კახა კალაძე - პანდემია, განურჩევლად ასაკისა თუ პოლიტიკური შეხედულებებისა, ყველას გვემუქრება- უნდა გავერთიანდეთ, სხვაგვარად ამ უხილავ მტერს ვერ დავამარცხებთ

თბილისის მერი კახა კალაძე მოსახლეობას სპეციალისტების რეკომენდაციის დაცვისკენ, პირბადეების ტარებისკენ, სოციალური დისტანციისა და ჰიგიენური ნორმების დაცვისკენ მოუწოდებს.

კალაძემ სახლიდან გასვლისგან თავის შეკავებისკენ ასაკოვან ადამიანებს და ჯანმრთელობის პრობლემების მქონე თანამოქალაქეებს მიმართა. მისივე თქმით, ხელისუფლებამ, საზოგადოებასთან ერთად, ყველაფერი გააკეთა, რათა ვირუსის მეორე ტალღის ეტაპს, მაქსიმალურად მომზადებულები შეხვედროდნენ და ე.წ. ლოქდაუნის დაწესება არ დასჭირვებოდათ.

„თქვენ იცით, რომ ხელისუფლებამ, საზოგადოებასთან ერთად, ყველაფერი გააკეთა, რათა ვირუსის მეორე ტალღის ეტაპს, მაქსიმალურად მომზადებულები შევხვედროდით და ქვეყანას ე.წ. ლოქდაუნის დაწესება არ დასჭირვებოდა. მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში, პანდემიის და ინფიცირების მზარდი მაჩვენებლის ფონზე, საქართველომ შეძლო ჩაეტარებინა უსაფრთხო არჩევნები, რომელიც მსოფლიომ აღიარა.

ახლა მთავარია, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და სიცოცხლე არ დადგეს კიდევ უფრო მომატებული რისკის ქვეშ. კიდევ უფრო არ დაზარალდეს კერძო სექტორი, არ დაზარალდნენ დამსაქმებლები და დასაქმებულები. სამწუხაროდ, ეს რისკი ყოველდღიურად და უფრო მეტიც, ყოველწუთიერად იზრდება. პანდემია საერთო გამოწვევაა ყველასთვის - ქვეყნისთვის, ხელისუფლებისთვის, ხალხისთვის, ექიმებისთვის. პანდემია არის საფრთხე, რომელიც განურჩევლად სქესისა, ასაკისა, რელიგიური თუ ეთნიკური კუთვნილებისა, პოლიტიკური შეხედულებებისა, ყველას გვემუქრება. ამიტომ, პანდემიის წინააღმდეგ ყველა უნდა გავერთიანდეთ, სხვაგვარად ამ უხილავ და ვერაგ მტერს ვერ დავამარცხებთ.

თქვენ იცით, ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, დაიხურა მუნიციპალური საბავშვო ბაღები და სახელოვნებო სასწავლებლები, პარალელურად, თბილისის მერია განაგრძობს საჯარო ბაღებში პროდუქტების დარიგების პროცესს, როგორც ეს წინა თვეებში ხდებოდა და ბავშვები უზრუნველყოფილები იქნებიან საკვები რაციონით. ამასთან, განსაკუთრებული ზომებია მიღებული თბილისის ხალხმრავალი მეტროსადგურების ჩასასვლელებში.

ამ რთულ კონტექსტში, მინდა, მივმართო თბილისელებს, ჩვენს მოსახლეობას, ვაჩვენოთ სოლიდარობის ის ძალა, რაც ამ ქალაქს ყოველთვის გამოარჩევს. დღეს სოლიდარობა გვჭირდება საკუთარი და სხვისი სიცოცხლის მოსაფრთხილებლად, ერთმანეთის ჯანმრთელობის დასაცავად. გარდაუვლად და აუცილებლად უნდა დავიცვათ სპეციალისტების ყველა რეკომენდაცია, ვატაროთ პირბადეები, დავიცვათ სოციალური დისტანცია, დავიცვათ ჰიგიენის ნორმები.

განსაკუთრებით კი მინდა მივმართო ასაკოვან ადამიანებს, ასევე ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ჩვენს თანამოქალაქეებს - გთხოვთ, მაქსიმალურად შეიკავოთ თავი სახლიდან გამოსვლისგან. გავუფრთხილდეთ საკუთარ თავს და ამით გავუფრთხილდებით ერთმანეთსაც! მჯერა, ერთობით, ერთმანეთის გვერდში დგომით შევძლებთ, როგორც ამ მსოფლიო გამოწვევასთან გამკლავებას, ისე პანდემიით გამოწვეული კრიზისის სწრაფად დაძლევას. მინდა, ყველას გისურვოთ ჯანმრთელობა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს