თინა ხიდაშელი - არასოდეს ყოფილა შემთხვევა, რომ დათო უსუფაშვილს სიტყვისგან გადაეხვიოს - „ლელოში“ ვინმეს მხრიდან სეპარატისტულ მოძრაობას  არ ველოდები

არასოდეს 30 წლის განმავლობაში, არც ერთხელ არ ყოფილა შემთხვევა, რომ დათო უსუფაშვილს დადებული სიტყვისგან გადაეხვიოს - „ლელო“ არის ძალიან შეკრული გუნდი და არანაირ სეპარატისტულ მოძრაობას იქ მე ვინმეს მხრიდან ნამდვილად არ ველოდები, - ასე უპასუხა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ წამყვანის კითხვას, აქვს თუ არა „ლელოს“ ერთ-ერთ ლიდერს დავით უსუფაშვილს ოპოზიციური სპექტრისგან განსხვავებული პოზიცია.

ხიდაშელის განცხადებით, მიუხედავად იმისა, შევლენ თუ არა პარტიები პარლამენტში, გაზაფხულზე რიგგარეშე არჩევნები მაინც იქნება.

„საქართველო ვერ გაძლებს ჩრდილოეთ კორეის რეჟიმში - ის, რომ დიქტატურა დამყარდეს ამ ქვეყანაში შეუძლებელია. პარლამენტში პარტიებიდან ვინმე შევა თუ რა პროცესიც არ უნდა წარიმართოს, გაზაფხულზე საქართველო ვერ აცდება არჩევნებს და ყველა უნდა იყოს ამისთვის მზად. პარლამენტში პარტიები შევლენ თუ არა მაგის მიუხედავად რიგგარეშე არჩევნები მაინც იქნება საქართველოში“, - განაცხადა ხიდაშელმა.

მისივე თქმით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგი აუცილებლად შედგება, რაც ქვეყანაში დემოკრატიული შედეგების შესაძლებლობას გააჩენს.

„აუცილებლად უნდა შედგეს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგი და დარწმუნებული ვარ, რომ იქნება. არასოდეს არ მთავრდება დიალოგი უშედეგოდ, ყოველთვის შედეგი აქვს საუბარს, განსაკუთრებით როცა საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით მიმდინარეობს იმიტომ, რომ როდესაც ადამიანებს უჩნდებათ განცდა, რომ რაღაცები უხერხულია, ასეთ დროს როგორც წესი დემოკრატიული შედეგების შესაძლებლობა ჩნდება“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

გარდა ამისა, თინა ხიდაშელის შეფასებით, დღევანდელი პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება იყო ოპოზიციის მხრიდან დემონსტრაციისა და მანიფესტაციების გზით სიარული.

„სამწუხაროდ, როდესაც ხელისუფლება სხვა გზას არ ტოვებს ქუჩის პროტესტი ისეთივე ცივილური პროტესტის ფორმაა, როგორც საპარლამენტო დისკუსია. მანიფესტაციის თავისუფლება არის დემოკრატიის ერთ-ერთი ფუნდამენტური შემადგენელი და შესაბამისად, როდესაც სხვა ფორმებით ვერ ხდება ხელისუფლებაზე ზეწოლა და მათ გადაწყვეტილებაზე გავლენის მოხდენის შესაძლებლობა ქრება - ადამიანები მიმართავენ პროტესტის ამ ფორმას. საქართველოში დღეს, ამ წუთის ვითარებიდან გამომდინარე აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება იყო დემონსტრაციების და მანიფესტაციების გზით სიარული იმის მიუხედავად, რომ შესაძლებელი იყო თუნდაც ქუჩის პროტესტისთვის მიმართვა არჩევნების მეორე ტურებისთვის“,- განაცხადა ხიდაშელმა.

იხილეთ ვიდეო

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო