NDI - ცნობები სავარაუდო დარღვევების, გადაცდომებისა და დაშინების შესახებ აკნინებს იმ სამართლებრივ და ადმინისტრაციულ წინსვლას, რომელიც საქართველოს საპარლამენტო არჩევნების გაუმჯობესებისთვის განხორციელდა

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების თაობაზე ანგარიშს აქვეყნებს.

„ენდიაის“ ანგარიშის მიხედვით, სავარაუდო პროტოკოლური დარღვევები, ფართოდ გავრცელებული ცნობები შესაძლო დაშინებებზე საარჩევნო უბნებს ირგვლივ, შედეგების გამოქვეყნების გაჭიანურება და აღქმები სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაზე, აკნინებს იმ წინსვლას, რაც სამართლებრივი ჩარჩოსა და ადმინისტრაციული პროცედურების მხრივ საქართველოს 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის გადაიდგა.

„არჩევნების დღეს, ნდობით აღჭურვილმა სადამკვირვებლო ჯგუფებმა სხვა საკითხებთან ერთად ხაზი გაუსვეს იმ დარღვევებს, რომლებიც შედეგების პროტოკოლს და ხმის მიცემის ფარულობას უკავშირდება. მათი ცნობით, საარჩევნო უბნებს გარეთ ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებებს, ჟურნალისტურ და სადამკვირვებლო საქმიანობაში ხელის შეშლას. ამას გარდა, იყო სავარაუდო ცნობები ამომრჩეველთა მოსყიდვის და ხმების გაყალბების შესახებ, ასევე, საარჩევნო უბნებს გარეთ კოორდინატორებისა და აქტივისტების დამაშინებელი შეკრების შესახებ. არჩევნების მეორე დღეს, ოპოზიციურმა აქტივისტებმა ფართომასშტაბიანი აქცია მოაწყვეს, სადაც ბევრი მათგანი ხმების გადათვლას, შედეგების გაუქმებას და ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვდა“, - აღნიშნულია ორგანიზაციის პრესრელიზში.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ივლისის საკონსტიტუციო ცვლილებებმა ქვეყანაში არჩევნების ჩატარებისთვის ჯანსაღი სამართლებრივი გარემო შექმნა. საარჩევნო კამპანია კი ღია და პლურალისტური იყო. მიუხედავად ამისა, იყო ცნობები სახელმწიფო რესურსების სავარაუდოდ ბოროტად გამოყენებასა და ამომრჩეველთა მოსყიდვაზე. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოში მედია პოლარიზებული იყო და საარჩევნო მესიჯები ძირითადწილად ოპონენტების კრიტიკისკენ იყო მიმართული.

ორგანიზაციამ საარჩევნო პროცესის გაუმჯობესების მიზნით 35 რეკომენდაცია შეიმუშავა, რომელთაგან, "ენდიაის" ცნობით, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ მონაწილე მხარეებმა შემდეგი რჩევები გაითვალისწინონ:

„ხელისუფლებამ დამატებითი ძალისხმევა უნდა მიმართოს იმისკენ რომ სწრაფად და ეფექტურად მოხდეს საჩივრების განხილვა, ხმების გადათვლა ან ხელახალი ჩატარება, სადაც ეს საჭიროა. მათ ასევე უნდა გამოიძიონ ის სავარაუდო ფაქტები, რომლებიც ძალადობას და დაშინებას ეხება. მათთან დაკავშირებით ბრალდების წარდგენა კანონის ფარგლებში სრულად უნდა მოხდეს. ყველა ზომა უნდა იქნეს მიღებული რომ ამგვარ პრაქტიკას მომავალში ადგილი არ ჰქონდეს;

პარტიებმა და კანდიდატებმა, ყველა ძალისხმევა უნდა მიმართონ იმისკენ, რომ საარჩევნო დარღვევებზე, სახელმწიფო რესურსების ბოროტად გამოყენებაზე, ზეწოლასა და დაშინებაზე ადეკვატური მტკიცებულებები წარმოადგინონ. ისინი აღნიშნულის გამოსასწორებლად არსებულ პროცედურებს უნდა მიჰყვნენ;

ყველა მონაწილე მხარემ პატივი უნდა სცეს არაპარტიულ დამოუკიდებელ დამკვირვებლებს, იმისათვის, რომ მათ შეძლონ სადამკვირვებლო პროცესის გაგრძელება ხელისშეშლისა და დაშინების გარეშე;

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უნდა გააძლიეროს ძალისხმევა, რათა საარჩევნო კომისიები პროცედურებს მკაცრად და ზედმიწევნით ასრულებდნენ, კომისიის წევრებს შორის როლების გადანაწილების, ხმის მიცემის ფარულობის დაცვის, მარკირებისს წესისა და პროტოკოლის შევსების ჩათვლით;

თითოეულმა მხარემ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ დაძაბულობის დეესკალაცია მოხდეს და მშვიდობიანი გარემოს შექმნა გაადვილდეს. პარტიულმა ლიდერებმა და კანდიდატებმა ხელახლა უნდა დაადასტურონ მათი საარჩევნო კამპანიების ერთგულება საარჩევნო ქცევის წესების მიმართ;

იმ მიზნით, რომ უზრუნველყოფილი იყოს ამომრჩევლების წვდომა დაბალანსებულ და სანდო ინფორმაციაზე, პოლიტიკურმა პარტიებმა და კანდიდატებმა მონაწილეობა უნდა მიიღონ დებატებში და წარმოადგინონ მათი პოლიტიკური პროგრამები და გეგმები;

მეორე ტურამდე საარჩევნო კამპანიების ჩატარებისას ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ამომრჩეველთა ჯანმრთელობა მათთან კომუნიკაციის დროს დაცული იყოს“, - აღნიშნულია ორგანიზაციის პრეს რელიზში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს