ნაზი ჯანეზაშვილი - სერგო მეთოფიშვილი არ არის ყველაზე გამორჩეული მოსამართლე, რომელმაც უნდა უხელმძღვანელოს თბილისის საქალაქო სასამართლოს

სერგო მეთოფიშვილი ერთ-ერთი მთავარი აქტორი იყო და ერთ-ერთი ისეთი პირი, რომელიც ძალიან ცუდ საქმეს აკეთებდა ჩვენი ქვეყნის სასამართლო სისტემისთვის, - ასე აფასებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად სერგო მეთოფიშვილის დანიშვნას.

როგორც ჯანეზაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ეს პრობლემური საკითხია, ვინაიდან მეთოფიშვილი ამ თანამდებობაზე განუსაზღვრელი ვადით დაინიშნა. ამასთან, მისივე თქმით, კანონმდებლობის თანახმად, თავმჯდომარის დანიშვნისთვის იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უნდა მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება და მოსამართლეებთან კონსულტაციები უნდა გაიაროს იმავე სასამართლოში, სადაც თავმჯდომარე ინიშნება.

ნაზი ჯანეზაშვილის განმარტებით, ამ შემთხვევაში კონსულტაციები ფორმალურადაც კი არ ჩატარებულა მოსამართლეებთან და არც დასაბუთებული გადაწყვეტილება მიუღია საბჭოს.

„რაც შეეხება პერსონალურად სერგო მეთოფიშვილს, ეს ცალკე საკითხია, რამდენად არის ყველაზე გამორჩეული, ღვაწლმოსილი სერგო მეთოფიშვილი იმ სასამართლოში, სადაც 100-ზე მეტი მოსამართლეა. როგორც იცით, მისი იუსტიციის საბჭოში საქმიანობა ძალიან ბევრ კითხვას აჩენდა. ის იყო იმ გარიგებების, პროცესების და მანკიერი პრაქტიკის მონაწილე, რასაც იუსტიციის საბჭოს მოსამართლეთა უმრავლესობა ახორციელებდა. სერგო მეთოფიშვილი ერთ-ერთი მთავარი აქტორი იყო და ერთ-ერთი ისეთი პირი, რომელიც ძალიან ცუდ საქმეს აკეთებდა ჩვენი ქვეყნის სასამართლო სისტემისთვის. ამიტომ, გარდა იმისა, რომ დანიშვნის პროცესია პრობლემური და მოვალეობის შემსრულებლის სტატუსით ის, ფაქტობრივად, სრულყოფილად იქნება სასამართლოს თავმჯდომარე, ასევე პრობლემურია ეს პერსონა, ვინაიდან, ვფიქრობ, რომ ის სულაც არ არის ყველაზე გამორჩეული მოსამართლე, რომელმაც უნდა უხელმძღვანელოს ამ სასამართლოს. თბილისის საქალაქო სასამართლო ყველაზე დიდი და დატვირთული სასამართლოა მთელს ქვეყანაში", განაცხადა ჯანეზაშვილმა.

ცნობისთვის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, მოსამართლე სერგო მეთოფიშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად დღეს დაინიშნა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს