ნინო ბურჯანაძე - პომპეოს ვიზიტის ერთ-ერთ დღეს უნდა ჩატარდეს აქცია, სადაც ძალიან ბევრი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას

„ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ იმედი გამოთქვა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს ვიზიტი სერიოზული სიგნალი იქნება ხელისუფლებისთვის, რომ მსოფლიოში შექმნილი რთული ვითარების მიუხედავად, დასავლეთს საქართველო არ ავიწყდება. მისივე თქმით, მსგავსი რანგის პოლიტიკოსის ჩამოსვლა ქვეყნისთვის სერიოზული პოლიტიკური მოვლენაა.

„ბუნებრივია, ამერიკის შეერთებული შტატების მეორე პირის ვიზიტი რეგიონსა და ქვეყანაში ყოველთვის, ყველა ვითარებაში, არის ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან სერიოზული პოლიტიკური მოვლენა. ახლაც ასეა, მით უფრო, როდესაც კავკასიაში იყო ომი და ძალიან მძიმე ვითარება, ჩვენთან ქვეყანაში იყო არჩევნები და რთული პოლიტიკური პროცესია, ასე რომ, მივესალმები, რა თქმა უნდა, ასეთი რანგის ამერიკელი პოლიტიკოსის ჩამოსვლას საქართველოში და იმედი მაქვს, რომ მისი ჩამოსვლა იქნება სერიოზული სიგნალი ხელისუფლებისთვის, რომ მიუხედავად მსოფლიოში არსებული სირთულეებისა, საქართველო არ ავიწყდება დასავლეთს და არ ავიწყდება ის, რომ საქართველო უნდა იყოს დემოკრატიული და ცივილიზებული ქვეყანა,“- განაცხადა ბურჯანაძემ.

ამასთანავე, ნინო ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ საქართველოში ვიზიტის ფარგლებში პომპეო ოპოზიციას არ შეხვდება და აცხადებს, რომ მსგავსი რანგის პოლიტიკოსთან შეხვედრას შესაბამისი მომზადება სჭირდება.

ბურჯანაძე ასევე მიიჩნევს, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტს კარგი იქნებოდა თუ საპროტესტო აქციას დაამთხვევდნენ, რათა მოსახლეობამ ამერიკელ სტუმარს საკუთარი ნება კიდევ ერთხელ დაანახოს.

„გამიკვირდება თუ სხვაგვარად იქნება და დაინიშნება ოპოზიციასთან შეხვედრა, იმიტომ, რომ ასეთ ვითარებაში, როდესაც ასეთი კრიზისია ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, რა თქმა უნდა, ასეთი რანგის ადამიანთან შეხვედრას წინასწარი მომზადება უნდა. მაშინ უნდა იყოს წინასწარი შეთანხმების ან კომპრომისების ფორმულები, ან ერთი, ან მეორე მხრიდან და შემდეგ ამ შეხვედრას რაღაც კონკრეტული ნაბიჯი უნდა მოჰყვეს. ასე რომ, ვინაიდან ეს ძალიან უცებ და სპონტანურად გაჟღერდა ჩვენთვის, მე არ მიკირს, რომ, დიდი ალბათობით, ოპოზიციასთან შეხვედრა არ იქნება. მიმაჩნია, რომ პომპეოს ვიზიტის ერთ-ერთ დღეს უნდა ჩატარდეს აქცია, სადაც ძალიან ბევრი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას, მშვიდი აქცია, სადაც ქართველი ხალხი თავის ნებას კიდევ ერთხელ დაანახებს მაღალ ამერიკელ სტუმარს. მიმაჩნია, რომ ეს იქნება სწორი და კარგი,“- განაცხადა ბურჯანაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა