რამაზ საყვარელიძე - დაუფიქრებლობა, გენიალური სიტყვაა, რაც ოპოზიციის ბევრ საქციელს ერგება, დაუფიქრებლობაა ის საკითხი, რაც გუბაზ სანიკიძემ წამოწია, არიქა, სააკაშვილი თუ ჩამოვაო

დაუფიქრებლობა - გენიალური სიტყვაა, რომელიც ოპოზიციის ბევრ საქციელს დღეს ერგება; დაუფიქრებლობაა უარის თქმა პარლამენტში შესვლაზე, დაუფიქრებლობაა მეორე ტურზე ის პოზიცია, რაც აქვთ; დაუფიქრებლობაა ის საკითხი, რაც წამოწია გუბაზ სანიკიძემ, არიქა, სააკაშვილი თუ ჩამოვაო; დაუფიქრებლობა იყო მელიას მხრიდანაც შეტევა, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

როგორც საყვარელიძემ აღნიშნა, ოპოზიციის ერთობა ბუტაფორიაა და განხეთქილების ნიშნები დიდი ხანია ჩანს.

„ამდაგვარი განხეთქილების ნიშნები დიდი ხანია არის, ვერც მოთხოვ ამდენად განსხვავებულ პოლიტიკური წარსულისა თუ ხასიათის მქონე ადამიანებს ჰარმონიულ ერთობას. ასეთი ერთობა დღეს საჭიროა თუ არა მათთვის, ეს კიდევ საკითხავია. მითუმეტეს, როდესაც ის საკითხები და თემები, რომელიც მათ შორის დახურულ კარს მითმა უნდა წყდებოდეს, ღიად არის გამოტანილი და მუშაობენ ღია ეთერში. ეს უნდა იყოს შიდა სამზარეულო. დაუფიქრებლობა - გენიალური სიტყვაა, რომელიც მათ ბევრ საქციელს დღეს ერგება; დაუფიქრებლობაა უარის თქმა პარლამენტში შესვლაზე, დაუფიქრებლობაა მეორე ტურზე ის პოზიცია, რაც აქვთ; დაუფიქრებლობაა ის საკითხი, რაც ასე წამოწია გუბაზ სანიკიძემ, არიქა, სააკაშვილი თუ ჩამოვაო. არ არის ახლა სააკაშვილის ჩამოსვლის დრო. თვითონ ამ პარტიებმა უნდა აჩვენონ ახლა ბრძოლის უნარი, თორემ სააკაშვილი უუნაროებთან წასაგებად ჩამომსვლელი ნამდვილად არ არის. მოგებულებთანაც ჩამოვა თუ არა, ეგეც საკითხავია. ადამიანებთან, რომლებსაც ბრძოლა არ შეუძლია, ნამდვილად არ ჩამოვა. დაუფიქრებლობა იყო მელიას მხრიდანაც შეტევა, არიქა, ბიძინას პოზიციაზე დგახარო. უნდა იცოდე, რომ საზოგადოების წინ ხარ და უნდა მოიქცე ისე, როგორც საზოგადოების, მათი ამომრჩევლის თვალს უნდა დაინახოს. თორემ მე პირიქით, მომეწონა, რომ იხსნება ფრჩხილები და საიდუმლოებები მცირდება. ბუტაფორია არ იყო აქამდეც მათი ერთობა? როდესაც ადამიანები ერთიანდებიან მხოლოდ იმიტომ, რომ ებრძვიან მათთვის საერთო მეტოქეს, მაგრამ არცერთ პუნქტში პოლიტიკური თემების არ აქვთ ერთობა, ბუნებრივია, ეს თავს იჩენს. მათმა ამომრჩეველმა უნდა მოითხოვოს თავიანთი მანდატის შესრულება, რისთვისაც აირჩიეს. თუ ევროპული ტიპის საპარლამენტო რესპუბლიკა ხარ, მთელი დაპირისპირება უნდა გადაიტანო პარლამენტში. თუმცა, ამის ბერკეტი ამომრჩეველს არ აქვს. ბერკეტი და კეტი ისევ პირველყოფილ პოლიტიკურ ურთიერთობამდე დაიყვანს პროცესებს. ამომრჩეველმა უნდა ჩაიქნიოს ხელი და უნდა დაელოდოს ახალი პოლიტიკური კულტურის და პოლიტიკური ჯგუფების მომწიფებას, რომელიც უფრო მაღალი დონის იქნება. ევროპელმა ექსპერტებმა სწორედ ეს გვისაყვედურეს, რომ დაუღვინებელი პოლიტიკური კულტურის გამოვლენაა არჩევნების მეორე დღეს ქუჩაში გამოსვლაო“, - განაცხადა საყვარელიძემ.

როგორც საყვარელიძე ამბობს, არის იმის საფრთხე, რომ ოპოზიციამ ის ამომრჩეველიც დაკარგოს, ვინც ახლა ხმა მისცა.

„ამიტომ ცდილობენ, რომ ერთიმეორეზე რადიკალურები იყვნენ, რადგან ხვდებიან, რომ მათ რადიკალურმა ამომრჩეველმა მისცა ხმა. თუმცა, მეეჭვება, რომ ეს სწორი და გააზრებული სტრატეგია იყოს. სტრატეგიას დრო და შეცდომების ანალიზი უნდა, რაც ერთ დღეში არ კეთდება. მათაც სჭირდებათ ტაიმ-აუტი იმისთვის, რომ გაიზიარონ რა რეალობა შექმნეს. არ არის ისიც გამორიცხული, რომ თავიანთი ამომრჩევლის გაზრდა მათაც სჭირდებოდეთ, რომ ამომრჩეველმა მათგან აღარ მოითხოვონ გადაგდება-გადმოგდება, ეს ისევ გვაბრუნებს შუა საუკუნეებში, მიუხედავად იმისა, იარაღს გამოვიყენებთ თუ არა. მომწიფება უფრო ძნელი საქმეა, შიგნიდანაც უნდა უწყობდეს გენეტიკა ხელს მას და გარე პირობებიც. თუ გენებში არ არის და პირობებმა ხელი არ შეუწყო, მომწიფება შეუძლებელია“, - განაცხადა საყვარელიძემ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია და გუბაზ სანიკიძე „მთავარი არხის“ პირდაპირ ეთერში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. დაპირისპირება საქართველოს მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, გუბაზ სანიკიძის მხრიდან გაკეთებულ განცხადებას მოჰყვა. სანიკიძემ თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილს არცერთი მათგანის არ ეშინია და დადგა, დრო რომ სააკაშვილი ჩამოვიდეს. აღნიშნულზე ნიკა მელიამ სანიკიძეს უპასუხა, რომ მას ამ განცხადებით ოპოზიციაში ხინჯი შეაქვს და „ბიძინას თამაშს თამაშობს“. „მართლა მოგზავნილი ხომ არა ხარ, რა გინდა რა, რას ემსახურება ეს?“-მიმართა ნიკა მელიამ სანიკიძეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა