მამუკა ტუსკაძე - მინდა მოვუწოდო „ლელოს“ და ალეკო ელისაშვილს, ახალ პოლიტიკურ ძალთა გაერთიანებას სათავეში ჩაუდგნენ

პროტესტი უნდა გამოვხატოთ არა რევოლუციური გზით, არა შტურმით და ქვების სროლით, არამედ მშვიდობიანი ფორმით, - ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „სოციალური სამართლიანობისთვის“ ლიდერმა, მამუკა ტუსკაძემ განაცხადა, რითაც ბარიერგადალახულ ახალ პარტიებს ახალი გაერთიანების ორგანიზებისკენ და მშვიდობიანი საპროტესტო მოქმედებისკენ მოუწოდებს.

მისი თქმით, სხვა ახალ პარტიებთან ერთად, ის და მისი გუნდი მზადაა, სამართლიანობისთვის მათივე ლიდერობის ფონზე იბრძოლოს.

„მინდა მოვუწოდო „ლელოს“ და ალეკო ელისაშვილს, სათავეში ჩაუდგნენ ახალ პოლიტიკურ ძალთა გაერთიანებას. ჩვენ მზად ვართ, ვიბრძოლოთ მათი ლიდერობით, გამოვიყენოთ ჩვენი ყველა, მათ შორის, ადამიანური რესურსი, დავუთმოთ საერთო საქმეს თუნდაც ეს ოფისი და სამართლიანობა მოვითხოვოთ არა რევოლუციით, შტურმით და ქვების სროლით, არამედ მშვიდობიანი გზით“, – განაცხადა მამუკა ტუსკაძემ.

მისივე განმარტებით, პროტესტის გამოხატვა კანონის ფარგლებში სხვადასხვა გზით, მათ შორის, უკიდურესი ფორმით – შიმშილობითაც არის შესაძლებელი.

„არსებობს ბრძოლის სამართლებრივი გზებიც და ჩვენ ამ გზით უნდა ვიაროთ. დარწმუნებული ვარ, არც „ლელოს“, არც ელისაშვილს არ მოსწონს ძალადობრივი მოქმედებები. ამიტომ, ვთხოვთ, გაემიჯნონ დამნაშავე რეჟიმს და უსამართლობას ვებრძოლოთ ისე, რომ საფრთხე არ შევუქმნათ მოქალაქეებს. ჩვენ, შეიძლება, ძალიანაც გვინდა, გავიდეთ და დავდგეთ აქციაზე ჩვენი ხმების დასაცავად, მაგრამ ვერ ვაბიჯებთ მორალურ ღირებულებებს, ვერ ვივიწყებთ იმ დანაშაულებს, რასაც წლების განმავლობაში სჩადიოდა დამნაშავე რეჟიმი. ვერ დავიცავთ ხმებს მათთან ერთად, ვინც თავის დროზე თვითონვე აყალბებდა არჩევნებს. ამას ემატება გამწვავებული ეპიდვითარებაც. ჩვენ ვერ გადავაყოლებთ ვიწრო პარტიულ ინტერესებს ადამიანების სიცოცხლეს. ვერავის დავაყენებთ რისკის ქვეშ. ასე უნდა მოიქცეს ყველა პასუხისმგებლიანი ორგანიზაცია.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ „ლელოსაც“ და ალეკო ელისაშვილსაც, ჩაუდგნენ სათავეში ახალ მოძრაობას და მათივე ლიდერობით, ერთად ვიბრძოლოთ ერთიანი მიზნისთვის. ჩვენს პოლიტიკურ პარტიებს ერთი რამ ნამდვილად აერთიანებთ – პოლიტიკურ ჭრილში ვერავინ ვერაფერს წამოგვაძახებს“, – აღნიშნა მამუკა ტუსკაძემ.

აღნიშნულ ინფორმაციას პარტია „სოციალური სამართლიანობისთვის“ პრესსამსახური ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო