არასამთავრობოები - ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს დემონსტრანტების წინააღმდეგ სამართალდამცავების ქმედება - მოვუწოდებთ როგორც მმართველ, ისე ოპოზიციურ პარტიებს, დაიწყონ მოლაპარაკებები

ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს 8 ნოემბრის ღამეს ცესკოს წინ შეკრებილი დემონსტრანტების წინააღმდეგ სამართალდამცავების ქმედება, რამაც არსებული მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა, - ამის შესახებ განცხადებას არასამთავრობო ორგანიზაციები ავრცელებენ, რითაც 8 ნოემბერს, ცესკოს შენობასთან მიმდინარე აქციის წყლის ჭავლით დაშლას ეხმაურებიან.

ამასთან, არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ როგორც მმართველ, ისე ოპოზიციურ პარტიებს დაიწყონ მოლაპარაკებები, მათ შორის საერთაშორისო საზოგადოების მედიაციით, ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის მიზნით.

„2020 წლის 31 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეები საქართველოს პარლამენტს ახალი საარჩევნო სისტემით ირჩევდნენ. პროპორციულთან მიახლოებული საარჩევნო სისტემის მიღება საზოგადოების მრავალწლიანი ბრძოლის შედეგად გახდა შესაძლებელი და ქმნიდა წინაპირობას ახალი და შედარებით მცირე პოლიტიკური პარტიების პარლამენტში შესვლით, საკანონმდებლო ორგანო უფრო მრავალფეროვანი გამხდარიყო, დასრულებულიყო პოლიტიკური პოლარიზაცია, გაზრდილიყო საქართველოს პარლამენტის მთავრობაზე ზედამხედველობის ეფექტურობა, რაც თავის მხრივ დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას შეუწყობდა ხელს. პანდემიის მიუხედავად, 31 ოქტომბერს საარჩევნო უბნებზე თავისი ნების გამოსახატად 1 970 540 ამომრჩეველი გამოცხადდა, რაც 2012 წლის არჩევნების შემდეგ უპრეცედენტო რაოდენობაა და განსაკუთრებით დასაფასებელია. სამწუხაროა, რომ როგორც წინასაარჩევნო პერიოდი, ისე არჩევნების დღე და ხმის დათვლის პროცესი მრავალრიცხოვანი დარღვევების ფონზე მიმდინარეობდა. წინასაარჩევნო პერიოდში ფაქტიურად გამქრალი იყო ზღვარი მთავრობასა და მმართველ პარტიას შორის; მრავლად იყო ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შემთხვევები; სამართალდამცავი ორგანოების ქმედებებში იკვეთებოდა სავარაუდო პოლიტიკური გავლენები როგორც საარჩევნო დარღვევების გამოძიების, ასევე პოლიტიკურად მოტივირებული გამოძიების დაწყების კუთხით, რისი თვალსაჩინო მაგალითიცაა ე.წ. „კარტოგრაფების საქმე“ - პოლიტიკური დივიდენდების მისაღებად და ოპონენტების დისკრედიტაციის მიზნით, მაღალი ალბათობით ხელისუფლებამ ამ საქმეზე ორი უდანაშაულო პირი დააპატიმრა. არჩევნების დღე გამოირჩეოდა სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებზე და ჟურნალისტებზე თავდასხმის, ამომრჩევლის მოსყიდვის, საარჩევნო უბნების გარეთ დაპირისპირების ინციდენტების სიმრავლით. Სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა შემაჯამებელ ოქმებში დაფიქსირებული უზუსტობები, კერძოდ დისბალანსის მაღალი მაჩვენებელი, რაც ბოლო რამდენიმე არჩევნებზე არ დაფიქსირებულა, გადასწორებები, შესწორების ოქმების გაუმჭვირვალედ და ობიექტური შესწავლის გარეშე შედგენა. ამ პრობლემების ფონზე, საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ უბნების შედეგების გადათვლის შესახებ საჩივრების დაკმაყოფილებაზე დაუსაბუთებელი უარი და მთელი რიგი სხვა გარემოებები საზოგადოების დიდ ნაწილში არჩევნების შედეგების სანდოობასთან და ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით სერიოზულ კითხვებს აჩენს.

აღნიშნული გარემოებების გამო, ოპოზიციამ მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი განაცხადა და მომავალი პარლამენტის ბოიკოტირების გზა ერთსულოვნად აირჩია.

ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს 8 ნოემბრის ღამეს ცესკოს წინ შეკრებილი დემონსტრანტების წინააღმდეგ სამართალდამცავების ქმედება, რამაც არსებული მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა. მიუხედავად იმისა, რომ 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები საქართველოსთვის აშკარად უკან გადადგმული ნაბიჯი და „ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში ჩატარებული ყველაზე ცუდი არჩევნები იყო, მიგვაჩნია, რომ ჯერ კიდევ არსებობს შანსი იმისა, რომ პოლიტიკური დიალოგის გამოყენებით ჩიხური სიტუაციიდან გამოსავალი მოიძებნოს.

მოვუწოდებთ როგორც მმართველ, ისე ოპოზიციურ პარტიებს დაიწყონ მოლაპარაკებები, მათ შორის საერთაშორისო საზოგადოების მედიაციით, ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის მიზნით. საქართველოს სტაბილურობისთვის მნიშვნელოვანია პოლიტიკოსებმა მოლაპარაკების მაგიდასთან გადაწყვიტონ პრობლემური უბნების კონკრეტული კრიტერიუმებით გადათვლისა და მეორე ტურების სამართლიანად ჩატარების საკითხები. მნიშვნელოვანია ყველა მხარემ მაქსიმალური ძალისხმევა გასწიოს, რომ ქვეყანას ავაცილოთ უმძიმესი პოლიტიკური კრიზისი, რასაც კიდევ უფრო ამძიმებს მზარდი პანდემია და ეკონომიკური რეცესია. დარწმუნებულები ვართ, რომ ეს მცდელობა აუცილებელია და ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებში შედის. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ამ რთულ დროს ჩვენი ქვეყნის განვითარება არ შეფერხდეს“, - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ: საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო (TI), ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA) , სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED).

იხილეთ ვიდეო: არასამთავრობოები - ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს დემონსტრანტების წინააღმდეგ სამართალდამცავების ქმედება

ზვიად კირტავა - მთავარი მიზანი მაინც არის ინფიცირების ჯაჭვის გაწყვეტა და შემთხვევების შემცირება, ამის მიღწევის გარეშე საწოლების და პერსონალის კიდევ გაზრდაც ვერ აგვაცილებს ჯანდაცვის სისტემის გადატვირთვას
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2020
ვანო მაჭავარიანი - თუ ხელისუფლება და ოპოზიცია კოალიციური მმართველობის რაღაც ფორმაზე არ შეთანხმდნენ, ეს საქართველოსთვის უკეთესი პერსპექტივის ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა იქნება
საახალწლო შეთავაზება მრავალფუნქციური კომპლექსისგან "მოედანი"
ზოომარტი ექსკლუზიურად Wolt-ზე
თანამედროვე, მარტივი და უსაფრთხო ახალი ინტერნეტბანკინგი "პროკრედიტ ბანკის" მომხმარებლებისთვის