ლევან თარხნიშვილი - თამარ ჟვანია დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს ყველა იმ ქმედების გამო, რომელიც მან ჩაიდინა არჩევნების შედეგების გამოცხადების დღიდან დღემდე

„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლის ლევან თარხნიშვილის თქმით, ისინი საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში, ვადამდელი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ. გარდა ამისა, როგორც ლევან თარხნიშვილმა აღნიშნა, ცესკო-ს თავმჯდომარე, თამარ ჟვანია აუცილებლად უნდა გადადგეს.

„ის, რაც გუშინ მოხდა და როგორც მოიქცა ცესკო, ლოგიკური გაგრძელებაა მთელი იმ ჯაჭვის, თუ როგორ იქცეოდა საარჩევნო ადმინისტრაცია მთელი ამ არჩევნების განმავლობაში. მათ არ მოახდინეს რეაგირება არც ერთ დარღვევაზე, საარჩევო ადმინისტრაცია არაკომპეტენტური, არაკვალიფიციური, მაგრამ „ქართულ ოცნებისთვის“ სანდო კადრებით დააკომპლექტეს, ამის შედეგად მივიღეთ ის ყველაფერი, რომ 4-ჯერ გადაწერილი ოქმიც კი შეიცავს შეცდომებს. საარჩევნო ადმინისტრაციას არც ერთ დარღვევაზე რეაგირება არ მოუხდენია. არჩევნების ღამით გვახსოვს როგორ მოხდა შედეგების გამოცხადება, ამის ლოგიკური გაგრძელება არის ის, რომ 91 საჩივრიდან არც ერთი არ არის არათუ დაკმაყოფილებული, არამედ მათი უმეტესობა საერთოდ არ განიხილეს. სწორედ ამის გამო მივიჩნევთ, რომ ეს არჩევნები არ არის ლეგიტიმური. არ ვაღიარებთ მის შედეგებს, ვითხოვთ ახალ არჩევნებს და თქმა უნდა, ეს არჩევნები უნდა ჩაატაროს ახალმა საარჩევნო ადმინისტრაციამ. თამარ ჟვანია დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს ყველა იმ ქმედების გამო, რომელიც მან ჩაიდინა არჩევნების შედეგების გამოცხადების დღიდან დღემდე“,-განაცხადა თარხნიშვილმა.

შეგახსენებთ, 4 ნოემბერს თბილისსა და რამდენიმე რეგიონში საოლქო საარჩევნო კომისიებში საჩივრების განხილვის პარალელურად საპროტესტო აქციები მიმდინარეობდა. თბილისში, ისანსა და საბურთალოზე ვითარება სამართალდამცველებსა და პოლიციას შორის რამდენჯერმე დაიძაბა. აქციის მონაწილეები ცესკო-ს მიერ გამოქვეყნებულ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ არჩევნები გაყალბდა. შსს-ს ბოლო ინფორმაციით, თბილისში ჯამში 9 პირია დაკავებული.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო