პოლიტიკური პარტიები და სამოქალაქო აქტივისტები ვაკის საოლქო საარჩევნო კომისიასთან აქციას მართავენ

სამოქალაქო და პოლიტიკური პარტიების აქტივისტები ვაკის საოლქო საარჩევნო კომისიასთან, სადაც საჩივრების განხილვა მიმდინარეობს, აქციას მართავენ.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მათი მთავარი მოთხოვნა საჩივრების სამართლიანად განხილვაა.

“ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ეს არჩევნები არის გაყალბებული. ამდენი დღეა ოქმების განხილვა მიმდინარეობს იმიტომ, რომ ოქმებში არის ძალიან ბევრი ხარვეზი, ბალანსი ვერ დასვეს ორი დღის განმავლობაში, ხელმოწერებია გაყალბებული. ჩვენ აქ მოვედით იმისთვის, რომ გავაპროტესტოთ ცესკოს მიკერძოებული წარმომადგენლების საქციელი, რასაც ჩადიან დამკვირვებლების წინააღმდეგ, ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამაც გამოაქვეყნა განცხადება”, - განაცხადა ელენე ხოშტარიას შტაბის ერთ-ერთმა წევრმა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიციიდან“ საბურთალოს რაიონული ორგანიზაციის შტაბის ხელმძღვანელის დავით ლაგვილავას განცხადებით, არჩევნების გაყალბების თაობაზე ასობით საჩივარია დაწერილი, მაგრამ ჯერჯერობით რეაგირება არ არის.

“ორი დღეა კომისიის წევრი ჩაკეტილია და გარეთ გამოსვლის შესაძლებლობა არ ეძლევა. ეს არ არის საბურთალოს რაიონული ორგანიზაციის საარჩევნო ოლქი და აქ არც კომისიის სხდომა ტარდება, არამედ ეს არის კრიმინალების დაჯგუფება, სადაც ხდება დანაშაულებრივი ქმედებების „გაპრავება“. არჩევნების გაყალბების უამრავი ფაქტია. ასობით საჩივარია დაწერილი, მაგრამ ჯერჯერობით რეაგირება არ არის. უნდათ, ისეთი შედეგი დადონ, რაც „ქართული ოცნების“ ინტერესებში შედის. პრაქტიკულად, ახლა ხდება ჩვენი არჩევანის, ხმების უფლების წართმევა, მაგრამ ძალიან მარტივად მინდა ვუთხრა ყველას, ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას ბოლომდე, ვიდრე არ დავიბრუნებთ ჩვენს წართმეულ ხმებს და სახელმწიფოს“, - განაცხადა დავით ლაგვილავამ.

ცნობისთვის, სახალხო დამცველმა სოციალური ქსელის საშუალებით ცესკოს მიმართა, რომ სადამკვირვებლო ორგანიზაციებისთვის უზრუნველყოს ზეწოლისაგან თავისუფალი, საქმიანი და ეთიკური სამუშაო გარემო!

"სადამკვირვებლო ორგანიზაციები (ISFED, GYLA, TI) მაწვდიან ინფორმაციას, რომ საჩივრების განხილვის დროს მათი დამკვირვებლების მიმართ საოლქო საარჩევნო კომისიებში ადგილი აქვს შეურაცხმყოფელ და აგდებულ დამოკიდებულებას, რაც, ხშირ შემთხვევაში, ქმნის დამაშინებელ გარემოს.

მივმართავ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საოლქო კომისიებში სადამკვირვებლო ორგანიზაციებისთვის უზრუნველყოს ზეწოლისაგან თავისუფალი, საქმიანი და ეთიკური სამუშაო გარემო!",- წერს ლომჯარია.

იხილეთ ვიდეო: პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო აქტივისტები ვაკის საოლქო საარჩევნო კომისიასთან აქციას მართავენ

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო