სერგი კაპანაძე - დიალოგი ჯერ მხოლოდ სიტყვებია „ოცნების“ მხრიდან, არ გვინახავს არც კონკრეტული ნაბიჯი გადადგმული და არც რაიმე კონკრეტულ თემაზე დათმობა

ჩვენი მოთხოვნა დაკმაყოფილებული უნდა იყოს დიალოგის გზით, მაგრამ პარალელურად, ჩვენი პროტესტი არის აბსოლუტურად ნორმალური, ბუნებრივი და საჭირო იმისთვის, რომ ივანიშვილმა ამ დიალოგისთვის სწორი ნაბიჯი გადადგას, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგი კაპანაძემ ხელისუფლებასთან მოლაპარაკების გზებზე საუბრისას განაცხადა.

როგორც კაპანაძე აღნიშნავს, ოპოზიცია გააგრძელებს მშვიდობიან მანიფესტაციებს.

„ოპოზიციური პარტიები შეთანხმებული ვართ, ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ ეს გაყალბებული არჩევნები არ შედგეს და ამის შედეგად არ დაკომპლექტდეს პარლამენტი, რომელსაც ლეგიტიმურობა არ გააჩნია. ჩვენ გავაგრძელებთ მშვიდობიან მანიფესტაციებს, რაც არის ჩვენი კონსტიტუციური უფლება და ამას გავაკეთებთ ამ კვირაშიც და მომდევნო კვირებშიც. მნიშვნელოვანია,რომ ადამიანები, რომლებსაც გაუყალბეს არჩევნები, ქუჩაში გამოვიდნენ და ქუჩიდან დაანახონ ივანიშვილს, რომ ასე არ ხდება და ასე ვერ მიითვისებს ხალხის არჩევანს, ოღონდ პარალელურად, როგორც პირველ მიტინგზე გავაკეთეთ განცხადება, ჩვენ მზად ვართ ხელისუფლებასთან დიალოგისთვის ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით იმ მთავარ საკითხზე, რასაც ჰქვია ახალი არჩევნების ჩატარება. ეს ორი სტრატეგია ერთმანეთს არ ეწინააღმდეგება”, - განაცხადა კაპანაძემ.

შეკითხვაზე, რა იქნება ოპოზიციის ქმედება, თუ ხელისუფლება არ წამოვა დათმობაზე ხელახალი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით, კაპანაძემ განაცხადა, რომ ამ შემთხვევაში, „ივანიშვილს ექნება ერთპარტიული პარლამენტი“.

„პროტესტი გაგრძელდება და ამ პროტესტის ყველაზე მინიმალური შედეგი იქნება ის, რომ ივანიშვილს ექნება ერთპარტიული, ჩრდილოკორეული პარლამენტი. ჩვენ შევეცდებით ყველაფერს, რომ როგორც გარეთ პროტესტის გზით, ისე ჩვენს პარტნიორებთან მოლაპარაკების გზით, ის დავაყენოთ სწორ გზაზე და საღი აზრის ფარგლებში, გადავადგმევინოთ ნაბიჯი, რაც გულისხმობს ისეთი არჩევნების ხელახლა ჩატარებას, რომელშიც ხალხის აზრი იქნება დაცული“, - აღნიშნა კაპანაძემ.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე ხელისუფლების მხრიდან კონკრეტული ნაბიჯები არ დადგმულა.

„ხელისუფლების მხრიდან გვესმოდა, რომ არაფერზე წამოვიდოდნენ, მაგრამ ჩვენ როდესაც გავაკეთეთ მოწოდება, რომ გვინდოდა დიალოგი, მეორე დღეს მათაც დაადასტურეს, რომ დიალოგი შეიძლებოდა ყოფილიყო გამოსავალი, მაგრამ ეს ჯერ მხოლოდ სიტყვებია მათი მხრიდან, ჯერ არ გვინახავს მათი მხრიდან არც კონკრეტული ნაბიჯი გადადგმული და არც რაიმე კონკრეტულ თემაზე დათმობა. თუ მეორე მხრიდან მზაობა არ იქნა, მარტო იმაზე საუბარი, რომ მათ დიალოგი უნდათ და ამას არანაირი ნაბიჯის გადადგმა არ მოჰყვა, ძალიან მალე გამოჩნდება და ყველა გაიგებს, რომ ეს არის ფარისევლობა“, - განაცხადა კაპანაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა