თამარ გაბუნიას განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ ტესტებში დადებითობის მაჩვენებელი 16%-ია, რაც საყურადღებოა

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ ტესტებში დადებითობის მაჩვენებელი 16%-ია, რაც, მისი შეფასებით, საკმაოდ საყურადღებო მაჩვენებელია. ამის მიუხედავად, „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ გაბუნიამ განაცხადა, რომ ვითარება ჯერჯერობით მართვადია, თუმცა ფიქსირდება ჰოსპიტალიზების პროცესში მოლოდინის შემთხვევები.

„სიტუაცია ძალიან საყურადღებოა, მითუმეტეს, ვხედავთ, რომ შემთხვევების მატება არის ძალიან სწრაფი, განსაკუთრებით თბილისში. რა თქმა უნდა, სისტემური პასუხისთვის და იმისთვის, რომ გადაეწყოს ასეთ დიდ დატვირთვაზე, გარკვეული დრო ჯანდაცვის სისტემას სჭირდება. დღეს მობილიზებულია საწოლფონდის საკმარისი რაოდენობა, უფრო მეტიც, სხვა ქვეყნებთან შედარებით, დღეს ჩვენ ჰოსპიტალიზაციას ვაკეთებთ აქტიური შემთხვევების, დაახლოებით, 28-30%-ში, მაშინ როდესაც სხვა ქვეყნებში ეს მაჩვენებელი არის 10%-ზე დაბალი, 10-15% მაქსიმუმ.

მეც ხშირად მირეკავენ და მეუბნებიან, რომ სადღაც დაყოვნებაა, სადღაც სასწრაფოს ელოდებიან და ადგილის მობილიზება ჭირს, მაგრამ ჯერჯერობით ეს სიტუაცია მართვადია და არის საკმარისი რესურსი,“- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მისივე განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ 7000 საწოლია მობილიზებული, ისინი არ არის განკუთვნილი იმ პაციენტებისთვის, რომლებიც კლინიკებს თვითდინებით მიმართავენ, რადგან არსებობს 112-ის მექანიზმი, რომელიც პაციენტებმა უნდა გამოიყენონ.

„ 112-ის მექანიზმის შემთხვევაშიც, არის მოლოდინის პერიოდი, თუმცა ამ დროს პრიორიტეტი ენიჭება იმ პაციენტს, რომლის მდგომარეობა არის მძიმე და განსაკუთრებით საგანგაშო, სასწრაფო დახმარების სამსახური ცდილობს, რომ, პირველ რიგში, ამ პაციენტის ტრანსპორტირება უზრუნველყოს. არის გარკვეული მოლოდინი და მოლოდინის პერიოდი იქნება იმ შემთხვევაში, თუ პაციენტების უფრო მეტი ნაკადი დაემატება სისტემას. სისტემის შესაძლებლობა არ არის უსაზღვროდ დიდი. 7 ათასი საწოლის მობილიზება გვაქვს ჩვენ დღეს განსაზღვრული, დანარჩენი საწოლები უნდა შენარჩუნდეს იმ პაციენტებისთვის, ვისაც ექნება სხვა სამედიცინო საჭიროება, რომელიც არანაკლებ საშიშია კოვიდთან შედარებით და შეიძლება უფრო მძიმე შედეგები მოჰყვეს,“- აღნიშნა გაბუნიამ.

მისივე თქმით, მეტი აქცენტი უნდა გაკეთდეს პრევენციაზე, რადგან დღეს უკვე იმდენად მაღალია შემთხვევების რაოდენობა, რომ ამ ტენდენციის შენარჩუნების შემთხვევაში ჯანდაცვის სისტემას პასუხის გაცემა გაუჭირდება. ამასთანავე გაბუნიამ აღნიშნა, რომ ჰოსპიტალში დღეს ხვდებიან ისეთი პაციენტები, რომლებსაც რეალურად ჰოსპიტალური მართვა არ სჭირდებათ და შეიძლება ისინი იმართონ სასტუმროში, სადაც საკმაოდ კარგი და ძლიერი სამედიცინო გუნდები მორიგეობენ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს