სომხეთის თავდაცვის უწყება - ომი მთავრდება, არმიამ თავისი საქმე გააკეთა, მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ ისეთი ქმედებებისგან, რაც სახელმწიფოებრიობას ძირს გამოუთხრის

სომხეთის თავდაცვის სამინისტრო და გენშტაბი განცხადებას ავრცელებენ. ადგილობრივი მედიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ უწყებები მოუწოდებენ ყველას, „თავი შეიკავონ ისეთი ქმედებებისგან, რაც სახელმწიფოებრიობას ძირს უთხრის“.

„27 სექტემბერს არცახის წინააღმდეგ ომი დაიწყო, რომელიც უპრეცედენტო იყო, მასში ჩართული ძალებისა და შეიარაღების ტიპების კუთხით. ეს უპრეცედენტო იყო იმ თვალსაზრისითაც, რომ ჩვენი არმია ფაქტობრივად ებრძოდა არა მხოლოდ 10 მილიონიან აზერბაიჯანის შეიარაღებულ ძალებს, არამედ თურქეთს, რომელიც არაპირდაპირ იყო ჩართული საომარ პროცესებში და აზერბაიჯანს პოლიტიკურ, სამხედრო და დიპლომატიურ თანადგომას უცხადებდა. ასევე, ვიბრძოდით რამდენიმე ათასი დაქირავებული ტერორისტის წინააღმდეგაც. ჩვენმა არმიამ ამ პირობებშიც გააკეთა ყველაფერი, რაც შეეძლო, რათა წინააღმდეგობა გაეწია მოწინააღმდეგისთვის. სომხეთის არმიის თითოეულმა ჯარისკაცმა, ოფიცერმა და გენერალმა მაქსიმუმი გააკეთა სამშობლოს დასაცავად. ამ ომმა წაგვართვა საუკეთესო შვილები, რომელთა ხსოვნაც სამუდამოდ დარჩება ჩვენს გულებში,”- ნათქვამია განცხადებაში.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროსა და გენშტაბიში აცხადებენ, რომ ვალდებული არიან ქვეყნის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებები შეასრულონ.

„დადგა დრო, რომ შეგვეწყვიტა სისხლისღვრა. სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობა მივიდა შეთანხმებამდე, რომლის შინაარსიც უკვე იცით. ომი სრულად არ დასრულებულა და არცახში საომარი მოქმედებები გრძელდება. ჩვენ ვიცავთ და ვალდებული ვართ, შევასრულოთ ქვეყნის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებები, რომლებიც ვითარების სრულყოფილი ანალიზის საფუძველზე იქნა მიღებული. ჩვენ ვალდებული ვართ, ვიპოვოთ ჩვენი გმირების ყველა ცხედარი. ომი მთავრდება, არმიამ თავისი საქმე გააკეთა და აგრძელებს ამის კეთებას თავდაუზოგავად. მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ ისეთი ქმედებებისგან, რომლებიც სახელმწიფოებრიობას ძირს გამოუთხრის“, – ნათქვამია განცხადებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო