კარლ ჰარცელი - მივესალმებით პოლიტიკური ლიდერებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ბოლოდროინდელ მოწოდებებს დიალოგისკენ, გადაიჭრას არსებული გამოუვალი მდგომარეობა

საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი მიესალმება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგისკენ პოლიტიკური ლიდერებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ბოლოდროინდელ მოწოდებებს.

როგორც კარლ ჰარცელი „ტვიტერის“ გვერდზე წერს, აშშ და ევროკავშირი მზად არიან მხარდაჭერისთვის.

„მივესალმებით პოლიტიკური ლიდერებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ბოლოდროინდელ მოწოდებებს დიალოგისკენ, გადაიჭრას არსებული გამოუვალი მდგომარეობა და გამყარდეს დემოკრატიული დღის წესრიგი. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა და აშშ-ის საელჩო საქართველოში კვლავ მზად არის მხარდაჭერისთვის“, - წერს ჰარცელი „ტვიტერზე“.

ამასთან, ევროკავშირის ელჩი „ტვიტერზე“ აზიარებს საქართველოში აშშ-ის საელჩოსა და ევროკავშირის წარმომადგენლობის ერთობლივ განცხადებას, რომელიც 7 ნოემბერს გავრცელდა.

ცნობისთვის, განცხადებში ევროკავშირის წარმომადგენლობა და აშშ-ის საელჩო მოუწოდებენ პოლიტიკურ პარტიებს, განაგრძონ საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებული მტკიცებულებების განხილვა სამართლებრივი საშუალებების გამოყენებით, იმ დემოკრატიული პროცესების ფარგლებში, რომელიც საქართველომ ბოლო 20 წლის განმავლობაში შექმნა.

„საქართველოს ყველა მოქალაქეს, ვინც 8 ნოემბერს შეკრების უფლების გამოყენებას აპირებს, მოვუწოდებთ განახორციელონ ეს მშვიდობიანად და "კოვიდ-19"-თან დაკავშირებული უსაფრთხოების ზომების დაცვით; ასევე, მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას ხელი შეუწყოს სათანადო გარემოს შექმნას.

რაც შეეხება მიმდინარე საარჩევნო პროცესს, მოვუწოდებთ პოლიტიკურ პარტიებს, განაგრძონ საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებული მტკიცებულებების განხილვა სამართლებრივი საშუალებების გამოყენებით, იმ დემოკრატიული პროცესების ფარგლებში, რომელიც საქართველომ ბოლო 20 წლის განმავლობაში შექმნა.

დასაბუთებული საარჩევნო დარღვევების გამოსასწორებლად აუცილებელია სანდო და ინკლუზიური სამართლებრივი პროცესი, რათა მოხდეს ამომრჩეველთა ნების პატივისცემა, საარჩევნო პროცესისადმი საზოგადოების ნდობის განმტკიცება და საზოგადოებამ შეძლოს არჩევნების შედეგების ლეგიტიმურად ცნობა. მზად ვართ, ამ მიზნების მისაღწევად საჭიროებისამებრ, ჩვენი წვლილი შევიტანოთ.

საქართველოს სჭირდება პარლამენტი, რომელიც შეძლებს თავისი როლის შესრულებას გადაუდებელი პრობლემების გადაჭრაში, როგორიცაა ეკონომიკური არასტაბილურობა, პანდემია და რეგიონული დაძაბულობა; ამასთანავე, გაატარებს დამატებით რეფორმებს ქვეყნის სამომავლო დემოკრატიული, სამართლებრივი და საარჩევნო პროცესების გასაუმჯობესებლად. ყველა პოლიტიკურმა მხარემ დაუყოვნებლივ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ასეთი შედეგის უზრუნველსაყოფად“,- ნათქვამია განცხადებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა