ვახტანგ ხმალაძე - ერთპარტიული პარლამენტი, სადაც ამომრჩევლის ნახევარზე ნაკლები მხარდამჭერის მქონე პარტია იქნება წარმოდგენილი, პოლიტიკური კრიზისების მაღალ რისკებს წარმოქმნის

ერთპარტიული პარლამენტი, სადაც ამომრჩევლის ნახევარზე ნაკლები მხარდამჭერის მქონე პარტია იქნება წარმოდგენილი, პოლიტიკური კრიზისების მაღალ რისკებს წარმოქმნის, - ამის თაობაზე კონსტიტუციონალისტმა ვახტანგ ხმალაძემ “ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

მისივე შეფასებით, ერთპარტიული პარლამენტი უაღესად სახიფათოა გადაწყვეტილებების მიღებისას შეცდომების დაშვების თვალსაზრისით.

„ჩვენ ისეთი პარლამენტების მოწმე ვართ, სადაც ერთპარტრიული უმრავლესობა იყო და ხშირად უმრავლესობა იპოზიციას არ უსმენდა, მაგრამ იმ პირობებში, როდესაც ოპოზიცია პარლამენტში საერთოდ არ არის, არასწორი გადაწყვეტილებების რისკი იზრდება. რა მოსდევს ამას?! - როდესაც არასწორი გადაწყვეტილებები მიიღება, ეს უკმაყოფილების გაზრდას და მათ შორის ამ პარტიის მხარდამჭერების შემცირებას იწვევს, ხოლო როდესაც პარტიის მხარდამჭერი მისი მოწინააღმდეგისკენ გადადის, ეს თავისთავად არასტაბილურობის ხარისხს ზრდის“, - განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ ხმალაძემ.

მისივე თქმით, ერთპარტიული პარლამენტის პირობებში ფაქტობრივად აღარ არსებობს და აღარ მუშაობს მთავრობის საქმიანობაზე კონტროლის განხორციელების მექანიზმი და იშლება ზღვარი მთავრობასა და პარლამენტს შორის.

ამასთან, ხმალაძე მიიჩნევს, რომ ბარიერგადალახული პარტიების მიერ საარჩევნო მანდატებზე უარის თქმა არასწორია.

„ეს არასწორია იმის გამო, რაზეც ახლა ვისაუბრე. 30 წელია არჩევნების უსამართლო შედეგს ვუყურებ. უსამართლობასთან ბრძოლის სხვადასხვა მეთოდი არსებობს. უსამართლობის ბრძოლის ერთ-ერთი მეთოდია ხელში კეტების აღება. არსებობს უსამართლობასთან სიტყვით ბრძოლა. ძალიან ბევრი წყალი ჩაივლის, ვიდრე საზოგადოება სამართლიანობის გზაზე დადგება და სანამ საზოგადოება და ამ საზოგადოების წარმომადგენლები: - პარტიები, ხელისუფლება სამართლიანობის გზაზე დადგებიან, მანამ უსამართლობასთან ბრძოლა, პირველ რიგში, საჭიროა სიტყვით, დარწმუნებით, მოქმედებით. ამის ადგილი არის პარლამენტში. ამიტომ ვფიქრობ, რომ მანდატებზე უარის თქმა სწორი გადაწყვეტილება არ არის. ეს უფრო ემოციური გადაწყვეტილება იყო, თუ რაიმე სხვა ჩანაფიქრი არ არის ზოგიერთის თავში“, - განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.

შეგახსენებთ, რომ ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები ახალი მოწვევის პარლამენტში შესვლასა და მანდატებზე უარს აცხადებენ. შესაბამისად, ამ დროის მოცემულობით, პარლამენტში მხოლოდ ერთი პარტია - „ქართული ოცნება“ რჩება. შეგახსენებთ იმასაც, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ამომრჩეველთა ხმების 48%-ზე ოდნავ მეტი მიიღო.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა