ირაკლი კობახიძე - მაჟორიტარობის კანდიდატები თვითონ არღვევენ კანონს, როდესაც ითხოვენ საოლქო კომისიებში შესვლას, მათ ეს იციან, თუმცა ცდილობენ სურათის შექმნას, რომ არ უშვებენ

“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საოლქო საარჩევნო კომისიებში საჩივრების განხილვას საარჩევნო კოდექსით უფლებამოსილი ყველა პირი ესწრება.

როგორც კობახიძე განმარტავს, აღნიშნულ პროცედურაზე თითოეულ პარტიას ჰყავს საკუთარი წარმომადგენელი და იქ მედიისა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების დასწრება კანონით არ შეიძლება.

"ამ პროცესს ესწრება საარჩევნო კოდექსით უფლებამოსილი ყველა პირი მათ შორის არის ყველა პარტიის წევრი. კომისიის წევრები არიან ყველა პარტიიდან. არიან შესაბამისი დამკვირვებლები არასამთავრობო ორგანიზაციები. საარჩევნო კოდექსი დეტალურად არეგულირებს იმას, თუ ვინ შეიძლება დაესწროს ამ პროცედურას, რაც შეეხება მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს, რომლებსაც სურთ იქ შესვლა. ხომ ჰყავთ საკუთარი წარმომადგენლები, რომლებიც იქ ესწრებიან ხმების დათვლას და მათ შეუძლიათ სრული ინფორმაციის მიწოდება კანდიდატებისთვის. მათ ძალიან კარგად იციან, რომ არ აქვს უფლება არც მედიის წარმომადგენელს და არც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, იციან კანონი, თუმცა, ამის მიუხედავად მაინც ცდილობენ სურათის შექმნას, რომ მათ უნდათ შესვლა და კანონის წინააღმდეგ თითქოს არ უშვებენ. ისინი თვითონ არღვევენ კანონს, როდესაც საარჩევნო კოდექსის ნორმების წინააღმდეგ ითხოვენ იქ შესვლას. რეალურად, მათი ქმედება ეწინააღმდეგება კანონის რეგულაციებს”,- განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ თბილისსა და რეგიონებში საოლქო საარჩევნო კომისიებთან, სადაც საჩივრების განხილვა მიმდინარეობს, საპროტესტო აქციები იმართება. აქციებზე ხმაური და დაპირისპირებაა. აქციები ისანში, გლდანში, საბურთალოზე, ბათუმში, ბოლნისსა და წყალტუბოში მიმდინარეობს.

საოლქო საარჩევნო კომისიებთან სამართალდამცველები არიან მობილიზებული.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა