„მრავალეროვანი საქართველო“ არჩევნების დღის წინასწარ შეფასებას ავრცელებს

საერთო სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო“ არჩევნების დღის წინასწარ შეფასებას ავრცელებს.

საარჩევნო ოლქებში, სადაც „მრავალეროვანი საქართველო“ დაკვირვებას ახორციელებდა, საპარლამენტო არჩევნები ძირითადად მშვიდ და კონკურენტუნარიან გარემოში ჩატარდა. მიუხედავად აღნიშნულისა, რიგ საარჩევნო უბნებზე ორგანიზაციის დამკვირვებლებმა გამოავლინეს გარკვეული ხასიათის საარჩევნო ხარვეზები. მიგვაჩნია, რომ გამოვლენილი საარჩევნო ხარვეზები ვერ იქონიებს გავლენას არჩევნების საბოლოო შედეგებზე.

„არჩევნების დღეს „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლებმა სულ 18 საჩივარი წარადგინეს საარჩევნო კომისიებში, ასევე 25 შენიშვნა დააფიქსირეს საარჩევნო უბნებზე ჩანაწერთა წიგნში. მთელ რიგ შემთხვევებში, საარჩევნო კომისიის წევრები ითვალისწინებდნენ მრავალეროვანი საქართველოს დამკვირვებლების შენიშვნებს და ასწორებდნენ დაფიქსირებულ ხარვეზებს. შესაბამისად, ორგანიზაციის დამკვირვებლები ამ უბნებზე საჩივრებს აღარ წერდნენ.

„მრავალეროვანი საქართველო“ განაგრძობს საარჩევნო ოლქებში არჩევნების შემდგომი პერიოდის მონიტორინგს.

ძირითადი მიგნებები: საარჩევნო უბნის გახსნისას ექვს შემთხვევაში ადგილი ჰქონდა დამკვირვებლის უფლებების შეზღუდვას, რაც უკავშირდებოდა დილის 07:00 საათიდან 08:00 საათამდე მრავალეროვანი საქართველოს დამკვირვებლების საარჩევნო უბნებზე არდაშვების საკითხებს. ასევე კენჭისყრის პროცესის მიმდინარეობისას ერთ შემთხვევაში საარჩევნო უბნიდან გააძევეს "მრავალეროვანი საქართველოს" დამკვირვებელი (მარნეულის #13.22.73 საარჩევნო უბანი).

ხმის მიცემის პროცესში "მრავალეროვანი საქართველოს" დამკვირვებლების მიერ დაფიქსირდა ერთი და იმავე პირების მიერ რამდენჯერმე ხმის მიცემის ფაქტები (ბოლნისის #14.23.55 და მარნეულის #13.22.65 საარჩევნო უბნები), ასევე ერთი და იმავე პირების მიერ არჩევნებში განმეორებით მონაწილეობის მცდელობის ფაქტები (მარნეულის #13.22.49 და საგარეჯოს #09.11.41 საარჩევნო უბნები). დამკვირვებლების მიერ დაფიქსირდა არასრულწლოვანი პირისა (მარნეულის #13.22.35 საარჩევნო უბანი) და ვადაგასული პირადობის მოწმობით არჩევნებში მონაწილეობის მცდელობის ფაქტები (ახალქალაქის #18.40. 10 საარჩევნო უბანი). ორ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა მარკირების გარეშე ამომრჩევლების კენჭისყრაში მონაწილეობას (მარნეულის #13.22.49 და გარდაბნის #12.21.48 საარჩევნო უბნები). ასევე ოთხ შემთხვევაში დაფიქსირდა აგიტაციის ფაქტები საარჩევნო უბანზე, მათ შორის, ორ შემთხვევაში აგიტაციას ადგილი ჰქონდა საარჩევნო კომისიის წევრების მიერ (საგარეჯოს #09.11.47, მარნეულის #13.22.71, ნინოწმინდის #18.41.19 და #18.41.09 საარჩევნო უბნები), ხოლო ოთხ შემთხვევაში გამოვლინდა ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის შემთხვევები (ყვარლის #10.16.12, ბოლნისის #14.23.22, ასევე ლაგოდეხის #10.15.22 და #10.15.35 საარჩევნო უბნები).

ხმის დათვლისა და შედეგების შეჯამების პროცესში "მრავალეროვანი საქართველოს" დამკვირვებლის ინფორმაციით, მარნეულის #13.22.03 უბანზე, სავარაუდოდ, ადგილი ჰქონდა საარჩევნო ყუთში ბიულეტენების ჩაყრას. საოლქო საარჩევნო კომისიაში არ შესულა მარნეულის #13.22.18 საარჩევნო უბნის შემაჯამებელი ოქმები. ამ უბნის თავმჯდომარის განმარტებით, საუბნო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმები მოიპარეს.

არჩევნების დღეს „მრავალეროვანი საქართველოს“ სამონიტორინგო პროგრამის ფარგლებში მოკლევადიანი დამკვირვებლების მიერ გამოვლენილი იქნა შემდეგი ხასიათის ინციდენტები: დამკვირვებლისათვის უფლების შეზღუდვა ( 7 ინციდენტი), საარჩევნო უბნის არასათანადოდ მოწყობა (4 ინციდენტი), ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა (4 ინციდენტი), საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა მიერ თავიანთი ფუნქციების არაჯეროვნად შესრულება (6 ინციდენტი), უბანზე არაუფლებამოსილი პირის ყოფნა ( 1 ინციდენტი), მარკირების წესის დარღვევა ( 2 ინციდენტი), ხმის მიცემა არაერთგზის (2 ინციდენტი), ვადაგასული პირადობის დამადასტურებელი მოწმობით ხმის მიცემის მცდელობა (1 ინციდენტი), ხმის მიცემის მცდელობა არასრულწლოვანი პირის მიერ (1 ინციდენტი), აგიტაციის წარმოება საარჩევნო უბანზე (4 ინციდენტი), არაუფლებამოსილი პირის ყოფნა უბანზე (1 ინციდენტი), სიტყვიერი დაპირისპირება ( 1 ინციდენტი), გადასატანი საარჩევნო ყუთის ხმის მიცემის პროცედურების დარღვევა ( 3 ინციდენტი).

465 საარჩევნო უბანზე, სადაც ორგანიზაცია ახორციელებდა დაკვირვებას: საუბნო საარჩევნო კომისიის 2685 წევრი იყო ქალბატონი (საშუალოდ 48%), 201 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გახლდათ ქალბატონი (43%), საუბნო საარჩევნო კომისიის 2661 წევრი მიეკუთვნებოდა ეთნიკურ უმცირესობებს (საშუალოდ 47.7 %), საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი თანამდებობა (მდივანი ან თავმჯდომარე) ეკავა ეთნიკურ უმცირესობას მიკუთვნებულ 245 პირს (52%)”,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

სტეპან გრიგორიანი - რბილად რომ ვთქვათ, ამერიკას, სომხეთსა და აზერბაიჯანს სამხრეთ კავკასიიდან რუსეთი გაჰყავთ
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
„ლისი დეველოპმენტმა“ საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდო მოიპოვა
კულტურისა და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები როუმინგში GLOBALCELL-ის უფასო ინტერნეტით ისარგებლებენ
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია ინოვას სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში