ქართული პრესის მიმოხილვა 09.11.2020

გია ხუხაშვილი - “ოპოზიცია ქუჩის პროტესტს გააგრძელებს თუ პარლამენტში შევა, ფინალი იქნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები”

“ეს ჩაკეტვა ჩვენთვის სასიკვდილო განაჩენია... ხელისუფლება ცდილობს ოპოზიციას სამართლებრივი ჩარჩო დაარღვევინოს” - გამზარდია

თინა ხიდაშელი - “ოპოზიცია ზუსტად ხელისუფლებასავით იქცევა - ფანატიკოსი მხარდამჭერების იქით არც მას აინტერესებს თავისი მოქმედებების ლეგიტიმაცია”

* * *

გია ხუხაშვილი - “ოპოზიცია ქუჩის პროტესტს გააგრძელებს თუ პარლამენტში შევა, ფინალი იქნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები”

“მოდი, ფართო მასშტაბით შევხედოთ მიმდინარე პროცესს. ამ ტიპის პროტესტი გვინახავს ადრეც და სამწუხაროდ, ამას ქვეყნისთვის პოზიტიური შედეგი არასდროს მოუტანია, მაგრამ განსხვავება არის ის, რომ, ჩემი აზრით, დღეს უფრო შემაშფოთებელი ვითარებაა. ჯერ ერთი იმიტომ, რომ დღეს ჩვენ მხოლოდ პოლიტიკური კრიზისი არ გვაქვს, ჩვენს საზოგადოებას დღეს აქვს ორი მთავარი - სიკვდილისა და შიმშილის შიშთან დაკავშირებული უსერიოზულესი პრობლემები, ანუ პანდემია და უმძიმესი სოციალურ-ეკონომიკური ვითარება. ამას კომპლექსური ეფექტი აქვს, რასაც, შესაძლოა, მოჰყვეს მოვლენების გაცილებით მძიმე განვითარება, ვიდრე ასეთი დაპირისპირებების დროს აქამდე გვინახავს”, - აცხადებს ექსპერტი გია ხუხაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “დღეს ჩვენს საზოგადოებას ორი მთავარი შიში აქვს” / “თუ ხელისუფლება მიიჩნევს, რომ მართალია და შეცდომები ადამიანური ფაქტორით არის გამოწვეული, მაშინ რა უშლის ხელს, პოლიტიკური კრიზისის თავიდან ასაცილებლად ადგეს და ბიულეტენები ხელახლა დათვალოს?!” / “როგორც ჩანს, ოპოზიცია მზად არის გრძელვადიანი პროცესისთვის, მაგრამ დიდი შეცდომა იქნება, თუ ამ პროცესში მათი მთავარი იარაღი აქციები იქნება”.

“დღეს ძალიან ბუნდოვნად ჩანს მოვლენების განვითარების პერსპექტივა. სამწუხაროდ, დღევანდელმა ხელისუფლებამ ყველა ის მანკიერი ტექნოლოგია, რაც ჩვენს უახლეს ისტორიაში არჩევნების გაყალბების თვალსაზრისით დაგროვდა, გადმოიღო და გამოიყენა, არაფერზე თქვა უარი და შექმნა საფუძველი, რომ ისედაც დაძაბული ვითარება გაუარესებულიყო. ჩემთვის ყველაზე აღმაშფოთებელი ის არის, რომ ხელისუფლებას ეს არ სჭირდებოდა.­ მას რომ სწორი ტაქტიკით ევლო და ოდნავ მაინც ეფიქრა სახელმწიფოზე, არ ჩატეხდა ყველა ხიდს თითქმის ყველა მიმართულებით და არ მიიღებდა დღევანდელ ვითარებას. რაც შეეხება 8 ნოემბრის აქციას, აქ ჩემთვის მნიშვნელოვანი ორი გზავნილი გახმიანდა. პირველი ის, რომ ეს აქციები იქნება მშვიდობიანი და რევოლუციური სცენარი არ განიხილება; მეორე გზავნილად კი ჭკვიანურად აიტაცეს აშშ-ის ახალი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადება, რომ ის არ ყოფს ადამიანებს ფერებად, გაიმეორეს იგივე, მიმართეს რა “ქართული ოცნების” მხარდამჭერებს და თქვეს, რომ პატივს სცემენ მათ არჩევანს. ულტიმატუმი და რაღაც დროის დათქმა, ვფიქრობ, არაფრის მომტანია”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.

“არავის აქვს ილუზია, რომ მათ მოთხოვნებს ასე დათქმულ დროში შეასრულებს ხელისუფლება. როგორც ჩანს, ოპოზიცია მზად არის გრძელვადიანი პროცესისთვის, მაგრამ დიდი შეცდომა იქნება, თუ ამ პროცესში მათი მთავარი იარაღი აქციები იქნება. აქციის ტონალობა მისაღები იყო, დანარჩენს კი დრო გვაჩვენებს. თუ ამბობენ, არჩევნები გაყალბდაო, ამას მხოლოდ ემოციური განცხადებებით ვერ დაასაბუთებენ, ამას სჭირდება სერიოზული არგუმენტების მოგროვება, მით უფრო - ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის. ამ არჩევნებში “ქართული ოცნება” ყველაზე უკეთეს შედეგს აჩვენებდა, მაგრამ ვერ გავიზიარებ აზრს, რომ აუცილებლად გადალახავდა 40%-იან ჩამკეტს... საქმე ის არის, რომ ყველა წინასწარ კვლევაში გადაუწყვეტელი ამომრჩევლის რაოდენობა კრიტიკულზე მაღალი იყო. ამ ამომრჩევლის უმრავლესობას არც “ნაციონალური მოძრაობა” უნდოდა და არც - “ქართული ოცნება”. ამ ხალხს სურდა ეპოვა ალტერნატიული ძალა, მაგრამ პროცესმა მათ ამის საშუალება არ მისცა. ისევ ეს ორპოლუსიანი სივრცე შეიკრა, რაც ბოლო წლების მთავარ უბედურებად გვექცა. ჩვენ დღემდე არ ვიცით, რეალურად რა შედეგი მივიღეთ ამ არჩევნებზე. თუ ვილაპარაკებთ 4-5%-იან გაყალბებაზე, პოლიტიკური მოზაიკიდან გამომდინარე, შეიძლება სწორედ ეს პროცენტები ყოფილიყო მნიშვნელოვანი, ანუ ამ მონაცემებს ხელისუფლების ფორმირების საკითხი შეეცვალა და “ქართული ოცნება” წასულიყო ოპოზიციაში”, - აღნიშნავს გამოცემა.

“თუ არ იქნება სამართლიანობა, ვერ იქნება მშვიდობა. გეთანხმებით, რომ სახელმწიფო ინტერესები უნდა დადგეს პოლიტიკურ ინტერესებზე მაღლა, მაგრამ ეს მოთხოვნა მხოლოდ ოპოზიციის მიმართ არ უნდა გვქონდეს. ეს, უპირველესად, ხელისუფლებას უნდა მოვთხოვოთ, რომელმაც, ფაქტობრივად, თვითონ დააყენა ეჭვქვეშ საკუთარი ლეგიტიმაცია. ჩვენ შეიძლება პრეტენზია გვქონდეს ოპოზიციასთან, მაგრამ არანაკლები პრეტენზია უნდა გვქონდეს ხელისუფლებასთან, რომელიც კი ცდილობს, ხელი შეაწმინდოს ოპოზიციას - პანდემია, ლარის კურსი და ყველაფერი მას გადააბრალოს, მაგრამ ეს აბსურდია, რადგან ნებისმიერ პოლიტიკურ და სოციალურ-ეკონომიკურ პროცესებზე პასუხისმგებელია ხელისუფლება. თითის სხვისკენ გაშვერა არ არის სახელმწიფოებრივი ქცევა და ხელისუფლების არაკეთილსინდისიერებაზე მეტყველებს. თუ ხელისუფლება არ გააჩენს სამართლიანობის განცდას, ისევ ეცდება საზოგადოების გახლეჩას და ილაპარაკებს ფარულ ჩანაწერებსა თუ სახელმწიფო გადატრიალებაზე, მისთვისვე იქნება ცუდი”, - მიიჩნევს ექსპერტი.

“გუბაზ სანიკიძე რომ სააკაშვილის ბიძას ელაპარაკება და ამაზე შეთქმულების თეორიის აგებას ცდილობ, ეს საქმის შეკერვის ძალიან დაბალი დონის მცდელობაა. აღარაფერს ვამბობ სალომე სამადაშვილის სატელეფონო საუბრის მოსმენაზე, რაც მართლაც ამაზრზენია. ამ ხელისუფლებამ ამაზეც კი არ თქვა უარი. ჩემი აზრით, დღევანდელი “ქართული ოცნება” ჩამოყალიბდა ხელისუფლებაში მყოფ “ნაციონალურ მოძრაობად”. არაფერზე თქვეს უარი გარდა ციხეებისა და ცოცხებისა... დღევანდელი ვითარებით ისე გამოდის, რომ ბიძინა ივანიშვილს ძალიანაც მოსწონდა ის სისტემა, ამიტომაც წაართვა სააკაშვილს და ახლა თვითონ თამაშობს. ჩემი აზრით, როგორც უნდა განვითარდეს მოვლენები - ოპოზიცია ქუჩის პროტესტს გააგრძელებს თუ პარლამენტში შევა, ფინალი იქნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, რადგან ქვეყანაში მარტო ეს არ არის პრობლემა. მხოლოდ ეს რომ იყოს, შეიძლებოდა ხელისუფლებას ჰქონოდა ილუზია, რომ მას სხვადასხვა მეთოდით გადატეხდა, მაგრამ ფონი ძალიან მძიმეა - პანდემია და სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები, რომელთა მოგვარების პოზიტიური გეგმა მათ არა აქვთ”, - დაასკვნის გია ხუხაშვილი.

“ეს ყველაფერი შექმნის კუმულაციურ ეფექტს, ამას დაემატება პოლიტიკური რყევები და ვერც ერთი ხელისუფალი, მით უფრო - ასეთი მყიფე ლეგიტიმაციის, ამას ვერ გაუძლებს. აქ მთავარია, ჩვენ, საზოგადოებამ, ნაკლები ზიანის მომტანი რეკომენდაციები მივცეთ პოლიტიკურ სპექტრს. მიმაჩნია, რომ რიგგარეშე არჩევნებამდე ნაკლები დანაკარგით მისვლა შესაძლებელია ოპოზიციის პარლამენტში შესვლით. არ მესმის, რატომ არ განიხილავს ოპოზიცია ამ სცენარს. კი ბატონო, ისინი მიიჩნევენ, რომ არჩევნები გაყალბდა, მაგრამ პარლამენტში შესვლით ოპოზიციას შეუძლია საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოსაძიებლად კომისია შექმნას. იქ მათ უფლება ექნებათ, დაჰკითხონ ყველა _ ჟვანიათი დაწყებული, სუს-ის წარმომადგენლებით დამთავრებული და ამ საგამოძიებო პროცესის შედეგად გამოაქვეყნონ შესაფერისი არგუმენტებით, დაკითხვის ოქმებითა და კონკრეტული რიცხვებით გამყარებული დასკვნა. ამის შემდეგ, თუკი დასაბუთებული ბრალდებები იარსებებს, მათ შეუძლიათ ბევრი სისხლის სამართლის საქმის აღძვრა მოითხოვონ...”, - განმარტავს რესპონდენტი.

“ოპოზიციას შეუძლია წარმართოს ძალიან სერიოზული პროცესი, რომლის შედეგად გამოჩნდება, იყო თუ არა გაყალბება იმ მასშტაბის, რომ ის აისახა არჩევნების შედეგზე. თუ ეს დადასტურდება, შეუძლიათ პარლამენტშივე მოითხოვონ რიგგარეშე არჩევნები და თუ ხელისუფლება ამას არ დათანხმდება, მაშინ დატოვონ პარლამენტი. ეს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვისაც უფრო გასაგები და მისაღები ნაბიჯები იქნება. “ქართულ ოცნებასაც” შეუძლია დათმობა, მაგალითად, ამგვარი საგამოძიებო კომისიის შექმნა ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეთანხმებით. შეიძლება ხელისუფლებამ შესთავაზოს ოპოზიციას, თუ მათ ეჭვი ეპარებათ რამეში, შექმნან კომისია, ოღონდ საპარლამენტო საქმიანობის რეჟიმში და თუ ამ კომისიის მუშაობით გამოვლინდა, რომ დადასტურებული დარღვევები არსებითად ცვლის არჩევნების შედეგებს, მაშინ დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები. ცივილიზებულ ტაქტიკას რომ თავი დავანებოთ, ამგვარ ქმედებას სხვა ძალა ექნება. ასე არც სახელმწიფო დაზარალდება. წინ ისედაც უმძიმესი ზამთარი გვიდევს, ეს პოლიტიკური რყევები კი საფრთხეს ზრდის და ეს, უპირველესად, მოქალაქეებზე აისახება. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ყველაფერი ოპოზიციას დავაბრალო, მაგრამ ბოლოს ისე გამოვა, რომ ამაში მათი წილი ბრალეულობაც იქნება. ამ მოსაზრების საწინააღმდეგოდ ოპოზიციის არგუმენტი ასეთია - ამბობენ, ამას ჩვენი ამომრჩეველი ვერ გაიგებსო, მაგრამ ამ მოსაზრებას მე არ ვიზიარებ”, - თვლის ექსპერტი.

“სწრაფ შედეგზე ორიენტირებული ამომრჩეველი შეიძლება დღეს გაბრაზდეს, მაგრამ ხვალ პროცესის გაგრძელებას რომ დაინახავს, აღიარებს, რომ სახელმწიფოს ინტერესებისა და პოლიტიკური ტაქტიკის თვალსაზრისით მხოლოდ ეს არის სწორი გზა. ყველაზე დიდი პრობლემა კი ის გახლავთ, რომ ხელისუფლება დღეს არის პოლიტიკურ ბუნკერში. ოპოზიციაც პრობლემურია, მაგრამ არ შეიძლება ოპონენტებს­ არ ელაპარაკებოდე. მეტიც _ ხელისუფლება არც სამოქალაქო საზოგადოებას ელაპარაკება, პოზიტიური დღის წესრიგი არა აქვს, არ აქვს გეგმა არც პოლიტიკური კრიზის დაძლევის და არც _ სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების მოგვარების. ისინი არიან აბსოლუტურ თვითიზოლაციაში და მათი ერთადერთი საზრუნავი ძალაუფლების შენარჩუნებაა. ხელისუფლება, რომელიც არავის ელაპარაკება, მხოლოდ ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს და ვიღაცის შეშინებას ან მოსყიდვას ცდილობს, საშიშია”- ამბობს ხუხაშვილი და შეკითხვაზე - “ჩვენი ამერიკელი და ევროპელი პარტნიორები მოლაპარაკებების აუცილებლობაზე ლაპარაკობენ. შეიძლება მათი შუამავლობით გამართული მოლაპარაკებები შედეგიანი იყოს?” - პასუხობს:

“ჩემი აზრით, ჯერჯერობით ეს არარეალურია. საქმე ის არის, რომ ბიძინა ივანიშვილის მართვის კონსტრუქცია, ისევე, როგორც მისი წინამორბედი სააკაშვილისა, დგას აბსოლუტურ ძალაუფლებაზე. ეს არის არა პოლიტიკური, არამედ რაღაც რელიგიური კონსტრუქცია, სადაც არიან ღმერთი და მისი მრევლი, ის კი, ვინც ამ მრევლის წევრი არ არის, ერეტიკოსია. ბიძინა ივანიშვილი ძალაუფლების 1%-ის დამთმობიც ვერ არის, რადგან დომინოს პრინციპით აშენებული კონსტრუქცია შეიძლება ძალიან იოლად დაეშალოს და ამის ეშინია. დღეს მას პრობლემა არ ექნებოდა, ერთი-ორი პოლიტიკური პარტნიორი რომ გაეჩინა, არ გამოეცხადებინა, რომ “ქართული ოცნებისთვის” მიუცემელი ყოველი ხმა, თურმე, რევანშისტული ყოფილა... ასეთ შემთხვევაში 40%-ზე ნაკლები მხარდაჭერის პირობებშიც ადვილად მოახერხებდა კოალიციის შექმნას და დღეს ასეთი დაძაბულობა აღარ იქნებოდა”.

“ვერ გამოვრიცხავ, რომ თუ დასავლეთი ჩაერევა, პრობლემა დღესაც მოგვარდეს, მაგრამ ესეც იძულებითი ნაბიჯი იქნება და არა - ხელისუფლების სურვილი. თუ ჩვენი დასავლელი პარტნიორები ისეთივე კატეგორიულობით მოითხოვენ შეთანხმებას, შეიძლება ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება მოუხდეთ, მაგრამ `ქართულ ოცნებასა~ და ოპოზიციას შორის პირდაპირი დიალოგის არ მჯერა ახლა ქვეყანა სახიფათო ზღვარზეა... ამ ვითარებაში ერთ-ერთი გამოსავალი შეიძლება იყოს ხმების გადათვლა საერთაშორისო პარტნიორების დაკვირვების ქვეშ. თუ ხელისუფლება მიიჩნევს, რომ მართალია და შეცდომები ადამიანური ფაქტორით არის გამოწვეული, მაშინ რა უშლის ხელს, პოლიტიკური კრიზისის თავიდან ასაცილებლად ადგეს და ბიულეტენები ხელახლა დათვალოს?! ეს ხელისუფლების საუკეთესო ნაბიჯი იქნებოდა, ოპოზიციის საუკეთესო გადაწყვეტილება კი იქნება პარლამენტში შესვლა და ბრძოლის იქიდან გაგრძელება. ოპოზიციას შეუძლია პარლამენტში შექმნას საგამოძიებო კომისია, რომელიც არჩევნების პროცესს შეისწავლის. თუ კომისიამ დაადასტურა, რომ არჩევნები დარღვევებით ჩატარდა, მაშინ უკვე სხვა საქმეა...” - დასძენს ხუხაშვილი.

“ეს ჩაკეტვა ჩვენთვის სასიკვდილო განაჩენია... ხელისუფლება ცდილობს ოპოზიციას სამართლებრივი ჩარჩო დაარღვევინოს” - გამზარდია

“ვფიქრობ, რომ ხელისუფლების მხრიდან ეს გამოწვევა, ოპოზიციურად განწყობილი ადამიანებისთვის ერთგვარი სილის გაწვნაა”, - ასე აფასებს ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია ორშაბათიდან დიდ ქალაქებში კომენდანტი საათის შემოღებას. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით 9 ნოემბრიდან, დიდ ქალაქებში - თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში გორსა და ფოთში 22:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილება იზღუდება, როგორც ქვეითად ისე-სატრანსპორტო საშუალებებით. შეზღუდვა არ გავრცელდება შემდეგი მიმართულებით: საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვებზე; ოპერაციულ შტაბთან შეთანხმებით, იმ პირებსა და ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე, რომელთა გადაადგილება კრიტიკულად აუცილებელია სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად, მათ შორის სამედიცინო და ფარმაცევტული დანიშნულების, სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებისა და მედიის წარმომადგენლებზე და მიტანის სერვისის კურიერებზე. გამზარდიას აზრით, გადაადგილების შეზღუდვა, რომელიც დიდ ქალაქებზე დაწესდა, ნეგატიურ პოლიტიკურ ფონს შექმნის, რადგან ამით ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებში საპროტესტო განწყობას გააღვივებს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “ეს ჩაკეტვა ჩვენთვის სასიკვდილო განაჩენია... ხელისუფლება ცდილობს ოპოზიციას სამართლებრივი ჩარჩო დაარღვევინოს” - გამზარდია.

“პირველ რიგში ეს ნეგატიურ ემოციურ ფონს ქმნის, იმიტომ, რომ ხელისუფლების მხრიდან ამ გადაწყვეტილების მიღების მოტივაცია სრულიად გაურკვეველია, უფრო ზუსტად კი გაურკევეველი კი არა, გარკვეულია იმ მხრივ, რომ ეს ჯანდაცვის მართვას კი არ ემსახურება, არამედ მათი მხრიდან დამატებითი წნეხის შემოტანისა და მოსახლეობის დათრგუნვის მექანიზმია. როდესაც მოსახლეობაში საპროტესტო ემოციები იმატებს და როგორც წესი აქციების დროს ეს ემოციები უფრო ძლიერდება და საპროტესტო განწყობა ერთგარად გადამდები ხდება ხოლმე, ამ მხრივ ხელისუფლება ცდილობს, რომ თავი დაიზღვიოს და შეეცადოს, რომ მოსახლეობის ემოციების დათრგუნოს, რადგან გაპასიურებული მოსახლეობა მისთვის საშიშროებას არ წარმოადგენს. მაგრამ ეს ნეგატიურ ემოციურ ფონს გააძლიერებს. ვფიქრობ, რომ ხელისუფლების მხრიდან ეს ოპოზიციურად განწყობილი ადამიანებისთვის ერთგვარი სილის გაწვნაა, პრაქტიკულად მათ მიმართ კრიტიკულად დამოკიდებული ადამიანები გამოიწვია და შესაძლოა ხელისუფლებამ ამით ბიძგი სამართლებრივი ჩარჩოს დარღვევას მისცეს, რაც თავისთავად სასურველი არაა, იმიტომ, რომ კრიტიკულად განწყობილ მოსახლეობას და ოპოზიციას რა დარჩენია გარდა იმისა, რომ ამ რეგულაციის წინააღმდეგ წავიდეს და თავისთავად სამართლებრივ ჩარჩოდან ამოვიდეს?!”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას არჩილ გამზარდია.

“სამწუხაროდ, ხელისუფლება ოპოზიციას სხვა გამოსავალს არ უტოვებს, რაც თავისთავად ძალიან ცუდი გადაწყვეტა იქნება. ვხედავთ, რომ ხელისუფლება ამ მხრივ დინამიკას ზრდის, ჯერ მეტროზე მგზავრების კონტროლი, მერე ეს კომენტანტი საათი, შემდეგი ნაბიჯი ალბათ უფრო ზრდადი იქნება, რადგან ხელისუფლება აცხადებს - პიკი გარდაუვალიაო. მიუხედავად მძიმე ეპიდემიოლოგიურ ვითარებისა, ეს ჩაკეტვა ჩვენთვის სასიკვდილო განაჩენია. ვფიქრობ, რომ ხელისუფლებას ჯანდაცვის მართვა იმდენად არ აღელვებს, რამდენადაც მოსახლეობის ჩაკეტვა-დათრგუნვით ოპოზიციის გამოწვევა, რომ იქნებ სამართლებრივი ჩარჩო დაარღვევინოს, თან ამავდროულად ერთგვარ ძალისმიერი მართვის ხერხებზეც გადავიდეს იმიტომ, რომ ხელისუფლებას, ასე ვთქვათ, სამართლებრივი საფუძველი ექნება. თუ ადამიანი ხელისუფლების გულშემატკივარი, ან პარტიული აქტივისტი არაა, რა თქმა უნდა ვერავინ დაიჯერებს, რომ გადაადგილების შეზღუდვა, ჯანდაცვას ემსახურება. არ მგონია ვინმემ ჩათვალოს, რომ ეს ჯანდაცვას გააუმჯობესებს და ამ შეზღუდვის შედეგად ხუთ დღეში, მაგალითად, 30 ინფიცირებული გვეყოლება. გაზაფხულზე ეს ყველაფერი ჩვენთვის უცხო იყო და გვინდოდა თუ არ გვინდოდა, მათ გადაწყვეტილებას ავყევით, მაგრამ მერე ვნახეთ, რომ ამით ფინანსური თვასაზრისით ოჯახებით მძიმე მდგომარეობაში აღმოვჩნდით და ორასლარიანი დახმარება არაფრის მომცემი არ აღმოჩნდა, ამიტომ მგონია, რომ მოსახლეობის ნაწილი ამით შესაძლოა კიდევ უფრო განრისხდეს”, - დასძენს გამზარდია.

თინა ხიდაშელი - “ოპოზიცია ზუსტად ხელისუფლებასავით იქცევა - ფანატიკოსი­ მხარდამჭერების იქით არც მას აინტერესებს თავისი მოქმედებების ლეგიტიმაცია”

“ ოპოზიციამ შეცდომა დაუშვა, როცა არჩევნების მეორე დღესვე განაცხადა, რომ არ შევა პარლამენტში. ეს გადაწყვეტილება მაშინ უნდა მიიღო, როცა სხვა ყველაფერი ამოწურული გაქვს... ახლა ამის განცხადება, სტრატეგიულზე რომ არაფერი ვთქვათ, არც ტაქტიკურად არის სწორი. ვინაიდან ვითარება არაპროგნოზირებადია, შესაძლოა ხელისუფლება იმდენად ჭკვიანურად მოიქცეს, რომ ოპოზიციას შანსი არ დაუტოვოს, ან პირიქით, სულაც გაამყაროს მისი თუნდაც რადიკალური ქმედებები და საზოგადოებამ იფიქროს, ოპოზიცია მართალი ყოფილა, ხელისუფლებასთან საუბარს აზრი არ ჰქონიაო. ოპოზიციამ ფუნდამენტური შეცდომა დაუშვა პარლამენტში შესვლაზე უარის თქმით - ამით ის თავის ამომრჩეველს პარლამენტში წარმომადგენლობის გარეშე ტოვებს, არადა, ეს არის დემოკრატიის მთავარი პრინციპი”, - აცხადებს ორგანიზაცია “სამოქალაქო იდეის” დამფუძნებელი თინა ხიდაშელი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ერთმანეთის პირისპირ რქებით დგანან და ელოდებიან, რომელს უფრო ადრე მოსტყდება რქა” / “ოპოზიცია მონაწილეობდა ამ არჩევნებში, მათ შორის კომისიებში და ახლა იმაზე ყვირილი, ამ კომისიებში დავას აზრი არა აქვსო, არასერიოზულია...”

“თუ მიაჩნიათ, რომ საარჩევნო პროცესი დაირღვა, სამართლებრივი ბერკეტები უნდა გამოიყენონ და არგუმენტი, რა აზრი აქვს საარჩევნო კომისიებში დავებზე დასწრებას ან სასამართლოში საქმის აღძვრასო, მიუღებელია თუნდაც იმ მიზეზით, ამ უწყებას აღარავინ ენდობაო. ოპოზიცია მონაწილეობდა ამ არჩევნებში, მათ შორის კომისიებში და ახლა იმაზე ყვირილი, ამ კომისიებში დავას აზრი არა აქვსო, არასერიოზულია. საქმის ასე დაწყება, მანდატებზე უარს ვამბობთ და რიგგარეშე არჩევნები უნდა დაინიშნოსო, უპასუხისმგებლობაა. გარდა ამისა, ხელისუფლების შეცვლის საკითხი დგება მაშინ, როცა არგუმენტის მოყვანის ნაცვლად ძალის ენაზე იწყებს ლაპარაკს, რა დროსაც ხალხი ალტერნატიული ძალის ძებნას იწყებს. მას შეუვალი მმართველობა კი არა, დიალოგის, მსჯელობის, კამათისთვის, გნებავთ, კამათით ჩხუბისთვის მზად მყოფი გუნდი სჭირდება. ახლა კი მძიმე რეალობა გვაქვს... ამომრჩევლის თვალით შევხედოთ: ცხრა პოლიტიკური პარტია შევიდა პარლამენტში, მაგრამ გამოსავლის ძიებისა და პოვნის უნარი არც ერთს არ აღმოაჩნდა”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თIნა ხიდაშელი.

“ერთმანეთის პირისპირ რქებით დგანან და ელოდებიან, რომელს უფრო ადრე მოსტყდება რქა. აი, ეს არის არაცივილიზებულობისა და პოლიტიკური კულტურის უქონლობის კლასიკური ნიმუში. ხელისუფლება იმდენად უპასუხისმგებლოდ იქცევა, მასზე არც ღირს ლაპარაკი. მისი სიჯიუტე და სირაქლემის პოზა იმედისმომცემიც აღარაა. მე ოპოზიციაზე ვსაუბრობ, რომელიც გვეიმედება და ვგულშემატკივრობ, მიუხედავად იმისა, რომ შეცდომებს უშვებს. ოპოზიცია ახლა ზუსტად ხელისუფლებასავით იქცევა - ფანატიკოსი­ მხარდამჭერების იქით არც მას აინტერესებს თავისი მოქმედებების ლეგიტიმაცია. არადა, არსებობს ძალიან დიდი სეგმენტი, რომელიც არც “ნაცებს” ემხრობა და არც “ქოცებს”. ამის მიუხედავად, ჯიუტად დგას თავის ნათქვამზე, თითქოს მხოლოდ მან იცის, სწორად როგორ მოიქცეს”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ჩემთვის ყველაზე მიუღებელი არგუმენტია, რა შეიცვლებოდა, პარლამენტში რომ შევსულიყავითო. დავუშვათ, არ გაყალბებულიყო არჩევნები და ოპოზიცია მაინც უმცირესობაში დარჩენილიყო, პარლამენტში არ შევიდოდნენ? დემოკრატიის ანაბანაა, ვიღაც უმრავლესობაშია, ვიღაც უმცირესობაში და თუ უსამართლოდ ხარ უმცირესობაში, ეს სამართლებრივად უნდა დაამტკიცო. არჩევნების შედეგი ცესკომ ან სასამართლომ უნდა გააუქმოს. სამართლებრივი პროცესი აქამდეც უნდა დაეწყოთ. რა დროს მანდატების დაყრა და თურქმენბაშის ანალოგებია. თუ ვინმეს რევოლუციური სცენარი სურს, ჯერ გაარკვიოს, რევოლუცია რა არის. ვიღაცებს ამაზე მცდარი წარმოდგენა აქვთ, ისევე, როგორც “ვარდების რევოლუციაზე”. ზოგს ჰგონია, რევოლუცია იმიტომ მოხდა, რომ ხალხი პარლამენტში შევარდა, სინამდვილეში რამდენიმე პროცესი ერთდროულად მოხდა: შევარდნაძე გადადგა; მე და ზურაბ ჭიაბერაშვილმა, როგორც სადამკვირვებლო მისიების ხელმძღვანელებმა, სასამართლო მოვიგეთ - გადაწყვეტილებაში ჩაიწერა, რომ არჩევნების შედეგები გაუქმდა. ამიტომ შეიცვალა ხელისუფლება და არა ვიღაცის პარლამენტში შევარდნის გამო”, - განმარტავს თინა ხიდაშელი.

“თუ რევოლუციურ სცენარზე ფიქრობენ, ვიღაცამ უნდა დაწეროს, რომ არჩევნები არ შედგა, ან ცესკომ არ უნდა შეაჯამოს შედეგები, ან შემაჯამებელი ოქმი სასამართლომ უნდა გააუქმოს. თუ ამბობენ, ამ სასამართლოს არ ვენდობითო, რასაც მეც ვეთანხმები, შევახსენებ, როგორი იყო შევარდნაძის დროინდელი სასამართლო, მაგრამ ჩვენ ისეთი არგუმენტები, უტყუარი მტკიცებულებები გვქონდა, კრიმინალური საქმეებით სახელმოხვეჭილმა მოსამართლემაც ვერ დახუჭა თვალი. მე აქციების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, პირიქით, აუცილებელია გაბრაზებული ხალხის მოსმენა, მაგრამ ოპოზიციის ბრძოლა შედეგიანი იქნება მაშინ, თუ აქციები სამართლებრივ ბრძოლასთან ერთად მიმდინარეობს. ხშირად იხსენებენ 2008 წლის შემთხვევას, რომელთანაც ზოგიერთი პარალელს იმიტომ ავლებს, რომ ოპოზიციის მარგინალიზაცია სურს. სხვებს კი, ალბათ, იმის ჩვენება, თუ ხელისუფლებას მარტო დავტოვებთ, ისევე გაგიჟდება, როგორც სააკაშვილიო. სინამდვილეში 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ სააკაშვილი არალეგიტიმური მმართველი იყო და როცა კიდევ ერთი არჩევნები მოიპარა და იმ დროს ოპოზიცია და ხალხი ქუჩაში გამოვიდნენ, ყველამ, მათ შორის ჩვენმა არაკეთილმოსურნეებმაც, დაინახეს, რომ ეს კაცი, რომელიც ხელისუფლებაში “ვარდების რევოლუციამ” მოიყვანა, უკვე ერთ მოწყვლად ადამიანად იყო გადაქცეული”, - ამბობს “სამოქალაქო იდეის” დამფუძნებელი.

“ამ დროს კი მტერსა და მოყვარესაც ჰგონიათ, რომ ასეთ ხელისუფალს როგორც სურს, ისე შემოარტყამს. ამის შედეგი იყო ბუქარესტის სამიტი, მერე 2008 წლის აგვისტოს ომი. ეს არ უნდა დაავიწყდეს ოპოზიციას სწორედ მაშინ, როცა ამაყად გამოდის პარტიული ინტერესით მოტივირებული განცხადებებით. არალეგიტიმური და მარტო დარჩენილი ხელისუფლება მტრის ადვილი სამიზნე ხდება. იმედია, არსებობს რამდენიმე პოლიტიკური ძალა, რომლებსაც ეს საფრთხე გაცნობიერებული აქვს და მათ მივმართავ - იფიქრონ ამაზე”, - მიიჩნევს რესპონდენტი და შეკითხვაზე - “მინდია უგრეხელიძის მოსაზრებას, რომ “ნაციონალებისა” და “ევროპული საქართველოს” მანდატები სხვა პარტიებზე გადანაწილდეს, მწვავე განხილვა მოჰყვა. შესაძლებელია მსგავსი რამ?” - პასუხობს:

“წარმოუდგენელია, ამაზე ლაპარაკიც ზედმეტია. გამოდის, ისევ “დიად კომუნიზმში” დავბრუნდებით და მგონი, ეს არავის სურს. იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიციამ პირი შეკრა და პარლამენტში არ შევიდა, უნდა გავიხსენოთ”ძველლეიბორისტული” და “ძველდანარჩენული” მოდელი. კერძოდ, 2008 წელს ეკა ბესელიამ, “ახალმა მემარჯვენეებმა” და სხვებმა პარლამენტში შესვლაზე უარი თქვეს, ნაწილმა მანდატებიც დაჭრა, ანუ ფიზიკურად და სამართლებრივადაც უარი განაცხადეს, შესაბამისად, რამდენიმე დეპუტატი გამოაკლდა საკანონმდებლო ორგანოს. ლეიბორისტები ბოიკოტის რეჟიმში იყვნენ, ანუ დეპუტატებად ითვლებოდნენ, პარლამენტში არ დადიოდნენ და უმრავლესობაზე მათი “არსებობა” გავლენას ახდენდა... ასე რომ, თუ ახლა გაერთიანებული ოპოზიცია პარლამენტში არ შევა, გასარკვევი იქნება, ვინ დარჩება დეპუტატად. ამიტომ ვეკითხები ოპოზიციას: არჩევნები სამართლიანად რომ ჩატარებულიყო და მაინც წაგეგოთ, პარლამენტში გადაწყვეტილებების მიღებაზე გავლენა ხომ არც მაშინ გექნებოდათ და მაშ, რატომღა მონაწილეობდით არჩევნებში? ან იქნებ ლელა კაკულიამ გითხრათ, 77 დეპუტატზე მეტი იქნებითო. გარდა ამისა, ამჟამად “ქართულ ოცნებას” იმდენი ხმა არა აქვს, რომ მთავრობა შექმნას და მათ­ვის უბრძოლველად დათმობილი მეორე ტურები ამ უფლების ჩუქებაა”...

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა