გიგა ბოკერია გრიგოლ ვაშაძის განცხადებაზე - არ შეესაბამება სიმართლეს თითქოს რაღაც მოლაპარაკებები იყო დანიშნული და ჩაიშალა, ეს უბრალოდ არის სიცრუე

ძალიან სამარცხვინო ამბავია ის, რასაც ვხედავთ. მე მესმის, ყველა ადამიანი არ არის მზად კრიზისის დროს, რომ პასუხისმგებლობა აიღოს, მაგრამ ამ ფორმით მოხსნა პასუხისმგებლობის არის ძალიან ცუდი საქციელი, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის გრიგოლ ვაშაძის განცხადებას, რომ „თითქმის მომზადებული დიალოგი ჩაიშალა".

მისივე თქმით, გრიგოლ ვაშაძის განცხადებები არის სიცრუე.

„მინდა გამოვეხმაურო გრიგოლ ვაშაძის ბოლო რამოდენიმე დღეში გაკეთებულ განცხადებებს. გარდა იმისა, რომ გაუგებარი ცნობიერების ნაკადი მოვისმინეთ ურთიერთგამომრიცხავი მოსაზრებებით, მთავარი საკითხი რაზეც მინდა, რომ იყოს სრული სიცხადე არის ის, რომ საერთოდ არ შეესაბამება სიმართლეს თითქოს რაღაც მოლაპარაკებები იყო დანიშნული და ჩაიშალა, ეს საერთოდ არ შეესაბამება სიმართლეს - უბრალოდ არის სიცრუე. მოლაპარაკებები და დიალოგი არის საჭირო და ის შეიძლება მოხდეს მომავალში მხოლოდ ერთ საკითხზე - ახალი არჩევნების ჩატარება და იმ ცვლილებებზე, რომლებიც საჭიროა ნორმალური არჩევნების ჩატარებისთვის. სრული სიცრუეა ასევე ის, რომ ოპოზიციაში არის დიალოგის მიუღებლობა და ამან თითქოს გამოიწვია ჩაშლა რაღაცის. „ევროპულ საქართველოს“ და ჩვენს სხვა პარტნიორებს, პირველ რიგში „ლელოს“, „გირჩს“ და „სტრატეგია აღმაშენებელს“ ცოტა ხნის წინ ძალიან მკაფიო განცხადება გვქონდა ამ საკითხზე, რომ დიახ, დიალოგის მომხრე ვართ, საჭიროა დიალოგი არჩევნების ხელახლა ჩატარების საკითხზე და ასევე ჩვენ ძალიან მკაფიოდ დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია, რომ პარლამენტში არ შესვლის პოზიცია არ შეიცვლება“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ცნობისთვის, გუშინ გრიგოლ ვაშაძემ „რუსთავი2“-ის ეთერში, მის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე ისაუბრა. კითხვაზე, თუ რით იყო განპირობებული მისი განცხადება, ოპოზიციონერმა ლიდერმა უპასუხა, რომ „ბოლო ჩახმახი“ მომზადებული დიალოგის ჩაშლა იყო. „დეტალებში არ მინდა შესვლა, მაგრამ ბოლო ჩახმახი ის იყო, რომ თითქმის მომზადებული დიალოგის პროცესი ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეების, დიპლომატიური წარმომადგენლების მეთაურების მიერ ჩაიშალა“,- განაცხადა ვაშაძემ. ვაშაძეს არ დაუკონკრეტებია, დიპლომატიური წარმომადგენლობა, თუმცა განაცხადა, რომ „ამ ადამიანებს საქართველოზე გული, ჩვენზე არანაკლებ შესტკივათ“. რაც შეეხება ვადებს, თუ როდის, უნდა შემდგარიყო დიალოგი, ვაშაძე ამბობს: „დავკარგეთ ეს დრო, ჩაიშალა“.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს