თამარ კეკენაძე - პომპეო საქართველოში ჩამოდის ქართველი ხალხის და არა „ოცნების“ მხარდასაჭერად

პოლიტიკური პარტია ,,თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარე თამარ კეკენაძე საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს დაგეგმილ ვიზიტს გამოეხმაურა. თამარ კეკენაძის განცხადებით , სახელმწიფო მდივნის ვიზიტის მიზანი ქართველი ხალხისთვის ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერის კიდევ ერთხელ დაფიქსირებაა.

„სულ ტყუილად ცდილობენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები მაიკ პომპეოს საქართველოში ჩამოსვლა, მათ მიმართ პოლიტიკურ მხარდაჭერას დაუკავშირონ. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მთავარი ამოცანაა საქართველოს დემოკრატიული განვითარების შეუქცევადობის ხელშეწყობა, ამიტომ ყოველთვის, როდესაც საქართველოში უსაფრთხოებისა თუ პოლიტიკური კუთხით ვითარება მწვავდება, ისინი, როგორც ნამდვილ მეგობრებს შეეფერება, ადგილზე საქართველოში ჩამოსვლით გვიფიქსირებენ მხარდაჭერას, როგორც ჩვენ, ქართველ ხალხს, ასევე ჩვენს არაკეთილმოსურნეებს. სახელმწიფო მდივნის ამჟამინდელი ვიზიტი ორი მიმართულებით არის მნიშვნელოვანი: პირველი - აუცილებელია, რომ ბატონმა პომპეომ დაინახოს, რა განწყობაა საქართველოს მოქალაქეებში გაყალბებული არჩევნების მიმართ. ამ კუთხით აუცილებელია, რომ მან ინფორმაცია მიიღოს როგორც ოპოზიციური პარტიების და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისგან, ასევე ნათლად დაინახოს ქართველი ხალხის მშვიდობიანი და მყარი პროტესტი ქუჩაში.

მეორე - რეგიონში დღეს არსებული უსაფრთხოების სიტუაციიდან გამომდინარე, მაშინ როდესაც, კიდევ უფრო გაიზარდა ოკუპანტი რუსეთის ყოფნა ჩვენს სამეზობლოში, უკიდურესად მნიშვნელოვანია არ შეიქმნას განცდა, რომ დასავლეთმა ხელი ჩაიქნია ჩვენს რეგიონზე. არ მაქვს იმედი, რომ საქართველოს ხელისუფლებას ნათლად ჰქონდეს გააზრებული რა ტიპის ახალი უსაფრთხოების თუ ეკონომიკური გამოწვევების წინაშე დავდექით და შეძლოს სახელმწიფო მდივნის ვიზიტი, სწორედ ამ საკითხების მოგვარებისთვის გამოიყენოს.

„თავისუფალი დემოკრატები“ არ ვცნობთ არჩევნების შედეგებს და საერთო ოპოზიციური ფორმატის ფარგლებში მივმართავთ პროტესტის ყველა ფორმას, რათა დავიცვათ ჩვენი ამომრჩევლის და ქართველი ხალხის არჩევანი.

მინდა ვისარგებლო შემთხვევით და „თავისუფალი დემოკრატების“ გუნდის სახელით მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც პანდემიის მიუხედავად მოვიდა არჩევნებზე. განსაკუთრებული მადლობა მათ, ვინც ჩვენს გუნდს გამოუცხადა ნდობა. „თავისუფალი დემოკრატები“ ვაგრძელებთ ბრძოლას საქართველოს ევროპული მომავლისთვის“, - აცხადებს კეკენაძე, რომლის განცხადებას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს