე გასცა საარჩევნო ბიულეტენი, რომელიც მას ხელში ეკავა და ის არჩევნებში მონაწილეობას აპირებდა. მრავალეროვანი საქართველოს დამკვირვებელმა იცნო აღნიშნული პირი და მისი პირადობის მოწმობის ნახვა მოითხოვა. შედეგად, აღმოჩნდა, რომ პირი, რომელიც არჩევნებში მონაწილეობას აპირებდა, არასრულწლოვანი იყო და შესაბამისად, მას არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ ჰქონდა. "მრავალეროვანი საქართველოს" დამკვირვებლის მიერ შენიშვნის დაფიქსირების შემდეგ ამ პირს არ მისცეს უფლება მონაწილეობა მიეღო არჩევნებში. ამ ფაქტზე კომისიის წევრებს შორის მოხდა კამათი, თუ ვინ და რატომ შემოუშვა არასრულწლოვანი და რატომ გასცეს მასზე საარჩევნო ბიულეტენი. ახალქალაქის #18.40.10 საარჩევნო უბანზე ადგილი ჰქონდა ვადაგასული პირადობის მოწმობით ხმის მიცემის მცდელობას. აღნიშნული ფაქტი შენიშნა "მრავალეროვანი საქართველოს" დამკვირვებელმა, ასევე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებმა. შესაბამისად, ამ ამომრჩეველს არ მისცეს შესაძლებლობა ვადაგასული პირადობის მოწმობით ხმა მიეცა. ლაგოდეხის 10.15.35 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა კაბინაში ბიულეტენს ფოტო გადაუღო. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და ნიუპოსტის წარმომადგენლებმა ამ ამომრჩეველს საარჩევნო ბიულეტენის ყუთში ჩაგდების უფლება არ მისცეს და უბანი დაატოვებინეს. მისი ბიულეტენი თავმჯდომარესთან დარჩა. მოგვიანებით კომისიის წევრებმა ამომრჩეველს სთხოვეს უბანზე დაბრუნება. ამ ამომრჩეველმა კიდევ ერთხელ მიიღო არჩევნებში მონაწილეობა. აგიტაცია საარჩევნო უბანზე (1 შემთხვევა) მარნეულის #13.22.74 უბანზე ადგილი ჰქონდა აგიტაციას. კომისიის თავმჯდომარემ უთხრა ამომრჩეველს შემოეხაზა #41 ნომერი. საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო“ ახორციელებს 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგის პროგრამას, რომელიც მოიცავს როგორც წინასაარჩევნო, ასევე არჩევნების დღისა და შემდგომი პერიოდის მონიტორინგს.

არჩევნების დღეზე დაკვირვება მოიცავს სულ 12 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქს, რომელიც ფარავს 24 მუნიციპალიტეტის საზღვრებს. ესენია: რუსთავი და გარდაბანი (#12), მარნეული (#13), ბოლნისი, დმანისი, წალკა, თეთრიწყარო (#14) - ქვემო ქართლი; ბორჯომი, ახალციხე, ადიგენი, ასპინძა (#17), ახალქალაქი და ნინოწმინდა (#18) - სამცხე-ჯავახეთი; საგარეჯო და გურჯაანი (#9), ლაგოდეხი, ყვარელი, თელავი და ახმეტა (#10) - კახეთი; კასპი (#15) - შიდა ქართლი; მცხეთა (#11)- მცხეთა-მთიანეთი; ასევე კრწანისი (#1), ისანი (#4) და სამგორი (#5) - თბილისი. არჩევნების დღის სამონიტორინგო პროგრამაში ჩართულია 600 დამკვირვებელი, მათ შორის 465 საუბნო, 97 მობილიური ჯგუფის, 22 საოლქო საარჩევნო კომისიისა და 1 ცენტრალური საარჩევნო კომისიის დამკვირვებელი.

არჩევნებს დღეს სადამკვირვებლო მისიას კოორდინირებას გაუწევს საკოორდინაციო ცენტრი, რომლის ფარგლებშიც იფუნქციონირებს როგორც ინციდენტების ცენტრი, ასევე მედია ცენტრი. ინციდენტების ცენტრის ოპერატორები მუშაობენ საგანგებო რეჟიმში. ოპერატორები მოკლევადიანი დამკვირვებლებისაგან იღებენ და ამუშავებენ ინფორმაციას საარჩევნო პროცესის მიმდინარეობის შესახებ. არჩევნებზე დღეზე სამონიტორინგო პროგრამას სამართლებრივ მხარდაჭერას უწევენ პროგრამის იურისტები. გარდა აღნიშნულისა, „მრავალეროვანი საქართველოს“ საკოორდინაციო ცენტრში მოქმედებს ცხელი ხაზი, რომლითაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია ისარგებლოს და საკოორდინაციო ცენტრს გაუზიაროს მის ხელთ არსებული საარჩევნო ხასიათის ინფორმაცია. „მრავალეროვანი საქართველო” 2003 წლიდან აქტიურად არის ჩართული ქვეყანაში არჩევნების გამჭვირვალობის ხელშეწყობისა და საარჩევნო პროცედურების ეფექტურად რეალიზების პროცესში. ორგანიზაცია მონიტორინგს უწევდა საქართველოში გამართულ ყველა არჩევნებს. არჩევნების დღის სადამკვირვებლო მისია ხორციელდება „ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს“ (USAID), შვედეთის სამეფოს საელჩოს, ნორვეგიის სამეფოს საელჩოს, საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საელჩოს და ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის (NED) ფინანსური მხარდაჭერით. განცხადების შინაარსზე პასუხისმგებელია საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო“ და იგი შესაძლოა არ ასახავდეს დონორი ორგანიზაციების შეხედულებებსა და მოსაზრებებს”, - აღნიშნულია განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა