ირმა ინაშვილის განცხადებით, თავისუფლების მოედნის ნაცვლად, პირველი აქცია 9 ნოემბერს ქუთაისში გაიმართება

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის ირმა ინაშვილის განცხადებით, 7 ნოემბერს, თბილისში, თავისუფლების მოედანზე აქცია აღარ ჩატარდება. როგორც ის „ფეისბუქის“ გვერდზე წერს, ამის ნაცვლად, პირველი აქცია ჩატარდება ქუთაისში, 9 ნოემბერს, საღამოს 17:00 საათზე.

ამასთან, მისი განმარტებით, „პატრიოტთა ალიანსი“ ხელახალი არჩევნების დანიშვნამდე პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს.

„კვლავ ვამბობთ: საქართველოში 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები ტოტალურად და სამარცხვინოდ გაყალბდა!

ვითხოვთ, - დაინიშნოს ხელახალი არჩევნები. მანამდე უარს ვამბობთ პარლამენტში შესვლაზე!

ამასობაში, „ქართული ოცნება“ ჩვენს წინააღმდეგ აწარმოებს პროპაგანდისტულ კამპანიას - თითქოს ჩვენ არ ვმოქმედებთ მარტო! ერთის მხრივ, ცდილობს დათესოს აზრი, თითქოს ჩვენ ვმოქმედებთ სააკაშვილის, ბოკერიას და სხვა პარტიებთან ერთად, მეორეს მხრივ - ცდილობს დათესოს აზრი, თითქოს ჩვენ რუსეთის დავალებით ვაპირებთ დესტრუქციულ ქმედებებს. ამის პარალელურად, ინერგება აზრი, თითქოს ჩვენ უკანონო, ბანდიტურ მოქმედებებს ვგეგმავთ, რაც სრული აბსრუდია!

მორიგჯერ ვამბობ: ჩვენი პარტია ყოველთვის მარტო მოქმედებდა და დღესაც მარტოა! ვმოქმედებთ დამოუკიდებლად, ჩვენი სტრატეგიითა და ტაქტიკით!

ზემოთ დავასახელე რამდენიმე თემა იმ პროპაგანდისტული კამპანიიდან, რასაც „ქართული ოცნება“ ჩვენს წინააღმდეგ აწარმოებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პირველი აქცია ჩავატაროთ არა თბილისში, თავისუფლების მოედანზე, არამედ დავიწყოთ აქციები ქუთაისიდან. პირველი აქცია ჩატარდება ქუთაისში, ნაცვლად თბილისისა! შემდეგი აქციები გაიმართება სხვა ქალაქებში და ბოლოს, ჩვენ შევიკრიბებით თბილისში!

ამგვარად, 7 ნოემბერს, თბილისში, თავისუფლების მოედანზე აქცია აღარ ჩატარდება. მის ნაცვლად, პირველი აქცია ჩატარდება ქუთაისში, 9 ნოემბერს, საღამოს 5 საათზე, დავით აღმაშენებლის მოედანზე, თეატრის წინ! აქვე გამოცხადდება შემდეგი აქციების ჩატარების გეგმა! იმ თბილისელებისთვის, რომლებსაც სურვილი აქვთ, რომ მონაწილეობა მიიღონ ჩვენს აქციაში, 9 ნოემბერს, დღის 1 საათიდან სამარშრუტო ავტობუსები იდგება თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე. მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ ჩვენს აქციებზე დაცული იქნება დისტანცია, ყველა მონაწილეს დაურიგდება ნიღაბი. დაცული იქნება ყველა სტანდარტი“,-წერს ინაშვილი სოციალურ ქსელში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო