ანა ნაცვლიშვილი - არ მაქვს საფუძველი ვიფიქრო, რომ ოპოზიციის ერთობა დაირღვევა და შეხვედრაც ამის დასტურია - დაიწყო მოლაპარაკებები კონკრეტული საკითხების ირგვლივ

„ლელო საქართველოსთვის“ წევრი ანა ნაცვლიშვილი, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეხვედრას მიესალმება და აცხადებს, რომ ახლა მთავარია შეხვედრა წარიმართოს კონსტრუქციულ გარემოში და ეს ორივე მხარემ გააცნობიეროს.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას განაცხადა, ოპოზიციის ერთიანობამ მნიშვნელოვანი შედეგი უკვე გამოიღო.

„კარგია ეს შეხვედრა რომ შედგა. „ლელოს“ ამ შეხვედრაზე ბადრი ჯაფარიძე წარმოადგენს. ბუნებრივია, მაქვს ამ შეხვედრის შესახებ ინფორმაცია. იმედი მაქვს, რომ შეხვედრა წარიმართება კონსტრუქციულ გარემოში, ყველა მხარეს იმედი მაქვს გაცნობიერებული აქვს რამდენად მნიშვნელოვან პროცესში ვიმყოფებით. ცალკე პოლიტიკური პროცესი ქვეყნის შიგნით და რა თქმა უნდა, გლობალური კონტექსტის გააზრებით. ოპოზიციის მხრიდან საკითხების ჩამონათვალი არის იგივე, რასაც ჩვენ ვაჟღერებდით მას შემდეგ, რაც არჩევნები გაყალბდა და ჯიბეში იქნა ჩადებული. ეს არის ახალი არჩევნები, ახალი საარჩევნო ადმინისტრაცია და ამავე დროს საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის მიხედვითაც უზრუნველყოფილი უნდა იყოს რომ ის მანიპულაციები, რაც ამ არჩევნებზე ჩატარდა, ხელმისაწვდომი ვეღარ იქნეს მათთვის, ვისაც სურს არჩევნების გაყალბება. როცა ვსაუბრობთ ახალ არჩევნებზე, მხოლოდ ახალ თარიღზე კი არ ვსაუბრობთ, რომ კიდევ ერთხელ მარათონში მივიღოთ მონაწილეობა. ახალ არჩევნებს რომ ვითხოვთ, ამას იმიტომ კი არ ვაკეთებთ, რომ შედეგებით ვართ უკმაყოფილო და ესაა მთავარი ჩვენთვის. რა თქმა უნდა, შედეგი ყველასთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ აქ შედეგი არ არის მთავარი, აქ მთავარია იმის გააზრება, რომ სამწუხაროდ, ჩვენ თანდათან დავინახეთ რომ არჩევნებს აზრი და ფასი დაეკარგა, ეს არის მთავარი გამოწვევა დღეს ქართული სახელმწიფოსთვის“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

მისივე თქმით, ეს შეხვედრა საერთაშორისო პარტნიორებმა არჩევნებთან დაკავშირებით მიღებული ინფორმაციის შემდეგ დაგეგმეს.

„როცა ჩვენ დავინახეთ რა მასშტაბის და რა კომპლექსურობის იყო არჩევნების გაყალბებისა და ჯიბეში ჩადების საქმე, ბუნებრივია ამის დოკუმენტირებას მივყევით პირველივე საათებიდან და ამის შესახებ მუდმივად ვაყენებდით საქმის კურსში ჩვენს უცხოელ პარტნიორებს. ბუნებრივია, მათ რომ არ მიეღოთ ეს ინფორმაცია, თავისი ინიციატივით ვერ გამოვიდოდნენ და ვერ იტყოდნენ საკუთარ აზრს. ჩვენ გვქონდა მათთან კომუნიკაცია და იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რაც ჩვენ მრავლად წარვუდგინეთ ჩვენს უცხოელ პარტნიორებს, მათაც დაინახეს პრობლემები და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია მათ დაინახეს ის ჩიხი, რაშიც „ქართულმა ოცნებამ“ შეიყვანა ქვეყანა. ოპოზიციის ერთიანობამ უკვე მნიშვნელოვანი შედეგი გამოიღო. არ მაქვს საფუძველი ვიფიქრო, რომ ერთობა დაირღვევა და მიმდინარე შეხვედრაც ამის დასტურია. ძალიან მნიშვნელოვანია უკვე, ამ ეტაპზე, რასაც ამ ერთობამ მიაღწია. დაიწყო მოლაპარაკებები და დაიწყო კონკრეტული საკითხების ირგვლივ, დაიწყო მოლაპარაკებები ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ჩართვით,“- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო