ცესკოში სხდომაზე თამარ ჟვანიასა და ხათუნა გოგორიშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, სადაც შემაჯამებელი ოქმების განხილვა მიმდინარეობს, ცესკოს თავმჯდომარე, თამარ ჟვანიასა და "ევროპული საქართველოს" წარმომადგენელ, ხათუნა გოგორიშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო,რაც ხათუნა გოგორიშვილმა თამარ ჟვანიას მიმართა, რომ მას საერთოდ არ უნახავს საჩივრები და არ იცის, რომელ ოქმებს აჯამებს.

“თქვენ ბრძანეთ, რომ 20 წუთი მოგვეცემა, ეს არის ერთი რამის დასტური, არ გაინტერესებთ საერთოდ. მარტო მე საბურთალოს ოლქში არსებული დარღვევები რომ წარმოგიდგინოთ, ამისთვის დამჭირდება 20 წუთი. მარტო საბურთალოს 73-ე უბანზე არსებული დარღვევებისთვის იქნება საჭირო 20 წუთი. თქვენ ნანახი გაქვთ საერთოდ საჩივრები? მაშინ როგორ წარმოგიდგენიათ, ერთი საჩივარი მაინც მოვასწროთ 20 წუთში? ქალბატონო თამარ, როდესაც 2+2 ოქმში წერია 5, ამას ვასაჩივრებთ და ოლქში რომ 2 წერია და 5 უნდა ეწეროს, ამას ვასაჩივრებთ. ამიტომ არის საჭირო უბნების შედეგებზე და იქ არსებულ დარღვევებზე საუბარი“,-მიმართა გოგორიშვილმა თამარ ჟვანიას.

საპასუხოდ, თამარ ჟვანიამ განაცხადა, რომ ხათუნა გოგორიშვილი პოლიტიკური განცხადების გასაკეთებლად იყო მისული და არა საჩივრების განსახილველად.

„ყველაფერი კარგად ჩანს, არავითარი არგუმენტები არ გაქვთ საჩივარზე როგორც ჩანს და სხვა რამეზე გადადიხართ. თქვენ უკვე იცით, რისი უფლებაც გაქვთ. შემაჯამებელ ოქმებსაც გაასაჩივრებთ, დღევანდელ გადაწყვეტილებასაც გაასაჩივრებთ. თქვენ აქ სიტყვით გამოსასვლელად მოხვედით თუ საჩივრის განსახილველად? მაშინ თუ შეიძლება დატოვეთ სხდომა. კარგით რა, თქვენ აქ საჩხუბრად ხართ მოსული და პოლიტიკური განცხადებების გასაკეთებლად. საჩივარზე ილაპარაკეთ, ძალიან კარგად გაიგეთ პასუხი. ქალბატონო ხათუნა, თქვენ აქ სხდომის წამყვანი ხომ არ ხართ? ცოტა ხანში გაბრძანდებით გარეთ. ნახავთ თუ არ გაბრძანდებით. 2000 წლის ცესკო-ში ხომ არ გგონიათ თავი?“,-მიმართა ჟვანიამ გოგორიშვილს.

ამ განცხადების შემდეგ, ხათუნა გოგორიშვილმა თამარ ჟვანიას წერა-კითხვის დონე დაუწუნა.

„ცუდ დღეშია ცესკო და თამარ ჟვანია. არ გაშინებთ. უნდა გრცხვენოდეთ. სკოლის ბავშვებიც კი დაგცინიან, რომ გამრავლების ტაბულა არ იცით. დღეს ამტკიცებთ, რომ წერა-კითხვაც კი არ იცით“,-მიმართა გოგორიშვილმა ჟვანიას.

აღნიშნულის შემდეგ, თამარ ჟვანიამ ხათუნა გოგორიშვილის სხდომიდან გაძევების საკითხი დააყენა კენჭისყრაზე.

„სხდომას უშლის ხელს ხათუნა გოგორიშვილი. ჟურნალისტების გასაგებად, უკვე გაფრთხილება მივეცი რამდენჯერმე. ან გახვალთ, ან ვაყენებთ კენჭისყრაზე გაძევების საკითხს. არ ჩერდებით და არა ვქნა აბა. გაძევებული ხართ სხდომიდან და შენობიდანაც. დატოვეთ სხდომა. არ გაგაძევებთ, თუ კორექტულად ილაპარაკებთ“,-მიმართა ჟვანიამ გოგორიშვილს.

ამ მოთხოვნის შემდეგ, გოგორიშვილმა დაცვას მიმართა, რომ პარლამენტის წევრია და „ხელსაც კი ვერ მოკიდებენ“.

ცნობისთვის, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სხდომა მიმდინარეობს. სხდომაზე საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ მიღებულ შემაჯამებელი ოქმებზე ოპოზიციური პარტიების მიერ შეტანილი საჩივრების განხილვა მიმდინარეობს. მათ შორისაა "ევროპული საქართველოს" მიერ გასაჩივრებული შემაჯამებელი ოქმები. ისინი 30 ოქმის ბათილად ცნობას ითხოვენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო