ფარხად მამედოვი  - თუ რუსეთი  მხარს  სომხეთს დაუჭერდა, მაშინ მოსკოვის გავლენა სამხრეთ კავკასიაში სომხეთით შემოიფარგლებოდა, რომელთანაც მას სახმელეთო საზღვარიც არ აქვს

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დასრულებული ომის შედეგებსა და იმაზე, თუ რას შეიძლება ნიშნავდეს პუტინის, ალიევისა და ფაშინიანის მიერ გავრცელებული ერთობლივი განცხადება ყარაბაღში ომის დასრულებაზე, „ინტერპრესნიუსი“ აზერბაიჯანელ პოლიტოლოგს, ფარხად მამედოვს ესაუბრა.

- ბატონო ფარხად, ვინაიდან დღეს ყველა ყარაბაღში ომის დასრულების შესახებ პუტინის, ალიევისა და ფაშინიანის ერთობლივ განცხადებაზე საუბრობს, ჩვენი საუბარი ამ თემით უნდა დავიწყოთ.

თქვენთან დაკავშირებამდე რამდენჯერმე წავიკითხე პუტინის, ალიევისა და ფაშინიანის ერთობლივი 11-პუნქტიანი განცხადება. მისმა ზოგიერთმა პუნქტმა გაკვირვებაც კი გამოიწვია, მაგრამ მოდით, ჩვენი საუბარი იმით დავიწყოთ, თქვენ როგორ შეაფასებდით გავრცელებულ განცხადებას?

- სომხეთმა მიიღო აზერბაიჯანის პირობები ყარაბაღის ოკუპირებული ტერიტორიებიდან თავისი სამხედრო ძალების გაყვანის შესახებ. ამას მოითხოვდა აზერბაიჯანის პრეზიდენტი 27 სექტემბრიდან - საომარი მოქმედებების დაწყების პირველივე დღეებიდან.

ეს აბსოლუტურად ჯდება მოლაპარაკებათა პროცესის ლოგიკაში, რომელიც აუცილებლად გაგრძელდება მას შემდეგ, რაც გავრცელებული განცხადების იმპლემენტაცია დაიწყება. პუტინის, ალიევისა და ფაშინიანის ერთობლივი განცხადების შესაბამისად, ერთი თვის ვადაში უნდა დასრულდეს ყარაბაღიდან სომხური შენაერთების გაყვანა.

პუტინის, ალიევისა და ფაშინიანის ერთობლივი განცხადების შესაბამისად ერთი თვის ვადაში უნდა დასრულდეს ყარაბაღიდან სომხური შენაერთების გაყვანა

- განცხადება ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ყარაბაღის პრობლემა კიდევ კარგა ხანს დარჩება აზერბაიჯანისთვის გადაუჭრელ საკითხად.

მხედველობაში მაქვს ის, რომ ბაქო ჯერ საკმაოდ შორსაა იმისაგან, რომ სრულად გააკონტროლოს ყარაბაღის დედაქალაქი სტეპანაკერტი...

- უპირველესად უნდა ითქვას, რომ აზერბაიჯანი უკვე აკონტროლებს ყოფილ ნახჩევანის ავტონომიურ ოლქთან დამაკავშირებელ კელბაჯარისა და ლაჩინის რაიონებს. უნდა ითქვას ისიც, რომ უკვე აღარ არსებობს მთიანი ყარაბაღის ავტონომიური ოლქი. იგი აზერბაიჯანმა 1991 წელს გააუქმა. ახლა მის ბაზაზე შექმნილია ჩვეულებრივი 4 აზერბაიჯანული რაიონი.

ყოფილი მთიანი ყარაბაღის სამხრეთ ნაწილი უკვე განთავისუფლებულია. შუშისა და ხოჯავენდის სამხრეთით განთავისუფლებულია მანამდე ოკუპირებული ტერიტორიები.

უახლოეს წლებში აქტუალური იქნება იმაზე მსჯელობა, თუ როგორ იცხოვრებენ აზერბაიჯანელი და სომეხი ეროვნების აზერბაიჯანის მოქალაქეები ერთად ყოფილი მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე.

გარწმუნებთ, არ იქნება მსჯელობა იმაზე, თუ რა სტატუსი ექნება ყოფილ მთიან ყარაბაღს აზერბაიჯანის შემადგენლობაში. ყარაბაღის იმ ნაწილს, სადაც უმეტესწილად სომეხი ეროვნების აზერბაიჯანის მოქალაქეები იცხოვრებენ, არანაირი სტატუსი არ ექნება და მას ჩვეულებრივი ერთი რაიონის სტატუსი ექნება.

არ იქნება მსჯელობა იმაზე, თუ რა სტატუსი ექნება ყოფილ მთიან ყარაბაღს აზერბაიჯანის შემადგენლობაში. ყარაბაღის იმ ნაწილს, სადაც უმეტესწილად სომეხი ეროვნების აზერბაიჯანის მოქალაქეები იცხოვრებენ, არანაირი სტატუსი არ ექნება და მას ჩვეულებრივი ერთი რაიონის სტატუსი ექნება

ყარაბაღის სტატუსზე მოლაპარაკებები მიმდინარეობდა 26 წელი. პრეზიდენტი ალიევი ამბობდა, რომ ჩვენ მხარეს სურდა ჯერ დევნილების დაბრუნება და შემდეგ მსჯელობა სტატუსზე. ომის შედეგმა სრულად შეცვალა სტატუს-კვო.

აზერბაიჯანმა ომით შეძლო ყარაბაღის რაიონების უმეტესი ნაწილის დაბრუნება. კონფლიქტი ომით გადაწყდა, ახლა აზერბაიჯანული მხარე მზადაა მხოლოდ იმაზე აწარმოოს მოლაპარაკებები, თუ როგორ უნდა იცხოვრონ აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის ფარგლებში აზერბაიჯანული და სომეხი ეროვნების აზერბაიჯანის მოქალაქეებმა აზერბაიჯანის სახელმწიფოში.

აზერბაიჯანმა ომით შეძლო ყარაბაღის რაიონების უმეტესი ნაწილის დაბრუნება. კონფლიქტი ომით გადაწყდა, ახლა აზერბაიჯანული მხარე მზადაა მხოლოდ იმაზე აწარმოოს მოლაპარაკებები, თუ როგორ უნდა იცხოვრონ აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის ფარგლებში აზერბაიჯანული და სომეხი ეროვნების აზერბაიჯანის მოქალაქეებმა აზერბაიჯანის სახელმწიფოში

- ყარაბაღის ტერიტორიაზე რუსეთის სამშვიდობოების გამოჩენა ბევრ კითხვას ბადებს...

- მარტო რუსეთის სამშვიდობოები არ იქნებიან, მათთან ერთად იქნებიან თურქეთის სამშვიდობო ძალებიც.

- ყარაბაღის კონფლიქტში რუსი სამშვიდობოების მონაწილეობაზე უარს ამბობდა უფროსი ალიევი, უმცროსი ალიევი კი მაშინ დათანხმდა რუსი სამშვიდობოების კონფლიქტის ზონაში განლაგებაზე, როცა აზერბაიჯანულ არმიას ბრძოლის ველზე ჰქონდა მიღწეული უპირატესობა.

თქვენი აზრით, სავარაუდოდ რას უნდა ნიშნავდეს ყარაბაღის კონფლიქტურ ზონაში რუსი სამშვიდობოების გამოჩენა?

- როცა გასული საუკუნის 20-იან წლებში დადგინდა საზღვრები, მაშინ თურქეთს სახმელეთო საზღვარი ჰქონდა მხოლოდ ნახჩევანის ოლქთან. გავიმეორებ, მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანმა სამხედრო ძალით შეძლო ყოფილი მთიანი ყარაბაღის ტერიტორიების გათავისუფლება, ახლა ყარაბაღის არანაირ სტატუსზე საუბარი აღარ იქნება.

რაც შეეხება რუს და თურქ სამშვიდობოებს. რუსი და თურქი საამშვიდობოები ყარაბაღში იქნებიან 5 წლით და იმოქმედებენ სპეციალურად შექმნილი სტრუქტურის ხელმძღვანელობით. აზერბაიჯანმა შექმნა სამხედრო ძალის გამოყენებით ტერიტორებისა და დევნილთა დაბრუნების პრეცედენტი, რაც თანამედროვე მსოფლიოში პრაქტიკულად არსად მომხდარა. აზერბაიჯანი 5 წლის შემდეგ შექმნის სამშვიდობო ძალების გაყვანის პრეცედენტსაც.

რუსი და თურქი სამშვიდობოები ყარაბაღში იქნებიან 5 წლით და იმოქმედებენ სპეციალურად შექმნილი სტრუქტურის ხელმძღვანელობით. აზერბაიჯანმა შექმნა სამხედრო ძალის გამოყენებით ტერიტორიებისა და დევნილთა დაბრუნების პრეცედენტი, რაც თანამედროვე მსოფლიოში პრაქტიკულად არსად მომხდარა. აზერბაიჯანი 5 წლის შემდეგ შექმნის სამშვიდობო ძალების გაყვანის პრეცედენტსაც

ეს მას შემდეგ მოხდება, როცა ახლა უკვე დეოკუპირებულ ტერიტორიებზე აზერბაიჯანელებისა და სომხების მშვიდობიან თანაცხოვრებას აღარაფერი დაემუქრება. უნდა ითქვას, რომ როცა ამის შესახებ ქვეყნის ხელმძღვანელები აცხადებენ, ეს იმასაც ნიშნავს, რომ აზერბაიჯანი თავის ძალებსა და შესაძლებლობებში დარწმუნებულია.

- ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ დევნილთა დაბრუნებით დაკავდება გაეროს ლტოლვილთა კომისარიატი. დევნილთა დაბრუნება შეეხება მხოლოდ ეროვნებით აზერბაიჯანლებს თუ ეროვნებით სომხებსაც, რომლებმაც საომარი მოქმედებების დროს დატოვეს ყარაბაღის ტერიტორია?

- დიახ, რა თქმა უნდა, ყველას ეხება. ყველა დაბრუნებულს დაურიგდება აზერბაიჯანის რესპუბლიკის პასპორტები. აზერბაიჯანს სომხეთთან არ აქვს დიპლომატიური ურთიერთობები და შესაბამისად აზერბაიჯანის ტერიტორიაზე სხვა ქვეყნის მოქალაქების ყოფნა წარმოუდგენლად მიგვაჩნია.

სომეხი ეროვნების ადამიანების აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ცხოვრება სამართლებრივმა ჩარჩოებმა უნდა განსაზღვროს. ყველა, ვინც აზერბაიჯანის მოქალაქეობას მიიღებს, აზერბაიჯანული კანონებით იცხოვრებს.

სომეხი ეროვნების ადამიანების ცხოვრება აზერბაიჯანის ტერიტორიაზე სამართლებრივმა ჩარჩოებმა უნდა განსაზღვროს. ყველა, ვინც აზერბაიჯანის მოქალაქეობას მიიღებს, აზერბაიჯანული კანონებით იცხოვრებს

- თუ სწორად მახსოვს, 27 სექტემბერს საომარი მომედებების დაწყებამდე მთიან ყარაბაღში 135 ათასი ადამიანი ცხოვრობდა...

- მთიან ყარაბაღში 180 ათასი ადამიანი ცხოვრობდა. 135 ათასი სომეხი ეროვნების, და 45 ათასი აზერბაიჯანული ეროვნების.

- სომეხი ეროვნების მოქალაქეებს, რომლებიც არ მოისურვებენ აზერბაიჯანის სახელმწიფოში ცხოვრებას, წასვლა მოუწევთ?

- მათ ექნებათ საშუალება თავად გააკეთონ არჩევანი და რა გადაწყვეტილებასაც მიიღებენ, ეს მხოლოდ მათი გადაწყვეტილება იქნება. სამწუხაროდ, ამ ადამიანებმა თავად შეიყვანეს თავისი თავი სამართლებრივ ჩიხში. ისინი არიან აუღიარებელი მთიანი ყარაბაღის მოქალაქები, მაგრამ მათ ამ მოქალაქეობას, ისევე როგორც ამ პასპორტებს, მსოფლიოში არავინ აღიარებს.

პარალელურად, ყარაბაღის სომხობას მიღებული აქვს სომხეთის მოქალაქეობა. დღეისათვის ყარაბაღში სომეხი ეროვნების დაახლოებით 80 ათასამდე სამოქალაქო პირია დარჩენილი. თუ ისინი სომხეთში წასვლას მოისურვებენ, საერთაშორისო სტანდარტებით ისინი ლტოლვილებად ვერ ჩაითვლებიან, რადგან ისედაც არიან სომხეთის მოქალაქეები.

ყარაბაღის სომხობას მიღებული აქვს სომხეთის მოქალაქეობა. დღეისათვის ყარაბაღში სომეხი ეროვნების დაახლოებით 80 ათასამდე სამოქალაქო პირია დარჩენილი. თუ ისინი სომხეთში წასვლას მოისურვებენ, საერთაშორისო სტანდარტებით ისინი ლტოლვილებად ვერ ჩაითვლებიან, რადგან ისედაც არიან სომხეთის მოქალაქეები

ამიტომაცაა რომ ვთქვი, სამწუხაროდ, მათ თავად ჩაიყენეს თავი ჩიხურ მდგომარეობაში, საიდანაც გამოსვლა რთული იქნება, მაგრამ აზერბაიჯანული სახელმწიფო მათ ამის საშუალებას მისცემს. დანარჩენი მათი გადასაწყვეტია.

- რას გულისხმობთ?

- მათ უნდა მიიღონ აზერბაიჯანის მოქალაქეობა და უნდა იცხოვრონ მშვიდობიანად.

- თქვენთან დაკავშირებამდე ამ თემებზე გარკვეულ მასალებს გადავავლე თვალი. ბევრი გამოთქვამს მოსაზრებას, რომ ერთობლივ განცხადებაზე შეთანხმდნენ პუტინი და ერდოღანი. მეტიც, ალიევმა და ფაშინიანმა ბოლო მომენტში მოაწერს ხელი ამ განცხადებას.

თუ ფაშინიანი იძულებული იყო ამ განცხადებაზე დათანხმებულიყო გაუგებარია, რამ აიძულა ალიევი მასზე მოეწერა ხელი. ამგვარი მოსაზრებების მქონე ადამიანებს მხედველობაში აქვთ ის, რომ აზერბაიჯანულ ძალებს ბრძოლის ველზე აშკარად ჰქონდათ უპირატესობა და სულაც არ აწყობდა ბაქოს სტეპანაკერტში რუსი სამშვიდობოების ჩაყენება.

რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ გავრცელებულ განცხადებაზე პუტინმა და ერდოღანმა მოილაპარაკეს და შემდეგ მათ აიძულეს ალიევი და ფაშინიანი ამავე განცხადებაზე დაესვათ თავისი ხელმოწერები?

- ამ განცხადებაზე კონსულტაციებს მართავდნენ პუტინი, ერდოღანი, ალიევი და ფაშინიანი. ერთადერთი, ვინც ყველასთან ჰქონდა ურთიერთობა, იყო პუტინი. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ფაშინიანს კონტაქტი არ ჰქონია არც ერდოღანთან და არც ალიევთან.

რა თქმა უნდა, ამ განცხადების მომზადებაში საკვანძო როლი აქვს შესრულებული რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს. ამ პროცესში ჩართული იყო თურქეთი. მიუხედავად იმისა, რომ ამ განცხადებაზე არ არის თურქეთის პრეზიდენტის ხელმოწერა, ფაქტია, რომ ამ პროცესში მონაწილეობას მიიღებენ თურქეთის სამშვიდობო ძალები.

ამ პროცესში ჩართული იყო თურქეთი. მიუხედავად იმისა, რომ ამ განცხადებაზე არ არის თურქეთის პრეზიდენტის ხელმოწერა ფაქტია, რომ ამ პროცესში მონაწილეობას მიიღებენ თურქეთის სამშვიდობო ძალები

- ახლა ბევრი იმაზეც საუბრობს, რომ თუ მანამდე ერევანი და ფაშინიანი სრულად იყო დამოკიდებული კრემლსა და პუტინზე, ახლა აზერბაიჯანის პრეზიდენტი ალიევი თუ სრულად არა, გარკვეულწილად მაინც გახდა დამოკიდებული კრემლსა და პუტინზე.

რამდენად საფუძვლიანად გამოიყურება ამგვარი მტკიცება?

- მე შემიძლა ასე ვთქვა - ჩვენ არა გვაქვს ამგვარი კომპლექსი. აზერბაიჯანს რუსეთთან თანასწორი და პარტნიორული ურთიერთობები აქვს. ყველას კარგად ესმის, რომ ამ კონფლიქტის მოგვარებაში ჩართული იყვნენ დიდი ქვეყნები. ვნახეთ, რომ ამ პროცესში საფრანგეთის მონაწილეობა სრული კრახით დასრულდა აშკარად პროსომხური პოზიციის გამო, რის გამოც სრულად დაკარგა აზერბაიჯანული მხარის ნდობა.

აშშ თავისი შიდა პრობლემებით იყო დაკავებული. ამერიკისგან უახლოესი 3-4 თვის მანძილზე რამე კონკრეტულის მოლოდინი არავის არ შეიძლება ჰქონდეს. ცხადია, რომ ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებაში რუსეთი იყო აქტიურად ჩართული.

ცხადია, რომ ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებაში რუსეთი იყო აქტიურად ჩართული

მაგრამ, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ მომხდარი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების მხოლოდ პირველი ეტაპია. შემდეგი ეტაპი უნდა იყოს ორივე, აზერბაიჯანული და სომხური მხარეების მიერ ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. იმ რეგიონებში, რომლებშიც სომხები არიან დარჩენილი, აზერბაიჯანელებისა და სომხების ერთობლივი თანაცხოვრების ფორმულაზე იქნება საჭირო ზრუნვა.

ეს პროცესი რომ გამარტივდეს, აუცილებელია ვიღაცამ შეასრულოს საპოლიციო ფუნქციები. ყარაბაღში იქნებიან რუსი სამშვიდობოები, მაგრამ ეს არ იქნება რუსული სამხედრო ბაზა. იგივე ეხება თურქეთის სამშვიდობოებს. რუს სამშვიდოებოებს ექნებათ მხოლოდ ცეცხლსასროლი იარაღი და ჯავშანმანქანები მათივე უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

ყარაბაღში იქნებიან რუსი სამშვიდობოები, მაგრამ ეს არ იქნება რუსული სამხედრო ბაზა. იგივე ეხება თურქეთის სამშვიდობოებს. რუს სამშვიდობოებს ექნებათ მხოლოდ ცეცხლსასროლი იარაღი და ჯავშანმანქანები მათივე უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად

არანაირ მძიმე ტექნიკაზე, არტილერიაზე არაა საუბარი. ყველა მხარე დააკვირდება იმას, რომ შემდეგ რუსეთს არ ჰქონდეს ილუზიები სამხედრო ბაზის შექმნაზე.

- საომარი მოქმედებების პროცესში სომხეთი უკმაყოფიებას გამოთქვამდა იმის გამო, რომ მისი სტრატეგიული მოკავშირე რუსეთი არ ერეოდა ომში. რუსეთის პასუხიც გვახსოვს - იგი მხოლოდ მაშინ ჩაებმებოდა საომარ მოქმედებებში, თუ საფრთხე სომხეთს დაემუქრებოდა.

სავარაუდოდ, რამ განაპირობა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე ომში რუსეთის ჩაურევლობა და ნეიტრალიტეტი?

- რუსეთს სურდა, რომ კონფლიქტის ორივე მხარეს ჰქონოდა მის მიმართ ნდობა და რუსეთს ჰქონოდა კონფლიქტის მოგვარებაში მონაწილეობის შესაძლებლობა.

რუსეთს სურდა, რომ კონფლიქტის ორივე მხარეს ჰქონოდა მის მიმართ ნდობა და რუსეთს ჰქონოდა კონფლიქტის მოგვარებაში მონაწილეობის შესაძლებლობა

საფრანგეთისგან განსხვავებით, რუსეთს მართლაც ჰქონდა აქტიური ნეიტრალიტეტი, რამაც შესაძლებელი გახადა კონფლიქტის მოგვარება.

- თქვენი აზრით, რატომ სურდა რუსეთს ჰქონოდა კონფლიქტის მოგვარებაში მონაწილეობის შესაძლებლობა?

- რუსეთს კარგად ესმის სამხრეთ კავკასიაში არსებული ვითარება. მხედველობაში მაქვს ის, რომ საქართველოს, იმის მიუხედავად თუ ვინ იქნება ქვეყნის მმართველობაში, აღებული აქვს პროდასავლური კურსი და სურს ჩრდილოეთ ატლანტიკურ ალიანსთან ინტეგრირება. სომხეთი ოდბკ-სა და ევრაზესის წევრია.

აზერბაიჯანი პროგნოზირებადი, დამოუკიდებელი და სტრატეგიული პარტნიორია. თუ რუსეთი ღიად დაიჭერდა პროსომხურ პოზიციას, მაშინ მოსკოვის გავლენა სამხრეთ კავკასიაში სომხეთით შემოიფარგლებოდა, რომელთანაც მას სახმელეთო საზღვარიც არ აქვს. თუ ამას დავუმატებთ იმას, რომ რეგიონში აზერბაიჯანის წონა დიდია, შეიძლება ითქვას, რომ მოსკოვის გათვლა აბსოლუტურად სწორი იყო.

თუ რუსეთი ღიად დაიჭერდა პროსომხურ პოზიციას, მაშინ მოსკოვის გავლენა სამხრეთ კავკასიაში სომხეთით შემოიფარგლებოდა, რომელთანაც მას სახმელეთო საზღვარიც არ აქვს. თუ ამას დავუმატებთ იმას, რომ რეგიონში აზერბაიჯანის წონა დიდია, შეიძლება ითქვას, რომ მოსკოვის გათვლა აბსოლუტურად სწორი იყო

აზერბაიჯანმა წლების განმავლობაში დაადასტურა, რომ ყარაბაღის კონფლიქტი არ ყოფილა რუსეთ-აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების პრობლემა. დამოუკიდებელმა აზერბაიჯანმა შეძლო რუსეთთან პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბება.

იმათ, ვინც 90-იან წლებში ჩაფიქრებული ჰქონდათ ყარაბაღის კონფლიქტი, როგორც რუსეთთან მიმართებაში აზერბაიჯანის მანიპულირების მექანიზმი, მათ თავის მიზიანს ვერ მიაღწიეს. ამან შესაძლებელი გახადა იმ რეალობის ჩამოყალიბება, რომელიც მოსკოვსა და ბაქოს შორის ომამდე იყო.

- სწორად გავიგე - აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ომში აზერბაიჯანის მხარეზე ყოფნამ რუსეთს შესაძლებლობა მისცა არა მარტო განემტკიცებინა თავისი პოზიციები აზერბაიჯანში, რამედ კიდევ უფრო გააძლიეროს თავის პოზიციები რეგიონში?

- აბსოლუტურად სწორად გაიგეთ. ფაქტია, რომ სამხრეთ კავკასიაში სურათი შეცვლილია. აზერბაიჯანი არ აპირებს რომელიმე სამხედრო-პოლიტიკურ ბლოკში შესვლას.

ეს ეხება როგორც ნატოს, ისე ოდბკ-ს. აზერბაიჯანს აქვს პარტნიორული ურთიერთობები როგორც ნატოსთან, ისე ყველა მიმართულებით აქვს ურთიერთობები ოდბკ-ს ყველა წევრთან, სომხეთის გარდა. აზერბაიჯანი არ ცვლის თავის პოლიტიკას, ის ცვლის რეგიონში რეალობას და ამ რეალობისთვის ანგარიშის გაწევა უწევს რუსეთს.

თუ რუსეთი ღიად დაიჭერდა პროსომხურ პოზიციას, მაშინ მოსკოვის გავლენა სამხრეთ კავკასიაში სომხეთით შემოიფარგლებოდა, რომელთანაც მას სახმელეთო საზღვარიც არ აქვს

- რა შეიძლება იყოს, როგორც თქვენ ბრძანეთ, სამხრეთ კავკასიაში აზერბაიჯანის მიერ უკვე შეცვლილი რეალობის მიზანი?

- თქვენ იცით, რომ აზერბაიჯანი აგრესიული სახელმწიფო არაა. აზერბაიჯანს ორი მთავარი ამოცანა ექნება უახლოესი 5-10 წლის მანძილზე: პირველი - მთიანი ყარაბაღის აღდგენა, მეორე - დიპლომატიურ დონეზე სომხეთთან ურთიერთობების გამყარება.

აზერბაიჯანი არ ცვლის თავის პოლიტიკას, ის ცვლის რეგიონში რეალობას და ამ რეალობისთვის ანგარიშის გაწევა უწევს რუსეთს

უნდა აღდგეს არა მარტო დიპლომატიური ურთიერთობები სომხეთთან, არამედ მხარეებმა უნდა აღიარონ ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობა. ამის შემდეგ კი შეგვიძლია ვიფიქროთ წინსვლაზე და მხოლოდ წინსვლაზე.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა