ნიკოლოზ სამხარაძე - მოვუწოდებთ ოპოზიციურ პარტიებს, იმოქმედონ კანონის ფარგლებში, დაუბრუნდნენ კონსტრუქციულ მიდგომებს და საფრთხის ქვეშ არ დააყენონ ქვეყანაში სახელმწიფო ინსტიტუტები, დემოკრატია და კანონის უზენაესობა

მოვუწოდებთ ოპოზიციურ პარტიებს, იმოქმედონ კანონის ფარგლებში, დაუბრუნდნენ კონსტრუქციულ მიდგომებს და საფრთხის ქვეშ არ დააყენონ ქვეყანაში სახელმწიფო ინსტიტუტები, დემოკრატია და კანონის უზენაესობა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრმა ნიკოლოზ სამხარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ეუთოს სადამკვირვებლო მისია მოუწოდებს აქციის ყველა მონაწილე მხარეს, დაიწყოს კონსტრუქციული დიალოგი არსებული პოლარიზაციის დასაძლევად.

„გვსურს გამოვეხმაუროთ ეუთოს სადამკვირვებლო მისიის დღევანდელ განცხადებას, რომელშიც ეუთო მოუწოდებს ერთის მხრივ დემონსტრანტებს თავი შეიკავონ ძალადობისგან და მეორეს მხრივ ხელისუფლებას, რომ უზრუნველყოს მოქალაქეების მიერ მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის უფლების დაცვა.

ეუთო კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ გარემოში და ყველა ფუნდამენტური უფლება არჩევნებისას იყო დაცული. მისია შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით. იგი მიესალმება მოქალაქეების მიერ გამოხატვის თავისუფლების უფლების გამოყენებას, თუმცა აღნიშნავს, რომ ძალადობრივი ქმედებები მიუღებელია და მოთმენას არ ექვემდებარება. ეუთო მოუწოდებს დემონსტრანტებს, რომ აქციები ჩატარდეს მშვიდობიანად ხოლო პოლიციას სიფრთხილის გამოჩენისკენ.

სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი დაჟინებით მოუწოდებს ყველა მონაწილე მხარეს, დაიწყონ კონსტრუქციული დიალოგი, არსებული პოლარიზაციის დასაძლევად და ითანამშრომლონ სტაბილური პოლიტიკური გარემოს შესაქმნელად, ასევე გაითვალისწინონ საერთაშორისო საზოგადოების გზავნილები.

მისია მხარს უჭერს ცესკოს მიერ მართულ ინკლუზიურ პროცესს, რომელიც მიმართულია სავარაუდო საარჩევნო დარღვევების აღმოსაფხვრელად.

განცხადებაში ასევე გამოთქმულია იმედი, რომ ყველა პოლიტიკური პარტია გამოიჩენს მაქსიმალურ თავშეკავებას და პასუხისმგებლობას ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტების შენებისა და მათ მიმართ საზოგადოებრივი ნდობის განმტკიცების მიზნით.

ჩვენ, სრულად ვიზიარებთ ამ განცხადების სულისკვეთებას და მოვუწოდებთ ოპოზიციურ პარტიებს, იმოქმედონ კანონის ფარგლებში, დაუბრუნდნენ კონსტრუქციულ მიდგომებს და საფრთხის ქვეშ არ დააყენონ ქვეყანაში სახელმწიფო ინსტიტუტები, დემოკრატია და კანონის უზენაესობა.

ეს არის კიდევ ერთი გზავნილი საერთაშორისო საზოგადოებისგან მთელ ქართულ პოლიტიკურ სპექტრს, რომ დაუბრუნდნენ კონსტიტუციურ, კანონიერ ჩარჩოებს“, - განაცხადა სამხარაძემ.

ცნობისთვის, საქართველოში ეუთოს საარჩევნო მისიის ლიდერები დემონსტრანტებს ძალადობისგან თავშეკავებისკენ, ხელისუფლებას კი შეკრებისა და გამოხატვის ძირითადი თავისუფლებების პატივისცემისკენ მოუწოდებენ.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა