ხათუნა ლაგაზიძე - ოპოზიციამ პარლამენტში შესვლაზე უარის თქმამდე რისკები უნდა გადათვალოს, თორემ ეს ისეთ დამანგრეველ შედეგებს მოუტანს, არსებული მხარდაჭერაც სანატრელი გაუხდება

ოპოზიციამ უნდა განსაზღვროს, რამდენად გრძელვადიანი და ხალხმრავალი აქციების ორგანიზებას შეძლებს. თუ ეს ვერ მოახერხა, ჩათვალეთ, რომ ეს ისეთ დამანგრეველ შედეგებს გამოიღებს ამომრჩევლის იმედგაცრუების თვალსაზრისით, რომ 4 წელში ოპოზიციას დღევანდელი შედეგიც სანატრელი გაუხდება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პოლიტოლოგმა ხათუნა ლაგაზიძემ განუცხადა.

როგორც ლაგაზიძე ამბობს, ოპოზიციამ უპირველეს ყოვლისა უნდა გადათვალოს რისკები, პარლამენტში არშესვლას რა მოყვება.

„ოპოზიცია პარლამენტში არ უნდა შევიდეს, მხოლოდ რამდენიმე ფაქტორის კარგად აწონ-დაწონვის შემთხვევაში: უნდა გადათვალონ რისკები არშესვლას რა მოყვება. პირველი არის ის, რომ ნამდვილად დარწმუნებული იყვნენ რომ არ ეყოლებათ „შტრეიკბრეხერები“ და ვიღაც არ გამოაკლდებათ უკანასკნელ მომენტში, არ შევა ოპოზიციიდან პარლამენტში და არ „გაუპრავებს“ ხელისუფლებას ამ მანიპულაციებს. ასევე ჩასახედია კანონმდებლობაში, პარტიის მიერ უარის თქმა პარლამენტში შესვლაზე ავტომატურად ნიშნავს თუ არა მათ მიერ წარდგენილი პროპორციული სიის ყველა წევრის უარის თქმას. თუ ეს ასე არ არის, ხელისუფლება აუცილებლად მონახავს ვიღაცებს ყველა პარტიაში, ვისაც იყიდის და შეიყვანს პარლამენტში ლიდერების ნაცვლად. ამით კიდევ უფრო დაისხამს თავს ლაფს, რადგან ცალსახა იქნება, რომ მოისყიდა ის ადამიანები, ვისაც პარლამენტში შეიყვანს, მაგრამ ლეგიტიმაციას თუ არა, ქვორუმს გაზრდის.

ამასთან, ოპოზიცია რომ პარლამენტში არ შევიდეს, ეს ნიშნავს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით ქუჩაში დგომას, რასაც თავისი ლეგიტიმაცია სჭირდება უცხოეთის თვალში. ცალსახაა და ცხადია, რომ ოპოზიციამ ბოლო თვეების განმავლობაში არ იმუშავა დასავლეთთან. ამ თვალსაზრისით, წყალგამყოფი იყო ადამ კინზინგერის ინტერვიუ, რომელიც ივლისში„ინტერპრესნიუსში“ გამოქვეყნდა. კინზინგერს აუგი ვერ დააცდევინეს „ქართულ ოცნებაზე“ მაშინ, როდესაც მანამდე არა მარტო მისი, არამედ, კონგრესმენების პოზიცია სუპერკრიტიკული იყო „ქართული ოცნების“ მიმართ. ეს ნიშნავდა, რომ „ქართული ოცნების“ ლობისტებმა კარგად იმუშავეს ამერიკის შეერთებულ შტატებში. ამან თავისი გამოძახილი საერთაშორისო დამკვირვებლების დღევანდელ შეფასებებში ჰპოვა. ახლა უმნიშვნელოვანესია საერთაშორისო პარტნიორების თვალში, ოპოზიციამ დაამტკიცოს კონკრეტული ფაქტებით და არგუმენტებით, რომ არჩევნები გაყალბებულია“, - განაცხადა ლაგაზიძემ.

ამასთან, ლაგაზიძე აღნიშნავს, რომ ამ არჩევნების შედეგები „შუაშისტი“ ოპოზიციისთვის სერიოზული ალიყური იყო. ის, რომ ისინი „ნაციონალური მოძრაობის“ ალტერნატივად ვერ ჩამოყალიბდნენ, ლაგაზიძის შეფასებით, მათი ბრალია და არა - „ნაციონალური მოძრაობის“.

„მეორე ტურის წინ, კოვიდვითარების გაუარესებაც იქნება ხელისუფლების პარტნიორი. რამდენადაც ვიცი, ბოლო პერიოდში მედიკოსების ტესტირება შეჩერებული იყო და კოვიდინფიცირებულების შესახებ პორტალზე მონაცემების ატვირთვაც - შეზღუდული. შესაბამისად, ვითარების დამძიმებას ხელისუფლება დააბრალებს იმ აქციას, რომელიც გუშინ რუსთაველზე გაიმართა და ამ შანსს ის ხელიდან არ გაუშვებს. ამრიგად, ოპოზიციამ უნდა განსაზღვროს, რამდენად გრძელვადიანი და ხალხმრავალი აქციების ორგანიზებას შეძლებს. თუ ეს ვერ მოახერხა, მაშინ ჩათვალეთ, რომ ეს ისეთ დამანგრეველ შედეგებს გამოიღებს, ამომრჩევლის იმედგაცრუების თვალსაზრისით, რომ 4 წელში ამ ოპოზიციას დღევანდელი შედეგიც სანატრელი გაუხდება. „შუაშისტი“ ოპოზიციისთვის სერიოზული ალიყური იყო ამ არჩევნების შედეგები. მთავარი კითხვა, რაზეც ოპოზიციამ პასუხი უნდა გასცეს არის ის, როგორ მოხდა, რომ პარტია „ქართული ოცნებამ“, რომელიც ხალხს არაფერს დაპირებია, 40% მიიღო? - ოპოზიციამ პრობლემა არა მარტო „ოცნების“ მიერ ადმინისტრაციული თუ „ქუჩის“ რესურსის გამოყენებაში, ამომრჩევლის თუ საარჩევნო კომისიების წევრთა მოსყიდვაში უნდა ეძებოს, არამედ საკუთარ თავშიც: რატომ არჩია ხალხმა არაფრისმაქნისი „ოცნება“ „შუაშისტი“ ოპოზიციისთვის ხმის მიცემას? ასე რომ, ამ დღემ „ოცნების“ მიერ გაყალბებული არჩევნების პარალელურად სხვა ბევრი პრობლემაც ამოიტანა ზედაპირზე, “, - განაცხადა ლაგაზიძემ და დასძინა: „თუმცა, ერთი რამ ცხადად ვიცი, თუ „ოცნებას“ ამ არჩევნების შედეგი მშვიდად შერჩა და უკონტროლო ხელისუფლებაში დარჩა, ის ბელორუსისა და ცენტრალური აზიის სახელმწიფოების გზას დაადგება და ამ ფონზე ამომრჩეველში გაღვივებული უკიდურესი ნიჰილიზმი ბევრი ხნით გადაგვისვრის უკან“.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა