ირაკლი სესიაშვილი - კეთილი ინებონ უტიფარმა პოლიტიკოსებმა, რომლებიც ასე მარტივად მოუწოდებენ მხარდამჭერებს ძალადობისა და სადღაც შეჭრისკენ, პასუხისმგებლობა აიღონ

ჩვენი ოპონენტები უკვე გადავიდნენ ბრძოლის ახალ ეტაპზე - ისინი ებრძვიან არა ხელისუფლებას ან „ქართულ ოცნებას“, არამედ ებრძვიან სახელმწიფოსა და სახელმწიფო ინსტიტუტებს, - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლიმ სესიაშვილმა ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რა რეაგირება ექნება ხელისუფლებას, თუ აქციის მონაწილეები დღეს აკრძალვის შესაბამისად 22:00 საათისთვის არ დაიშლებიან.

სესიაშვილის განმარტებით, ოპოზიციის წარმომადგენლები კანონმდებლობის წინააღმდეგ მიდიან და ამ შემთხვევაში, შესაბამისი სახელმწიფო ინსტიტუტები კანონის შესაბამისად იმოქმედებენ.

„სადაც იქნება დარღვევა, იქ მოხდება ძალიან ცივილიზებულად ამ დარღვევაზე ადეკვატური რეაგირება. მე მოვუწოდებ, დაიცვან საკუთარი თავი, ჯანმრთელობა, გაუფრთხილდნენ ერთმანეთს - პოლიტიკური საკითხები უნდა წყდებოდეს დიალოგის გზით და არა იმის მცდელობით, რომ საკუთარი ძალის დემონსტრირება მოახდინო, რაც, რა თქმა უნდა, მიუღებელია ცივილიზებული პოლიტიკური პროცესისთვის“, - განაცხადა სესიაშვილმა.

მისი შეფასებით, იმ პირობებში, როდესაც გუშინ აქციის მონაწილეები ძალადობრივი გზით ცდილობდნენ ცესკო-ს ტერიტორიაზე შეჭრას, სამართალდამცველებმა გამოიყენეს პროპორციული ძალა.

„პირველ რიგში, ყველამ ერთად, ჩვენმა მოქალაქეებმა, საზოგადოებამ, პირდაპირ ეთერში თვალყური ადევნა მოვლენებს და ყველამ დაინახა, რომ ადგილი ჰქონდა შენობაში შეჭრის მცდელობას. ღობე მოანგრიეს, ქვები ესროლეს პოლიციელებს და იყო მცდელობა, რომ ძალადობით შეჭრილიყვნენ შენობაში, რა დროსაც, პოლიცია, რა თქმა უნდა, იმოქმედებდა კანონის შესაბამისად. მე მიკვირს, როდესაც უტიფარი პოლიტიკოსები აკეთებდნენ განცხადებას, რომ რა მოხდა შესულიყვნენო. ეს ნიშნავს, რომ მათ გააზრებული არ აქვთ, რომ ამ ქვეყანაში კანონის უზენაესობაა და მაშინ, როდესაც კანონი ირღვევა, სახელმწიფო უნდა მოქმედებდეს. მაგრამ თავიანთი პოლიტიკური ამბიციებისა და ხელისუფლებაში მოსვლისთვის, აბსოლუტურად ყველა ძირითად პრინციპს უგულებელყოფენ, რაზეც დგას ქვეყანა - ქვეყანა დგას კანონზე, უსაფრთხოებასა და სტაბილურობაზე და სწორედ ეს აწუხებთ მათ. ამიტომ, რაც ჩვენ ვნახეთ ეს იყო აბსოლუტურად ადეკვატური პროპორციული მოქმედება პოლიციის მხრიდან. თუ ვინმე დაშავდა, მათ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ, მაგრამ კეთილი ინებონ და ამ უტიფარმა პოლიტიკოსებმა, რომლებიც ასე მარტივად მოუწოდებენ საკუთარ მხარდამჭერებს ძალადობისა და სადღაც შეჭრისკენ, პასუხისმგებლობა აიღონ“, - განაცხადა სესიაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო