გიორგი რურუა მასზე მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობას ბიძინა ივანიშვილს აკისრებს

„მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილე, გიორგი რურუა მასზე მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობას ბიძინა ივანიშვილს აკისრებს. ამის შესახებ რურუა სოციალურ ქსელში წერს.

ამასთან, ის მხარდაჭერას უცხადებს ნიკა მელიას.

„სრული მხარდაჭერა ნიკა მელიას. გუშინდელი ინციდენტის მთლიან პასუხისმგებლობას ვაკისრებ რუს ოლიგარქს ივანიშვილს. მხოლოდ მისი თანხმობით შეიძლება ეს მომხდარიყო. თავდასხმების, ციხეების, წვიმის, სიცივის, გათენებული ღამეების, არ დანებების შემდეგ მოდის თავისუფლება.

მადლობა მეგობრებო თანადგომისათვის. ბიძინა ივანიშვილის პირადი პოლიტპატიმარი გიორგი რურუა“, - წერს რურუა.

როგორც ცნობილია, გუშინ, გიორგი რურუას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში რამდენიმე პატიმარმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, გიორგი რურუა, ადვოკატთან ვიზიტის მიზნით გამოიყვანეს საკნიდან და გადაადგილებისას მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ბრალდებულმა პ.ნ.-მ, რომელიც იმ დროს იმყოფებოდა იქვე მდებარე სამორიგეო ოთახში და ახორციელებდა სატელეფონო ზარს. მათივე განცხადების თანახმად, ამ პერიოდში იქვე ახლოს მდებარე N76 საკანში (ბრალდებულ პ.ნ.-ს საკანში), ტარდებოდა საპირფარეშოს სარემონტო სამუშაო, რის გამოც საკნის კარი იყო ღია.

„გიორგი რურუას მოცემულ ფლიგელში გადაადგილებისას, სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ოფიცერმა მიხურა მითითებული საკნის კარი და იქვე დადგა. როდესაც პ.ნ.-სა და გიორგი რურუას შორის მოხდა ფიზიკური დაპირისპირება, ოფიცერი გაიქცა მათ გასაშველებლად, ამ დროს საკნიდან გამოვიდნენ პ.ნ.-ს თანამესაკნეები: ნ.ო., დ.ძ., გ.ჯ. და გ.ც. და მათაც მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა გიორგი რურუას. ინციდენტი პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების მიერ იქნა აღკვეთილი, თუმცა ფიზიკური დაპირისპირების შედეგად გიორგი რურუას აღენიშნება სისხლნაჟღენთები სახის არეში“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, „მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილე გიორგი რურუა სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით შეუფარდა. გიორგი რურუას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 381-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას და ძალაში შესული განაჩენის, ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობას ანდა, მისი შესრულებისათვის ხელის შეშლას გულისხმობს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო