მაია მწარიაშვილი - მთავრობა ვერ შეზღუდავს კონსტიტუციით გარანტირებულ მოქალაქეთა მიმოსვლისა და შეკრების თავისუფლებას

თბილისის ყოფილი მთავარი პროკურორის მაია მწარიაშვილის განცხადებით, დასაბუთებული ვარაუდი არსებობს, რომ დიდ ქალაქებში გადაადგილების შეზღუდვას მთავრობამ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული ქვეყანაში მიმდინარე მწვავე საპროტესტო აქციების შეზღუდვისა და კონტროლის მიზნით მიმართა. ამის შესახებ განცხადებას თავად მაია მწარიაშვილი ავრცელებს.

მისი თქმით, მთავრობას არ ჰქონდა უფლება მოქალაქეთა გადაადგილების თავისუფლება საკუთარი კანონქვემდებარე აქტით შეეზღუდა.

„საქართველოს მთავრობამ შეიტანა ცვლილება მთავრობის 2020 წლის 23 მაისის #322 დადგენილებაში და მიმდინარე წლის 9 ნოემბრიდან შეზღუდა საქართველოს მოქალაქეთა გადაადგილება ღამის 22.00 საათიდან დილის 05.00 საათამდე თბილისსა და საქართვლოს სხვა ქალაქებში. არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მთავრობამ ამგვარ ზომას მიმართა საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული ქვეყანაში მიმდინარე მწვავე საპროტესტო აქციების შეზღუდვისა და კონტროლის მიზნით. საქართველოს მთავრობას არ ჰქონდა უფლებამოსილება საკუთარი კანონქვემდებარე აქტით შეეზღუდა მოქალაქეთა გადაადგილების თავისუფლება. საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, საქართველოს მთავრობას არ შეუძლია შეზღუდოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები, მათ შორის საქართველოს მოქალაქეთა მიმოსვლისა და შეკრების თავისუფლება. შესაბამისად, საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მოქმედებები მოქალაქეთა მიმოსვლის და შეკრების თავისუფლების შეზღუდვის/კონტროლის თვალსაზრისით ასევე კანონსაწინააღმდეგო და ანტიკონსტიტუციურია.

ამ დასკვნის გაკეთების საფუძველს მაძლევს საქართველოს კანონმდებლობის ნორმათა ქვემოთ მითითებული ანალიზი. საქართველოს კანონმდებლობა იცნობს კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებათა შეზღუდვის მხოლოდ ერთადერთ საფუძველს, როგორიცაა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება. საგანგებო მდგომარეობის პირობებშიც კი ამ უფლებათა შეზღუდვა შესაძლებელია მხოლოდ პრეზიდენტის დეკრეტით, რომელიც დაუყოვნებლივ წარედგინება დასამტკიცებლად საქართველოს პარლამენტს. მოცემულ შემთხვევაში, ქვეყანაში არა არის გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა.

საქართველოს მთავრობამ მოქალაქეთა გადაადგილების თავისუფლება შეზღუდა მთავრობის #322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის გზით. მთავრობის დადგენილების სათაურია „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“. მითითებული წესების დადგენის უფლებამოსილება მთავრობას გააჩნია “საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონის საფუძველზე. 2 თავად ეს დადგენილებაც ამგვარი წესების დადგენის საფუძვლად უთითებს კანონს „საზოგადოებრივ ჯანმრთელობის შესახებ“. სხვა სამართლებრივი საფუძველი მთავრობის დადგენილებას არ გააჩნია. აქ ყურადსაღებია ის გარემოება, რომ ვიდრე კანონი/კანონმდებელი მთავრობას დაავალებდა მითითებული წესების დადგენას, მან თავად განსაზღვრა, თუ რას ნიშნავს „იზოლაცია“ და „საკარანტინე ღონისძიებები“. შესაბამისად, კარანტინის და იზოლაციის წესების განსაზღვრისას უნდა მივმართოთ კანონის დანაწესს, თუ როგორია თავად ამ ცნებების საკანონმდებლო განმარტება. ამ ცნებების იდენტიფიცირება მოგვცემს საშუალებას გავარკვიოთ, თუ რისი დადგენა დაავალა კანონმა/კანონმდებელმა მთავრობას. „იზოლაცია“ – ავადმყოფის ან ინფიცირებული პირის განცალკევება სხვა ადამიანებისაგან დაავადების გადამდებლობის პერიოდის განმავლობაში, ისეთ ადგილას ან/და ისეთ პირობებში, რომელიც (რომლებიც) შეზღუდავს ან გამორიცხავს მისგან ამ დაავადების პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით სხვა ადამიანზე გადადებას. 3 „საკარანტინე ღონისძიებები“ - ღონისძიებათა ერთობლიობა, რომელიც გამოიყენება იმ პირის მიმართ, რომელიც არ არის ავად, მაგრამ ჰქონდა ექსპოზიცია გადამდები დაავადების შემთხვევასთან გადამდებლობის პერიოდის განმავლობაში.4 შესაბამისად, კანონის თანახმად, მთავრობას აქვს უფლებამოსილება დაადგინოს წესები, რომლებიც ეხება მხოლოდ ზემოთ მითითებულ დებულებებს, ანუ მთავრობას შეუძლია დაადგინოს რეგულაციები, რომლებიც ეხება მხოლოდ ინფიცირებულ ან მათთან შემხებლობაში მყოფი პირების ქცევას, მოვლას და ა.შ, რაც იმას ნიშნავს, რომ მთავრობას არც ერთ შემთხვევაში არ აქვს უფლებამოსილება დაადგინოს რეგულაციები და შეზღუდვები საზოგადოების ფართო/არა ინფიცირებული წევრებისათვის და მით უფრო დაადგინოს კონსტიტუციით გარანტირებული მიმოსვლისა და შეკრების თავისუფლების შეზღუდვა.

მთავრობის მიერ უფლებამოსილების გადამეტება ერთი მხრივ, არღვევს მოქალაქეთა კონსტიტუციურ უფლებებს და მეორე მხრივ, ქმნის საფუძველს უკანონო სისხლის სამართლებრივი და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისათვის, ვინაიდან მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული „კარანტინის და იზოლაციის წესების“ დარღვევა წარმოადგენს სამართალდარღვევას ფიზიკურ და იურიდიულ პირთათვის პირველ ჯერზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის, ხოლო მეორე ჯერზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის სახით. 5 ქვეყანაში შეიქმნა კონსტიტუციით გარანტირებულ ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა უკანონო შეზღუდვის საშიში პრეცედენტი“,- განაცხადა მაია მწარიაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო