გიგი უგულავა - არანაირ მოლაპარაკებას გრიგოლ ვაშაძე არ აწარმოებდა, ეს ინფორმაცია ტყუილია, ეს განცხადება ოპოზიციის ერთობისთვის მჟავე გემოს ტოვებს, მაგრამ არ აზიანებს

გრიგოლ ვაშაძე ოპოზიციის საერთო სახელით ვერ ისაუბრებდა იმიტომ, რომ მას ეს მანდატი აქამდე არ ჰქონია და ამ ინტერვიუს შემდეგ ვეჭვობ, რომ საერთოდ ჰქონდეს, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა გრიგოლ ვაშაძის განცხადებას, რომ „თითქმის მომზადებული დიალოგი ჩაიშალა".

მისივე თქმით, ვაშაძის განცხადებები ოპოზიციის ერთობისთვის მჟავე გემოს ტოვებს, მაგრამ არ აზიანებს.

"არანაირ მოლაპარაკებას გრიგოლ ვაშაძე არ აწარმოებდა, ეს ინფორმაცია არის ტყუილი. მას შეიძლება ჰქონდა პრივატული შეხვედრები სხვადასხვა საელჩოს წარმომადგენლებთან, მაგრამ ოპოზიციის სახელით რაიმე მოლაპარაკებას საერთაშორისო პარტნიორებთან გრიგოლ ვაშაძე არ აწარმოებდა. გრიგოლ ვაშაძე ოპოზიციის საერთო სახელით ვერ ისაუბრებდა იმიტომ, რომ მას ეს მანდატი აქამდე არ ჰქონია და ამ ინტერვიუს შემდეგ ვეჭვობ, რომ საერთოდ ჰქონდეს. ეს განცხადება ოპოზიციის ერთობისთვის მჟავე გემოს ტოვებს, მაგრამ არ აზიანებს. მისი განსხვავებული აზრი არის მისი აზრი, მას არ ეთანხმება ოპოზიციის 100% და მისი პარტიის 99.9%. მე მომეჩვენა, რომ ბატონი გრიგოლი არის ადამიანურად ნაწყენი, ვფიქრობ ახლა არცერთი ადამიანის გარიყვის და დამუნათების დრო არ არის. თუ ბატონ გრიგოლს აქვს სურვილი ამ ყველაფრის ნაწილი იყოს, ის ამ ყველაფრის ნაწილი იქნება. მე ვერ ვხედავ, რომ ერთობას ამ ყველაფრით პრობლემა შეექმნას“, - აღნიშნა გიგი უგულავამ.

ცნობისთვის, გუშინ გრიგოლ ვაშაძემ „რუსთავი2“-ის ეთერში, მის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე ისაუბრა. კითხვაზე, თუ რით იყო განპირობებული მისი განცხადება, ოპოზიციონერმა ლიდერმა უპასუხა, რომ „ბოლო ჩახმახი“ მომზადებული დიალოგის ჩაშლა იყო. „დეტალებში არ მინდა შესვლა, მაგრამ ბოლო ჩახმახი ის იყო, რომ თითქმის მომზადებული დიალოგის პროცესი ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეების, დიპლომატიური წარმომადგენლების მეთაურების მიერ ჩაიშალა“,- განაცხადა ვაშაძემ. ვაშაძეს არ დაუკონკრეტებია, დიპლომატიური წარმომადგენლობა, თუმცა განაცხადა, რომ „ამ ადამიანებს საქართველოზე გული, ჩვენზე არანაკლებ შესტკივათ“. რაც შეეხება ვადებს, თუ როდის, უნდა შემდგარიყო დიალოგი, ვაშაძე ამბობს: „დავკარგეთ ეს დრო, ჩაიშალა“.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს