„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ნიკა მელიას საკითხზე სასამართლოსთვის პროკურატურის შუამდგომლობასთან დაკავშირებით მის მიერ გაკეთებული განცხადება იყო მხოლოდ შეფასება, თუ რა იქნებოდა პოლიტიკური გარემოსთვის მიზანშეწონილი. აღნიშნული განცხადებით, კობახიძემ ჟურნალისტის შეკითხვას უპასუხა, ხომ არ იყო მისი განცხადება ერთგვარი მითითება, თუ რა გადაწყვეტილება უნდა მიეღო სასამართლოს.
„მე პოლიტიკური განცხადება გავაკეთე პოლიტიკურ მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით, რაც შეეხება სამართლებრივ გადაწყვეტილებას, ამას იღებს ბუნებრივია, სასამართლო, ანუ პროკურატურის შუამდგომლობა არსებობს და გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო. თან პროკურატურის შუამდგომლობა სხვა იყო და მერე სასამართლომ როგორც ვიცი სხვა რამ გადაწყვიტა. საბოლოო ჯამში, ეს უნდა გადაწყდეს სამართლებრივად, მე უბრალოდ, პოლიტიკური შეფასება მივეცი იმას, თუ რა იქნებოდა პოლიტიკური გარემოსთვის მიზანშეწონილი“, - განაცხადა კობახიძემ.
ცნობისათვის, მას შემდეგ რაც პროკურატურამ სასამართლოს ნიკა მელიასთავის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე მიმართა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ნიკა მელია ყოველგვარი სამართლებრივი ზომების გარეშე უნდა დაამარცხოს „ქართულმა ოცნებამ“. კითხვაზე, უნდა დააკავონ თუ არა მელია, კობახიძე ამბობს, რომ ეს სამართალდამცავი ორგანოების კომპეტენციაა, თუმცა მისი დაკავება პოლიტიკურად სწორი არ იქნება.
სასამართლომ ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახედ 70 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. სასამართლოს გადაწყვეტილებითვე, ნიკა მელიას დამატებითი ვალდებულება დაეკისრა - მას ბრალდების მხარის წინასწარი ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე, შეეზღუდა საქართველოს საზღვრის კვეთაც.