თამარ ქიტიაშვილი - გვჯერა, რომ საქართველოს შეუძლია საერთაშორისო დონის პროფესიონალები შესთავაზოს გლობალურ ბაზარს

პროფესიული განათლების ევროპული კვირეულის ფარგლებში, ევროპის კომისიის ორგანიზებით, ონლაინ კონფერენცია გაიმართა. პანელურ დისკუსიაში, რომელიც პროფესიული განათლების ინტერნაციონალიზაციის საკითხებს მიეძღვნა, მონაწილეობა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, თამარ ქიტიაშვილმა, ევროპის განათლების ფონდის დირექტორთან, ჩეზარე ონესტინთან და სხვა საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, თამარ ქიტიაშვილმა თავის გამოსვლაში საქართველოს მიერ პროფესიული განათლების ინტერნაციონალიზაციისთვის გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა და ამ პროცესში სისტემაში ხარისხის სტანდარტების დანერგვისა და განვითარების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. მინისტრის მოადგილემ იმ გამოწვევებზეც ისაუბრა, რაც პანდემიის პირობებში პროფესიული განათლების კუთხით ქვეყანაში შეიქმნა.

თამარ ქიტიაშვილი, ასევე, შეეხო საქართველოში სპეციალისტთა საერთაშორისო სერტიფიცირებისა და გაცვლითი პროექტების წარმატებულ პრაქტიკას, რაც, მისი შეფასებით, პროფესიული უნარების განვითარებისა და ადგილობრივი ხარისხის ამაღლებისთვის საუკეთესო გზას წარმოადგენს.

„ევროკავშირისა და სხვადასხვა დონორთა მხარდაჭერით, ქვეყანაში უკვე დაინერგა ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისი კვალიფიკაციებისა და ხარისხის ჩარჩო, მომზადდა გაცვლითი და ერთობლივი პროგრამების დანერგვის საფუძველი, ასევე, უცხოურ ენათა სწავლების ახალი მოდელი. გვჯერა, რომ საქართველოს შეუძლია საერთაშორისო დონის პროფესიონალები შესთავაზოს გლობალურ ბაზარს“, – განაცხადა თამარ ქიტიაშვილმა.

მინისტრის მოადგილემ პოზიტიურ ნაბიჯად შეაფასა საქართველოში საჯარო და კერძო სექტორის თანამშრომლობა და იმედი გამოთქვა, რომ ამ კუთხით თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება. მისი თქმით, პროფესიული განათლების ინტერნაციონალიზაცია მიზნად ისახავს არა მხოლოდ ქვეყნებს შორის შრომითი მობილობისა და ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერას, არამედ სოციალურ და კულტურულ ინტეგრაციასაც.

შეხვედრის ბოლოს თამარ ქიტიაშვილმა მადლობა გადაუხადა ევროპის განვითარების ფონდს (ETF) გაწეული დახმარებისთვის და კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, პროფესიული უნარების ევროპული კვირეული მიზნად ისახავს პროფესიული განათლების იმიჯის გაუმჯობესებას. ის პირველად 2016 წელს ბრიუსელში გაიმართა. მას ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან და სხვა ქვეყნებთან ერთად საქართველოც შეუერთდა. სხვადსხვა ქვეყნები პროფესიული უნარების კვირეულს ეროვნულ დონეზეც მართავენ. 2020 წლის დეკემბერში პროფესიული განათლების ეროვნული კვირეული საქართველოში დისტანციურ რეჟიმში გაიმართება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა