დავით ზალკალიანი - პარტნიორები პირდაპირ გვეუბნებიან, რომ საპარლამენტო დემოკრატიის გზით ქვეყნის განვითარებას ალტერნატივა არ აქვს

პარტნიორები პირდაპირ გვეუბნებიან, რომ საპარლამენტო დემოკრატიის გზით ქვეყნის განვითარებას ალტერნატივა არ აქვს და ამ გზიდან გადახვევა ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს დააზიანებს“,-ასე აფასებს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ევროკავშირის და აშშ კონგრესის საგარეო კომიტეტისა და საქართველოს მეგობართა ჯგუფის წევრი კონგრესმენის ჯო უილსონის განცხადებებს საქართველოში ჩატარებული 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით.

დავით ზალკალიანის განცხადებით, ევროკავშირი მიიჩნევს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები კონკურენტუნარიანი იყო .

„რამდენიმე დღეა საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ვიღებთ შეფასებებს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით. გუშინ გავრცელდა ევროკავშირის განცხადება, საქართველოში ჩატარებული არჩევნები შეაფასა ამერიკის შეერთებულ შტატებში, კონგრესში, სამხედრო პერსონალის ქვეკომიტეტის და რესპუბლიკური კვლევითი კომიტეტის თავმჯდომარემ ჯო უილსონმა. ყველა განცხადებაში ცალსახადაა აღნიშნული, რომ ჩვენი პარტნიორების შეფასებით საქართველოში არჩევნები კონკურენტული იყო და საერთო ჯამში კი ფუნდამენტური თავისუფლებები დაცული იყო. ქართველმა ხალხმა პანდემიის მიუხედავად გამოავლინა დემოკრატიული ღირებულებებისადმი ერთგულება და გააკეთა საკუთარი არჩევანი.

ევროკავშირის განცხადება საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი გზავნილია, რაც უაღრესად საყურადღებოა ჩვენთვის. პარტნიორები პირდაპირ გვეუბნებიან, რომ საპარლამენტო დემოკრატიის გზით ქვეყნის განვითარებას ალტერნატივა არ აქვს და ამ გზიდან გადახვევა ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს დააზიანებს. განცხადებაში პირდაპირ არის აღნიშნული რომ ევროკავშირი არ ემხრობა პარლამენტის ბოიკოტს, მიიჩნევს, რომ აღნიშნული ხელს არ შეუწყობს ქვეყანაში დემოკრატიის კონსოლიდაციას. სწორედ პარლამენტია ის ადგილი, სადაც უნდა წარიმართოს პოლიტიკური დებატები და მოხდეს გადაწყვეტილების მიღება. ასევე, ევროკავშირი ემხრობა საერთაშორისო მისიების დასკვნას საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ არჩევნები იყო კონკურენტუნარიანი და დაცული იყო ფუნდამენტური უფლებები“,-განაცხადა ზალკალიანმა.

მისივე თქმით, ევროკავშირი კიდევ ერთხელ უცხადებს მხარდაჭერას საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას.

„აშკარაა, რომ ნებისმიერი სხვა სცენარი მიუღებელია. ბრიუსელის ამ პოზიციაში ნათლად იკითხება, რომ ევროკავშირისთვის ისევე როგორც ჩვენთვის მოვლენათა ბოიკოტის და ქუჩის დემონსტრაციების გზით განვითარება წარსულში დაბრუნებაა, ის ნამდვილად არ უწყობს ხელს ქვეყნის სტაბილურობას და ევროინტეგრაციის პროცესს. ასევე, ჩვენს გაცხადებულ მიზანს ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე“, - განაცხადა ზალკალიანმა.

შეგახსენებთ, საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს აშშ კონგრესის საგარეო კომიტეტისა და საქართველოს მეგობართა ჯგუფის წევრი, კონგრესმენი ჯო უილსონი წერილობით გამოეხმაურა. კონგრესმენის განცხადებით, საქართველოში საპარლამენტი არჩევნები წარმატებით ჩატარდა.

„ვულოცავ ქართველ ხალხს და საქართველოს მთავრობას საპარლამენტო არჩევნების წარმატებით ჩატარებას 2020 წლის 31 ოქტომბერს. გლობალური პანდემიის პირობებში თავისუფალ და სამართლიან გარემოში უსაფრთხო, მაღალი აქტივობის, კონკურენტული არჩევნების ჩატარება მნიშვნელოვანი მიღწევაა“,-აღნიშნავს ჯო უილსონი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო