თინა ბოკუჩავას განცხადებით, არჩილ თალაკვაძეს და ირაკლი კობახიძეს პოლიტიკური ლიდერების თხოვნით დაუკავშირდა, რათა კიდევ ერთხელ განემარტა ოპოზიციის საჯარო მოთხოვნები

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, პოლიტიკური ლიდერების თხოვნით, ის დაუკავშირდა პარლამენტის თავმჯდომარეს და ყოფილ თავმჯდომარეს იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ განემარტა მათთვის ის საჯარო მოთხოვნები, რაც ოპოზიციამ პროტესტის დროს დააფიქსირა.

როგორც თინა ბოკუჩავამ აღნიშნა, ამ ჩიხიდან ქვეყნის გამოყვანის ერთადერთი გზა არის საუბარი იმაზე, რაც რეალისტურია.

„მე მათ ადგილას ძალიან ფრთხილად ვიქნებოდი, როცა ასეთ განცხადებას გავაკეთებდი. ადამიანის ტყუილში დადანაშაულება საფრთხილო რამეა. მესმის, რომ მათ ძალიან ხშირად უწევთ ისეთი განცხადებების გაკეთება, რომლისაც არ სჯერათ და არ სწამთ, მაგრამ ამ შემთხვევაში მინიმალური ნდობა მაინც უნდა არსებობდეს იმისთვის, რომ ნებისმიერ საკითხზე შედგეს პოლიტიკური დიალოგი. რაც შეეხება პოლიტიკურ დიალოგს, დიახ, მე პოლიტიკური ლიდერების თხოვნით, როგორც პარლამენტის წევრი დავუკავშირდი თავმჯდომარეს და ყოფილ თავმჯდომარეს იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ განგვემარტა მათთვის ის საჯარო მოთხოვნები, რაც დავაფიქსირეთ პროტესტის დროს“, - განაცხადა ბოკუჩავამ.

თინა ბოკუჩავამ აღნიშნა, რომ „გადაწყვეტილებას იღებს სულ სხვა ადამიანი, რომელმაც დღეს მოისმინა ათიათასობით განრისხებული ადამიანის ხმა რუსთაველზე და მიხვდა, რომ ის დროა ქვეყანა გამოვიდეს ამ ძალიან მძიმე პოლიტიკური კრიზისიდან, რომელშიც ივანიშვილმა შეიყვანა ეს ქვეყანა, როცა 31 ოქტომბერს არჩევნები გააყალბა“.

„ამ ჩიხიდან ქვეყნის გამოყვანის ერთადერთი გზა არის საუბარი იმაზე, რაც რეალისტურია - ეს არის ახალი არჩევნები, ახალი საარჩევნო ადმინისტრაცია და იმ პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ვინც ახლა ციხეში იმყოფებიან. მათ შორის გიორგი რურუა, რომელიც არის ბიძინა ივანიშვილის პირადი პატიმარი.

ასევე, აკაკი ხუსკივაძე და აკაკი კობალაძე, რომელთა დაკავება მოხდა გუშინ სრულიად აბსურდული ბრალდებით. ასევე ახალგაზრდა ბიჭები დაიჭირეს პოლიტიკური მოტივით, რომლებიც ნიკა მელიას შტაბში აქტიურად იყვნენ ჩართულნი“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ამასთან, თინა ბოკუჩავამ აღნიშნა, რომ ჯერ არ არის კონკრეტიკაზე საუბარი, რა ფორმატს სთავაზობს ოპოზიციურ ძალებს ხელისუფლება.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ტყუილს უწოდებს ნიკა მელიას მიერ გაჟღერებულ ინფორმაციას, რომ ოპოზიციას მმართველი გუნდის წევრები თავად დაუკავშირდნენ.

როგორც კობახიძემ განაცხადა, მას და არჩილ თალაკვაძეს თინა ბოკუჩავამ დაურეკა და არჩევნების თემაზე შეხვედრა სთხოვა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს