ეს არის გზავნილი, რომ მოდით, ბიჭებო, დავილაპარაკოთ, მოგიციცქნით ცოტას,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიციის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გუბაზ სანიკიძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, ცესკოს და მამუკა მდინარაძის განცხადებები, ხომ არ მიუთითებს იმაზე, რომ მმართველი გუნდი მზადაა არჩევნების შედეგების გადათვლისთვის.
გარდა ამისა, გუბაზ სანიკიძემ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით დასმულ კითხვასაც უპასუხა და განაცხადა, რომ სააკაშვილის ჩამოსვლა ოპოზიციის მხარდამჭერებს სტიმულს მისცემს.
„რომ ჩამოვიდეს, ახალ სტიმულს მისცემს ოპოზიციურად განწობილ ელექტორატს. ისედაც, პოლიტიკას რომ თავი დავანებოთ, ვერავინ ვერ ამიხსნა ამ ქვეყანაში, რატომ არ აქვს სააკაშვილს უფლება, ცხოვრობდეს საქართველოში. აქ არის საუბარი სააკაშვილის ჩამოსვლაზე საქართველოში - პოლიტიკოსად, კერძო პირად, მოქალაქედ, მევენახედ -ვენახი აქვს კახეთში. მიხეილ სააკაშვილი არის მიხეილ სააკაშვილი, მორჩა და გათავდა“,- განაცხადა სანიკიძემ.
ამასთან, როგორც ის აღნიშნავს, აღმოჩნდა, რომ ოპოზიციის ნაწილი მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლის წინააღმდეგია. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი მზად არის დანარჩენ ოპოზიციასთან სათანამშრომლოდ, მაგრამ ოპოზიცია - არა.
„პრემიერ-მინისტრობის რამდენი კანდიდატი დასახელდა, არავისზე პრობლემა არ ყოფილა. ყველაზე ავტორიტეტული ადამიანის პრემიერ-მინისტრობის საკითხი რომ დადგა, დაიქცა ქვეყანა, მეორედ მოსვლა დაიწყო. რატომ შეუძლია 1%-იანი პარტიის თავმჯდომარეს თავი დაასახელოს პრემიერ-მინისტრად და რატომ არ შეიძლება 30%-იანმა პარტიამ დაასახელოს. როგორ გაბედა მიხეილ სააკაშვილმა და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დააყენა თავი? რაღაც ჩახვეული კომპლექსი ხომ არ არის ამაში, ზოგადად? მედიას, ოპოზიციის ერთ ნაწილს, ჩახვეული აქვს ეს ამბავი - მიშა არ დავინახოთ, მაგრამ მისი ხმები ჩვენ გვინდა. სპორტის რანაირი სახეობაა ეს? რას „ჩალიჩობთ“ მედია და პოლიტიკური სპექტრი, რა ფოკუსს აკეთებთ? ოპოზიციის ერთი ნაწილი ამას აკეთებს - მიშა, შენ გაქრი და შენი ხმები ჩვენ მოგვეცი“,- განაცხადა სანიკიძემ.
ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე მოუწოდებს ორგანიზაცია „სამართლიან არჩევნებს“, მიაწოდონ „ქართულ ოცნებას“ ინფორმაცია, რომელი უბნების პარალელური დათვლის შედეგად მიიღეს ის რიცხვი, რაც მათ გამოაქვეყნეს. როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, პატარა უზუსტობებიც კი უნდა აღმოიფხვრას.