ირაკლი კობახიძე - „ნაცმოძრაობის“ ყველა აქტივისტი, რომელიც ადამიანებზე ზეწოლას და მათ დაშინებას შეეცდება, მიიღებს პასუხს კანონის მთელი სიმკაცრით

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ყველა აქტივისტი, რომელიც შეეცდება ადამიანებზე ზეწოლას და მათ დაშინებას, მიიღებს პასუხს კანონის მთელი სიმკაცრით.

როგორც მან პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ზეწოლა, მუქარა და მკვლელობა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერაა, რომლითაც ის გამოირჩეოდა 9 წლის მანძილზე ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში.

„გვინდა გამოვეხმაუროთ „ნაციონალური მოძრაობის“ ორი აქტივისტის დაკავებას, რომლებმაც განახორციელეს ზეწოლა და მუქარა ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თედო გობეჯიშვილის მიმართ, რის შედეგადაც 43 წლის ახალგაზრდა ადამიანი რამდენიმე საათში გულის შეტევით გარდაიცვალა.

ზეწოლისა და მუქარის აღნიშნული ფაქტი შეგვახსენებს, რამდენად დანაშაულებრივ პოლიტიკურ ძალასთან გვაქვს საქმე „ნაციონალური მოძრაობის“ სახით. ზეწოლა, მუქარა და მკვლელობა არის ამ პოლიტიკური პარტიის ხელწერა, რომლითაც 9 წლის მანძილზე ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში გამოირჩეოდა. ვხედავთ, რომ საქმიანობის ამ ფორმებსა და მეთოდებს ისინი არ იშლიან არც ოპოზიციაში ყოფნის პირობებში. უპირველეს ყოვლისა, სწორედ თავისი დანაშაულებრივი წარსულისა და აწმყოს გამო მიიღო ამ პოლიტიკურმა ძალამ მკაცრი პასუხი ქართული საზოგადოებისგან და იწვნია მძიმე მარცხი 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში. კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ყველა აქტივისტი, რომელიც შეეცდება ადამიანებზე ზეწოლას და მათ დაშინებას, მიიღებს პასუხს კანონის მთელი სიმკაცრით“, - განაცხადა კობახიძემ.

შეგახსნებთ, ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თედო გობეჯიშვილის გარდაცვალების საქმეზე აკაკი კობალაძე და აკაკი ხუსკივაძე დააკავეს. ადვოკატების ინფორმაციით, დაკავებულებს ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილებაში ბრალი წარუდგინეს ქრთამის შეთავაზებისა და მუქარის მუხლებით.

ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა