დავით ზურაბიშვილი ოპოზიციის გადაწყვეტილებაზე - ყველა, ვინც ამას აკეთებს, არის მიხეილ სააკაშვილზე „ჩამოკიდებული“

რასაც ოპოზიცია აკეთებს, არის რომ ყველა დადგა სააკაშვილის გვერდით , - ამის შესახებ ექსპერტმა დავით ზურაბიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, რითაც შეაფასა ოპოზიციის გადაწყვეტილება პარლამენტში არ შესვლის თაობაზე.

მისი შეფასებით, ყველა ვინც, ახლა ამას აკეთებს, არის მიხეილ სააკაშვილზე "ჩამოკიდებული".

მას მიაჩნია, რომ ოპოზიციის პოზიცია გაუმართლებელია და ეს წაგებული თამაშია.

„დეჟავიუ მაქვს 2008 წელზე. 2008 წელს, როდესაც არჩევნების შემდეგ მაშინდელი ოპოზიციის დიდმა ნაწილმა პარლამენტში შესვლაზე უარი თქვა, ვიღაცები შევიდნენ. არ გამოვრიცხავ, რომ ახლაც ასე მოხდეს, შეიძლება, ერთი-ორმა თქვას, რომ „მე შევალ“. სხვათაშორის მოიგებს, ვინც ასე მოიქცევა, არ წააგებს. მაშინდელმა პარლამენტმა არაფერი წააგო, იყო უსახური პარლამენტი ისტორიაში, რაც მახსოვს. ოპოზიცია კი გამარგინალდა ქუჩაში.

მე არ მიკვირს ამას „ნაციონალური მოძრაობა“ რომ აკეთებს. არის შიში, რომ მოღალატეებად, ბიძინა ივანიშვილთან შეკრულებად არ გამოცხადდნენ. ეს ფეხებზე უნდა დაიკიდო, თუ გინდა, რომ დამოუკიდებელი პოლიტიკოსი იყო და არ იყო მიხეილ სააკაშვილს აკიდებული. ახლა ყველა, ვინც ამას აკეთებს, არის მიხეილ სააკაშვილზე ჩამოკიდებული, რადგან ლიდერი არის სააკაშვილი. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 27 პროცენტი მიიღო, რეალურად პოლარიზებული არჩევნები ჩატარდა, უმრავლესობამ ხმა ორ პარტიას მისცა, იმ ერთი პარტიის ლიდერი ვინც არის, ის არის მთავარი მოთამაშე. ეს არის 2X2=4. თუ აღიარებ იმ კაცს ლიდერად, კი ბატონო. თუ არ აღიარებ, შენი თამაში გინდა, დამოუკიდებლად გინდა გამოვკვეთო შენი სახე, მაშინ პარლამენტში არ შესვლის აყოლა, წავა „ნაცმოძრაობის“ მომენტისკენ. ეს წაგებული თამაშია.

„ოცნების“ ოცნებაა, რომ გააფორმოს ყველაფერი მიხეილ სააკაშვილსა და ბიძინა ივანიშვილს შორის დაპირისპირებად და ამას უკეთებენ ახლა. ოპოზიცია, რასაც აკეთებს, არის, რომ ყველა დადგა სააკაშვილის გვერდით“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ამასთან, ზურაბიშვილი ამბობს, რომ არჩევნების შედეგები გადასათვლელია.

​"ძალიან დიდი ალბათობით, ხელისუფლებას ცოტა ნაკლები აქვს. საერთოდ, სამართლიანი არჩევნები რომ ჩაატაროს, ხელისუფლება "ნაცმოძრაობასთანაც" წააგებს და მიხეილ სააკაშვილთანაც, ამაშიც დარწმუნებული ვარ.

ვერ ვიტან ასეთ ულოგიკობას, რასაც ვუყურებ. ეს არის ემოციებს აყოლილი "ბიჭო, როგორ გამიბედეს". ეს თუ ასე გაგრძელდა, ამის შედეგი იქნება, რომ მოხდება ოპოზიციის სრული მარგინალიზაცია, ძალიან მშვიდად იქნება ხელისუფლება და გაისად თვითმმართველობის არჩევნებში კიდევ უფრო დიდი გამარჯვება და გაცილებთ ნაკლები გაყალბება ექნება",- აცხადებს ის.

ზურაბიშვილი ამბობს, რომ საჭიროა დარღვევებზე ხმამაღლა საუბარი, პროტესტი, ქუჩაში დგომა და საჩივრები, მაგრამ არ არის საჭირო საპარლამენტო მანდატზე უარის თქმა.

ზურაბიშვილის შეფასებით, ოპოზიციის გარეშე პარლამენტი მაინც იმუშავებს და განსაკუთრებული არაფერი მოხდება.

„დავუშვათ მოხდა, რომ პარლამენტში არცერთი არ შევიდა. ეს ნიშნავს, რომ პარლამენტში „ქართლი ოცნების“ 91 წარმომადგენელი იქნება და გააგრძელებენ საპარლამენტო მუშაობას. რაში იქნება შეზღუდული ვერ ვიგებ, რადგან კონსტიტუციის ცვლილებას ისინი არ აპირებენ, რა ცვლილებაც უნდოდათ, უკვე განხორციელებულია. კარგიც არის, რომ ვერ შეძლებენ საკონსტიტუციო ცვლილებებს. განვიხილავ ვარიანტს, როცა დავუშვათ, ვერავინ მოისყიდა, ვერ „იჩალიჩა“ ვერაფერი, რომ 10 კიდევ კაცი შეიყვანოს, ჩემი აზრით არაფერი განსაკუთრებული არ მოხდება. გააგრძელებს მუშაობას. შექმნის ფსევდო ოპოზიციას, 6 კაცს გამოყოფს და იტყვის, რომ თქვენ იქნებით ოპოზიცია. საპარლამენტო ცხოვრება იქნება“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მე-10 მოწვევის პარლამენტში შესვლასა და მანდატებზე უარს ის ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომლებმაც ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით 1%-იანი ბარიერი გადალახეს. მანდატებზე უარი თქვეს შემდეგმა პარტიებმა: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“, „ლელო საქართველოსთვის“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „გირჩი“, „პატრიოტთა ალიანსი“, „ლეიბორისტული პარტია“ და „ალეკო ელისაშვილი -მოქალაქეები".

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა