გიორგი მშვენიერაძე - აუცილებელია ოპოზიცია თანმიმდევრული და მოთხოვნის ფორმირებისას თანაზომიერი იყოს

„საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ ხელმძღვანელის, გიორგი მშვენიერაძის განცხადებით, თუ ოპოზიცია ფიქრობს, რომ ხელისუფლებამ საარჩევნო ოქმები გააყალბა, მაშინ უნდა დაასახელოს კონკრეტული უბნები, სადაც დარღვევები იყო და მოითხოვოს ამ უბნების გადათვლა.

როგორც ის სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს, აუცილებელია ოპოზიცია მოთხოვნის ფორმირებისას თანმიმდევრული და თანაზომიერი იყოს.

მისი შეფასებით, თუ აღნიშნულს ასე არ აკეთებ და უბრალოდ ამბობ, რომ არჩევნები გაყალბდა, ხალხი ქუჩაში არ გამოვა.

ამასთან, როგორც ის აცხადებს, არ აქვს ილუზია, რომ საარჩევნო ადმინისტრაციები ამ საჩივრებს დააკმაყოფილებენ.

„არჩევნები მხოლოდ კენჭისყრის დღე არ არის. არჩევნები მოიცავს წინასაარჩევნო პერიოდს, კენჭისყრის დღესა და არჩევნების შეჯამების ეტაპს. არჩევნები უნდა იყოს თავისუფალი, სამართლიანი, უნდა წარიმართოს ფორმალური თანასწორობის პირობებში, იყოს საყოველთაო, ხოლო კენჭისყრა - ფარული.

როცა ვამბობთ, რომ არჩევნები არც თავისუფალი და არც სამართლიანი იყო, უნდა აღვწეროთ, რომელ ეტაპზე არსებულ დარღვევებზე ვსაუბრობთ, რომელი ფორმა გამოიყენა ხელისუფლებამ და რომელმა მოახდინა არსებითი გავლენა არჩევნების შედეგზე.

არჩევნების შედეგზე გავლენის მოხდენა სხვადასხვა გზით ხდება. ზოგი კანონიერი გზაა და ზოგიც აკრძალული. მაგალითად, ლეგიტიმურია წინასაარჩევნო აგიტაცია, ამომრჩევლის მომხრობა. არალეგიტიმურია ამომრჩევლის მოსყიდვა, ამომრჩევლის კონტროლი, აგიტაცია საარჩევნო უბანზე, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა, ბიულეტენის ჩაყრა, ბიულეტინის არასწორად გაბათილება ან ბათილი ბიულეტინის ნამდვილად ჩათვლა, შემაჯამებელ ოქმში არასწორი მონაცემების შეყვანა და ხელმოწერა.

ამიტომ აუცილებელია ოპოზიცია იყოს თანმიმდევრული და მოთხოვნის ფორმირებისას თანაზომიერი. თუ ოპოზიცია თვლის, რომ "იფსოსის" ეგზიტპოლის შედეგები არის სწორი და ხელისუფლებამ ოქმები გააყალბა, მაშინ უნდა დაასახელოს კონკრეტული უბნები, სადაც დარღვევები იყო და მოითხოვოს ამ უბნების გადათვლა; თუ იციან უბნები, სადაც დარღვევები იყო მასობრივი ხასიათის, მოითხოვონ ამ უბნების დასახელება და ბათილად ცნობა; თუ ხელთ აქვთ ოქმები, რომლებიც შეიცვალა და ისე დაიდო ცესკო-ს ვებზე, მოითხოვონ ამ ოქმების ბათილობა და ა.შ.

არ მაქვს ილუზია, რომ საარჩევნო ადმინისტრაციები ამ საჩივრებს დააკმაყოფილებენ (რადგან მათ არაფერი აქვთ და არც არასდროს ქონია საერთო „ნეიტრალურ ინსტიტუტთან“, რომელიც პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პირობებში უნდა ატარებს არჩევნებს, მათ ყოველთვის აკონტროლებდა და ახლაც აკონტროლებს პოლიტიკური ხელისუფლება) მაგრამ ეს არის აუცილებელი იმისთვის, რომ პროცესი იყოს სამართლებრივიც, დარღვევების მასშტაბი იყოს აღწერილი ფურცლებზეც და ცხადი გახდეს ყველასთვის, თუ რა გავლენა შეიძლება ჰქონოდა არჩევნებზე იმ დარღვევებს, რასაც მათ შორის უცხოელებიც აღწერენ. და თუ საარჩევნო ადმინისტრაციები ამ დარღვევების მიუხედავად მაინც აჯამებენ შედეგებს, ესეც არჩევნების გაყალბებაა და თან კონკრეტული მტკიცებულებებით დადასტურებული.

თუ ამას ასე არ აკეთებ და უბრალოდ ამბობ, რომ არჩევნები გაყალბდა, ხალხი ქუჩაში არ გამოვა. როცა ამომრჩეველი ხედავს, როგორ გააფთრებით იბრძვი მისი თითოეული ხმის დასაცავად, თითოეულ უბანში, თითოეულ ოლქში თუ სასამართლოში, მაშინ ისიც გამოვა გარეთ ხმის დასაცავად“, - წერს გიორგი მშვენიერაძე სოციალურ ქსელში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო