არასამთავრობო ორგანიზაციები - „კომენდანტის საათის“ დაწესება საქართველოს მთავრობის დადგენილებით არის არაკონსტიტუციური

კომენდანტის საათის დაწესება საქართველოს მთავრობის დადგენილებით არის არაკონსტიტუციური, - ამის შესახებ GDI-ის, ISFED-ის და HRC-ის ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ეს ნაბიჯი აღიქმება, როგორც მიმდინარე საპროტესტო ტალღის ჩახშობის მცდელობა.

„GDI, ISFED და HRC ვეხმაურებით საქართველოს მთავრობის მიერ გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით მიღებულ ზომებს და მიგვაჩნია, რომ კომენდანტის საათის დაწესება საქართველოს მთავრობის დადგენილებით არის არაკონსტიტუციური, ვინაიდან გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის საკანონმდებლო უფლებამოსილება საქართველოს მთავრობას არ გააჩნია. მეტიც, ეს ნაბიჯი აღიქმება, როგორც მიმდინარე საპროტესტო ტალღის ჩახშობის მცდელობა, საკუთრივ ამგვარი აკრძალვა კი არ წარმოადგენს ლეგიტიმური მიზნის მიღწევისათვის ეფექტურ, აუცილებელ და პროპორციულ საშუალებას.

საქართველოს მთავრობის დადგენილებით 9 ნოემბრიდან შეიზღუდა დიდ ქალაქებში: თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში 22 საათიდან დილის 5 საათამდე პირთა გადაადგილება (როგორც ქვეითად, ასევე - სატრანსპორტო საშუალებით) და საჯარო სივრცეში ყოფნა. ამასთან, აღნიშნული შეზღუდვა გავრცელდა წინასაარჩევნო კამპანიაზეც (აგიტაციაზე). ზემოთ აღნიშნული შეზღუდვა თავისი არსით წარმოადგენს სწორედ კომენდანტის საათს, რომლის ფარგლებშიც ხდება გადაადგილების თავისუფლების ინტენსიური შეზღუდვა.

განსახილველი შეზღუდვის საკანონმდებლო საფუძველს ერთი შეხედვით „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ" საქართველოს კანონის 453-ე მუხლი წარმოადგენს, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 22 მაისს დაჩქარებული წესით მიიღო, რათა საქართველოს მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგაც ჰქონოდა საფუძველი, შეეზღუდა ადამიანის მთელი რიგი უფლებები. GDI-მ ჯერ კიდევ 20 მაისს გამოაქვეყნა განცხადება, სადაც აღნიშნავდა, რომ კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვის მთლიანად მთავრობაზე დელეგირება, ისე რომ თავად კანონი არ განსაზღვრავს უფლების შეზღუდვის წინაპირობებსა და მასშტაბს, ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მოთხოვნებს და საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ სტანდარტებს.[1] მიუხედავად არასამთავრობო სექტორის არაერთი მცდელობისა, საქართველოს პარლამენტს გამოესწორებინა პრობლემები, რომლებსაც აღნიშნული მუხლის მოქმედება ქმნის, მმართველ ძალას საამისო პოლიტიკური ნება არ გამოუჩენია.

საქართველოს მთავრობის მიერ 9 ნოემბრიდან კომენდატის საათის დაწესება კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ" საქართველოს კანონის 453-ე მუხლი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და აღმასრულებელ ხელისუფლებას თვითნებობისა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შესაძლებლობას აძლევს. კონსტიტუციური მოთხოვნების და საერთაშორისო სტანდარტების საპირისპიროდ, საქართველოს მთავრობამ ფაქტობრივად ჩაანაცვლა კანონმდებელი და ყოველგვარი საჯარო დისკუსიებისა და განხილვის გარეშე, ხელისუფლების დანაწილების პრინციპის დარღვევით, შემოიღო ახალი, მაღალი ინტენსივობის შეზღუდვა.

ხაზგასასმელია, რომ კომენდანტის საათის დაწესება, მისი ინტენსივობიდან გამომდინარე, როგორც წესი საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ხდება ხოლმე და მას თან ახლავს მკაცრად გაწერილი სტანდარტები და წინაპირობები. აღნიშნული განპირობებულია იმით, რომ თავისი ბუნებით, კომენდანტის საათი ზღუდავს არამხოლოდ გადაადგილების თავისუფლებას, არამედ უარყოფითი ეფექტი აქვს მთელ რიგ სხვა კონსტიტუციურ უფლებებზე, მათ შორის თავისუფლების ხელშეუხებლობაზე. ამ მხრივ გასათვალისწინებელია „საგანგებო მდგომარეობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მეორე პუნქტი, რომლის თანახმადაც, კომენდანტის საათის დამრღვევ პირებს „დააკავებს პოლიცია ან პატრული კომენდანტის საათის დამთავრებამდე, ხოლო ვისაც თან დოკუმენტები არა აქვს, მათი პიროვნების დადგენამდე, მაგრამ არა უმეტეს 3 დღისა; დაკავებულნი შეიძლება პირადად გაისინჯონ, აგრეთვე გაუსინჯონ ნივთები." მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული კანონი საგანგებო მდგომარეობის არარსებობის გამო არ მოქმედებს, სავარაუდოა, რომ საქართველოს კანონმდებლობაში არსებული ზოგადი ნორმების გამოყენებით სამართალდამცავები მიღებული აკრძალვის დარღვევისათვის შესაბამის პირებს შეუზღუდავენ თავისუფლებას, რაც ასევე არაკონსტიტუციური იქნება.

გაზაფხულზე, საგანგებო მდგომარეობის პერიოდში დაწესებული კომენდატის საათი GDI-ს, ISFED-ის და HRC-ის მიერ უკვე შეფასდა უარყოფითად და არაკონსტიტუციურად.[2] მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე პერიოდში ეპიდსიტუაცია გაუარესებულია, აღნიშნული ზომა მაინც არ წარმოადგენს ლეგიტიმური მიზნის - საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეფექტურ, აუცილებელ და პროპორციულ საშუალებას.

მეტიც, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების ფონზე, ეს აღიქმება ხელისუფლების მცდელობად, ხელი შეუშალოს დემოკრატიულ პროცესებს და ებრძოლოს არა COVID-19-ის გავრცელებას, არამედ - იმ საპროტესტო ტალღას, რომელსაც უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში ვადევნებთ თვალს. ამას განსაკუთრებით მიანიშნებს ის ფაქტი, რომ კომენდანტის საათის მოქმედება გავრცელდა წინასაარჩევნო კამპანიაზეც (აგიტაციაზე), მაშინ როდესაც წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები საქართველოს მთავრობის მიერ დაწესებული სხვა შეზღუდვებისგან გამონაკლის წარმოადგენს.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს არაკონსტიტუციური ღონისძიებების გამოყენება და ვიწრო პოლიტიკური ინტერესების მისაღწევად COVID-19-ით შექმნილი ეპიდსიტუაციით მანიპულირება“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ლევან დოლიძე - ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აქტიურობა და ყველა იმ ინიციატიის განხილვა, რაც ჩვენი უსაფრთხოების გაძლიერების ახალ და ეფექტიან მექანიზმებს შექმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 26.11.2020
ზაალ ანჯაფარიძე - შესაძლოა, დასავლეთს არ ეპიტნავებოდეს „ქართული ოცნება,“ მაგრამ მან დაამტკიცა, რომ შეუძლია პარტნიორობაც და სტაბილურობის უზრუნველყოფაც, რაც დასავლეთისთვის პრიორიტეტულია
კოვიდ-19 პანდემიის ფონზე თანამედროვე საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის სამართლებრივი პრობლემები და პერსპექტივები
ახალი Economy და Isolated კატეგორიები Bolt-ის აპლიკაციაში
ექსპოჯორჯია აგრო ექსპორტის ფორუმს ონლაინ, B2B ფორმატში გამართავს
„9 შავი პარასკევი“ ექსტრაზე Mastercard-ისგან
კრედო ბანკმა ევროპის განვითარების წამყვანი ფინანსური ინსტიტუტის - PROPARCO-სგან 5 მილიონი დოლარის ფინანსური რესურსი მოიზიდა
ლიბერთის აქცია #გულით პედაგოგებისთვის გრძელდება
„ვისოლის“ თვითმომსახურების სადგურზე „სმარტის“ სუპერმარკეტი და „დანკინის” ევროპაში პირველი Drive-Thru რესტორანი გაიხსნა
ათეა გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან გლობალურ კამპანიას უერთდება