სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ისხდნენ და უბრალოდ ხატავდნენ რიცხვებს, ამის შერჩენა არის შეუძლებელი

“ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, სერგი კაპანაძემ წარმოადგინა ოქმები, სადაც, მისი თქმით, უბრალოდ გადაწერილია რიცხვები.

კაპანაძის თქმით, როგორც ბათუმში, ისე მარნეულში გამოვლინდა ოქმები, სადაც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა ე.წ კარუსელების შესანიღბად გადაწერეს ციფრები.

კაპანაძემ აღნიშნა, რომ ეს სისხლის სამართლის დანაშაულია, რომელსაც ქართველი ხალხი ვერ შეეგუება.

„გესაუბრებით იმ ოქმების შესახებ, სადაც უბრალოდ ამაზრზენად, პირდაპირ, ღიად ჩანს გაყალბების მასშტაბი, უბრალოდ დაწერილ ოქმებზე გვაქვს საუბარი.

ახლა მოგიყვებით 2 შემთხვევაზე და აუდიტორიამ განსაჯოს როგორი დემოკრატიული არჩევნები ჩატარდა. ერთი შემთხვევა ხდება მარნეულში, ხელთ გვაქვს ოქმი, ხელმოწერილი ოქმი, რომელიც შეივსო არჩევნების დასრულების მერე. აქ წერია, რომ 557 ადამიანი იყო მისული, ვინც ხმა მისცა, შემდეგ განაწილებულია ხმები და ჯამში აღმოჩნდა, რომ 273-მა მისცა ხმა, ანუ ჩააგდო ბიულეტენები. როგორც ჩანს, კომისიის წევრები მიხვდნენ, რომ თუ 557-მა მიიღო მონაწილეობდა და 273 ბიულეტენი ეყარა, რაღაც პრობლემა იყო აშკარად, იმიტომ, რომ როგორც ჩანს „კარუსელი“ მოქმედებდა და ამის დამალვა სცადეს, ადგნენ და იმავე ღამეს გააკეთეს დარღვევით თან, ისე რომ არ აქვთ ხელი მოწერილი კომისიის სხვა წევრებს შესწორების ოქმზე. 273 გადააკეთეს 272-ად იმავე ღამეს, ოღონდ დაავიწყდათ, რომ ბათილი ბიულეტენებიც უნდა დაემატებინათ და აღმოჩნდა, რომ მაინც გასაუქმებელი არის ეს ოქმი.

მეორე დღეს უკვე, ანუ პირველ ნოემბერს, 17:50 საათზე, თავიდან გადაწერეს, ისევე შესწორების ოქმით და უკვე 272-ის ნაცვლად დაწერეს 286. ანუ, ეს არის ოქმი, რომელშიც რაც უნდოდათ იმას წერდნენ, ბიძინას კარუსელის შესანიღბად.

მეორე შემთხვევაშიც, ჩვენ გვაქვს საქმე მარაზმთან. აქ არის ბათუმის შემთხვევა, პირველ დღეს შეავსეს ოქმი, დაწერეს, როცა დაითვალეს და რიცხვები დააჯამეს, აღმოჩნდება, რომ სულ იყო 865 ბიულეტენი ურნაში ჩაყრილი, ოღონდ არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 819-მა ადამიანმა, ანუ უფრო მეტი ბიულეტენი აღმოჩნდა, ვიდრე იყო არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობა. როდესაც ნახეს, რომ ასეთი რაღაცა გამოვიდა, დაიწყეს უბრალოდ გადაწერა რიცხვების. მაგალითად, 6-ის ნაცვლად დაწერეს 1, 6-ის მაგივრად დაწერეს 4, 25-ის ნაცვლად 23, 14-ის მაგივრად 0, 2-ის მაგივრად 3, 0-ის მაგივრად 7, 327-ის ნაცვლად 1, 31-ის ნაცვლად 3, ასე გადაწერეს უბრალოდ რიცხვები, შესწორების ოქმი გააკეთეს სამი რაც მთავარია, რადგან არ დაეტია ერთში და მიუხედავად ამისა, ჩაყრილი ბიულეტენების რაოდენობა მაინც მეტი გამოუვიდათ, ვიდრე არჩევნებზე მისულთა რაოდენობა.

ეს არის არჩევნები, რომელიც ჩაატარა ივანიშვილმა, ანუ უბრალოდ ხელით დაწერილი ოქმები, რასაც საერთო არ აქვს არჩევნებში მონაწილე ხალხთან. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული და ამაზე აუცილებელია უმკაცრესი რეაგირება. ჩვენი რეაგირება ამაზე იქნება რეაგირება გარეთ, ქუჩაში და რეაგირება აქციის საშუალებით, რომელიც გაიმართება ამ კვირას, 3 საათზე, ამის შერჩენა არის შეუძლებელი, ისხდნენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები და უბრალოდ ხატავდნენ რიცხვებს, ისე რომ დაემთხვიათ ბალანსი, მაგრამ, როგორც ჩანს, ესეც ვერ დაამთხვიეს, რადგან ამის უნარიც არ აქვთ“, - განაცხადა კაპანაძემ.

ინფორმაციას “ევროპული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

იხილეთ ვიდეო: "ევროპულმა საქართველომ" წარმოადგინა ოქმები, სადაც მათი თქმით, რიცხვები უბრალოდ გადაწერილია

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა