ომბუდსმენი პირადი ცხოვრების და კომუნიკაციის ამსახველი ნებისმიერი ჩანაწერის უკანონო მოპოვებას და გამოქვეყნებას გმობს

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია პირადი ცხოვრების და კომუნიკაციის ამსახველი ნებისმიერი ჩანაწერის უკანონო მოპოვებას და გამოქვეყნებას გმობს. სახალხო დამცველი ფარული ჩანაწერებთან დაკავშირებით განცხადებას სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„2020 წლის 6 ნოემბერს ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გამოქვეყნდა უკრაინულ ვებ-გვერდზე განთავსებული ჩანაწერები, სადაც სავარაუდოდ ფიგურირებენ ქართველი პოლიტიკოსები, მათ შორის იყო საქართველოს პარლამენტის წევრის სალომე სამადაშვილის პირადი კომუნიკაციის ამსახველი აუდიო ჩანაწერი.

საქართველოს სახალხო დამცველი გმობს პირადი ცხოვრების და კომუნიკაციის ამსახველი ნებისმიერი ჩანაწერის უკანონო მოპოვებას და გამოქვეყნებას. წლებია საქართველოში არ სრულდება ამ თემით მანიპულირება და პოლიტიკურ დღის წესრიგში მისი გამოყენება. მსგავსი შემთხვევები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს პირადი ცხოვრების დაცულობის ხარისხზე ქვეყანაში და მოქალაქეებში აღრმავებს განცდას, რომ მათი პირადი ცხოვრება და კომუნიკაცია არ არის დაცული კონსტიტუციური გარანტიების შესაბამისად.

განსაკუთრებით პრობლემურია, როდესაც მსგავს შემთხვევას ადგილი აქვს პარლამენტის წევრის მიმართ, რომელიც თავისი კონსტიტუციური მანდატის შესასრულებლად დაცულობის უფრო მაღალი გარანტიებით სარგებლობს. საგულისხმოა, რომ ბოლო წლებში უკანონო ფარული ჩანაწერების გამოქვეყნების შემთხვევებს, ძირითადად, ქალი პარლამენტის წევრების თუ ქალი პოლიტიკოსების მიმართ ჰქონდა ადგილი, რაც ამძიმებს ქვეყანაში ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის თვალსაზრისით არსებულ უთანასწორო მდგომარეობას.

უკანონო ფარული მიყურადება და ჩაწერა საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით წარმოადგენს დანაშაულს, რომელიც ისჯება სისხლის სამართლის წესით. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი წლებია საუბრობს ფარული მიყურადების მომწესრიგებელი კანონმდებლობის არაკონსტიტუციურად ცნობის აუცილებლობაზე, რადგან არსებული საკანონმდებლო ჩარჩო შეიცავს უკანონო მიყურადების რისკს. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ საკითზე სახალხო დამცველის მიერ წარდგენილი სარჩელის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში რამდენიმე წლის წინ დასრულდა, საბოლოო გადაწყვეტილება დღემდე არ არის მიღებული.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისთვის უცნობია გამოქვეყნებული ჩანაწერების წარმომავლობა, მაგრამ ამის მიუხედავად, ჩანაწერების გამოქვეყნება ჩრდილს აყენებს სახელმწიფო ორგანოთა საქმიანობას და კითხვებს აჩენს მათ შესაძლო მონაწილეობაზე ან მათი საქმიანობის ეფექტურობაზე.

შესაბამისად, სახალხო დამცველი მოუწოდებს საგამოძიებო ორგანოებს, მათი კომპეტენციის შესაბამისად, დაიწყონ გამოძიება პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონოდ მოპოვების ფაქტზე. მათ შორის, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, შეამოწმოს, მიმდინარეობდა თუ არა ფარული საგამოძიებო მოქმედებები ჩანაწერის მონაწილე პირების მიმართ“, - აცხადებს სახალხო დამცველი.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა