იუსტიციის საბჭო - სიმართლეს არ შეესაბამება ზოგიერთი პოლიტიკოსის განცხადება, თითქოს საერთო სასამართლოებმა არჩევნებთან დაკავშირებით სარჩელების 99% არ დააკმაყოფილეს

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება ზოგიერთი პოლიტიკოსის განცხადება იმის შესახებ, თითქოს საქართველოს საერთო სასამართლოებმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გადასინჯვასთან დაკავშირებით წარდგენილი სარჩელების 99% არ დააკმაყოფილეს. აღნიშნულის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭო განცხადებას ავრცელებს.

„გვსურს, გამოვეხმაუროთ ზოგიერთი პოლიტიკოსის განცხადებას იმის შესახებ, თითქოს საქართველოს საერთო სასამართლოებმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გადასინჯვასთან დაკავშირებით წარდგენილი სარჩელების 99% არ დააკმაყოფილეს. წარმოგიდგენთ სტატისტიკურ მონაცემებს, რომლითაც ცხადია, რომ აღნიშნული განცხადება სიცრუეა და ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, კერძოდ:

საერთო ჯამში, საქართველოს საერთო სასამართლოებში შესულია 96 სარჩელი. აქედან 60 სარჩელით მოთხოვნილი იყო სხვადასხვა საარჩევნო უბანში კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობა ან ხელახალი გადათვლის დავალება. სასამართლოს მიერ, საარჩევნო უბნების შედეგების გადასინჯვის მოთხოვნით წარდგენილი სარჩელების 16%-ზე მეტის დაკმაყოფილების გზით, 17 საარჩევნო უბანი დაექვემდებარა ხელახლა გადათვლას, ხოლო ერთ საარჩევნო უბანზე კენჭისყრის შედეგები ბათილადაა ცნობილი.

სარჩელების დანარჩენი ნაწილი კი (სარჩელების საერთო რაოდენობის 37 %-ზე მეტი), შეეხებოდა არაუფლებამოსილი სუბიექტების მიერ საოლქო საარჩევნო კომისიაში წარდგენილი საჩივრების განუხილველად დატოვების კანონიერებას. რამდენადაც საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 42-ე მუხლის, 78 -ე მუხლის მე-20 და 21-ე პუნქტების იმპერატიული დანაწესიდან გამომდინარე, დადასტურდა საჩივრების არაუფლებამოსილი პირების მხრიდან წარდგენის ფაქტი, აღნიშნულით გამოირიცხა სასამართლოს მხრიდან მოთხოვნის შინაარსობრივი ნაწილის განხილვისა და შეფასების შესაძლებლობა.

არჩევნების შედეგებით დაინტერესებულ ყველა სუბიექტს მოვუწოდებთ, რომ საარჩევნო დავების განხილვის შესახებ გაავრცელონ მხოლოდ ის ინფორმაცია, რაც სასამართლოში საქმეთა მოძრაობის რეალურ მონაცემებს ეფუძნება“ - ნათქვამია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

იხილეთ ვიდეო: იუსტიციის საბჭოში არ ადასტურებენ ინფორმაციას, რომ არჩევნებთან დაკავშირებით სასამართლოებმა სარჩელების 99% არ დააკმაყოფილეს

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს