რამაზ საყვარელიძის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის განცხადება, რომ საქართველოში დაბრუნების შესახებ ოპოზიციის გადაწყვეტილების ელის, ულტიმატუმს წააგავს

პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის განცხადება, რომლითაც ის ოპოზიციას მიმართავს, რომ საქართველოში დაბრუნების შესახებ ოპოზიციის გადაწყვეტილების ელის, ულტიმატუმს წააგავს. როგორც რამაზ საყვარელიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, მიიღებს თუ არა ოპოზიცია სააკაშვილის ამ ულტიმატუმს, საუბარი რთულია, „რადგან, თავისთავად ოპოზიციის მდგომარეობაა რთული“.

„სიმართლე გითხრათ, ვერ გავიგე, საიდან დაასკვნა მიხეილ სააკაშვილმა, რომ დაბრუნების უფლება აქვს. შეიძლება იფიქრა, რადგან ახლა ჯერ ერთი პარლამენტი არ შეწყვეტილა და მეორე არ დაწყებულა, ამიტომ, კანონები არ მოქმედებს. ალბათ, არ არის გასახსენებელი ის, რომ სამართალდაცვა ამ საკითხებისგან დამოუკიდებელია და სამართლებრივი დევნა ვისზედაც ხორციელდება, ის გაგრძელდება. სააკაშვილის მიერ ოპოზიციისადმი გაკეთებულ რეპლიკაში „მე თქვენს გადაწყვეტილებებს ველი“ ალბათ, მეტნაკლებად აისახა ნიკა მელიასა და გუბაზ სანიკიძეს შორის მომხდარი ცნობილი კამათი. სავარაუდოდ, ოპოზიციას მიანიშნა ის, რომ თუ ერთიანობა არ იქნება, მაშინ ჩემი ადგილი იქ არ არისო. ეს უფრო ულტიმატუმს წააგავს, რომ თქვენს დასახმარებლად ჩემი ჩამოსვლა ისევ თქვენზეა დამოკიდებული, თუ არადა, ჩემი იმედი ნუ გექნებათო. ჩამოსვლა პირობითი ცნებაა, ნებისმიერ შემთხვევაში, ალბათ არ ჩამოვა, უბრალოდ, უნდა, რომ ოპოზიციის ერთიანი მხარდაჭერა ასეთი ულტიმატუმის ტიპის შთავაზებით მოიპოვოს. ჩემს ფიგურას იღებთ ყველა, როგორც ლიდერს, თუ არა - დაახლოებით ასეთი შინაარსი აქვს ამ ულტიმატუმს. მიიღებს, თუ არა ოპოზიცია ამ ულტიმატუმს, ამაზე არ ვიცი რა გითხრათ, რადგან, თავისთავად ოპოზიციის მდგომარეობაა რთული. გაერთიანებული ოპოზიცია, ცხრა პარტია ვერ ქმნის იმ, წინააღმდეგობას, რომელსაც აზრი უნდა ჰქონდეს. როდესაც გაერთიანებული ოპოზიცია 1000 კაცამდე ვერ კრებს თავის მომხრეებს და იმ ათასნაირსაც მიშა დაემატება თუ არა, რა მნიშვნელობა აქვს?! მითუმეტეს მაშინ, როცა სამართლებრივი დევნის პუნქტი სააკაშვილს არ ეხსნება. აღმოჩნდება, რომ ის რისკის ქვეშ მოუახლოვდება საქართველოს საზღვარს და ისეთი ნებიერი საქართველოსკენ წამოსვლა, რა ინტონაციითაც თვითონ ლაპარაკობს, ალბათ არ იქნება“, - განაცხადა საყვარელიძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განცხადება გააკეთა, რომლითაც მან ოპოზიციას მიმაართა.

„მეგობრებო, ჩემი სიცოცხლე ჩემს ქვეყანას ეკუთვნის, თუ ყველა ერთად გადაწყვეტთ, თუ ოპოზიცია გადაწყვეტს და ჩემი ჩამოსვლით ხელს არ შევუშლი, რა თქმა უნდა, სანამ მათი პარლამენტის ინაუგურაცია იქნება, რეისები არის, ლეგალური უფლება მაქვს დაბრუნების, ბილეთს ავიღებ, მოვიწვევ, ვისაც ჩემთან ერთად უნდა წამოსვლა, მაგრამ მე თქვენს გადაწყვეტილებებს ველი. არ მინდა დავარღვიო ოპოზიციის ერთიანობა, ამავე დროს ყველა ჩემი ინსტინქტი და გული მეუბნება, რომ ეს უნდა გავაკეთო.

იმედია იმ დროისთვის საკმარისად ძლიერები იქნებით, რომ მათ ჩემთვის ხელის შეშლა ვერ შეძლონ“, - აღნიშნა სააკაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა