პროკურატურა სასამართლოს მიერ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული ექვსივე პირის დამნაშავედ ცნობასთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

პროკურატურა სასამართლოს მიერ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული ექვსივე პირის დამნაშავედ ცნობასთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, მცხეთის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გიორგი შაქარაშვილის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მონაწილეობაში, ასევე წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთაში ბრალდებული პირები დამნაშავედ ცნო.

„სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის მიერ გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2020 წლის 18 ივნისს, ლ.შ., გ.მ., ვ.ჩ., ნ.ც. და გ.ტ.-მ ორგანიზება გაუწიეს ჯგუფურ მოქმედებას, რომელსაც თან ახლდა ძალადობა. კერძოდ, ლ.შ.-მ, გ.მ.-მ, გ.ტ.-მ, ნ.ც.-მ და ვ.ჩ.-მ, მისი და ნ.ხ.-ს ცემის გამო, შურისძიების მოტივით, ჩხუბში მონაწილე პირებზე ძალადობის მიზნით, მოახდინეს დამატებითი ძალის მობილიზება. ამისათვის, ვ.ჩ. და გ.ტ. თავიანთი ავტომობილებით, თანმხლებ პირებთან ერთად, მცხეთის მუნიციპალიტეტიდან წავიდნენ ქალაქ თბილისში, ხოლო ლ.შ. და გ.მ. დარჩნენ ადგილზე, რათა პერიოდულად მიეწოდებინათ ინფორმაცია მოწინააღმდეგე მხარის ადგილსამყოფელის შესახებ.

19 ივნისს, დაახლოებით 00:45 საათზე, მდინარე არაგვის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფ გიორგი შაქარაშვილს, გურამ ამირხანაშვილს, გიორგი ქათამაძეს, ვახტანგ ახვლედიანს, იაკობ ბრეგვაძეს და კონსტანტინე ღიბრაძეს თავს დაესხნენ ნ.ც., გ.ტ., ნ.ქ., თ.ბ., ი.მ., გ.მ., ლ.შ. და რკინის ხელკეტით შეიარაღებული ნ.ჟ., რომლებიც გიორგი ქათამაძეს, კონსტანტინე ღიბრაძეს და ვახტანგ ახვლედიანს ფიზიკურად გაუსწორდნენ. მოგვიანებით გიორგი შაქარაშვილი და ნაცემი ახალგაზრდები დაბრუნდნენ შემთხვევის ადგილზე, დაეხმარნენ ნაცემ გიორგი ქათამაძეს და ცდილობდნენ თბილისში დაბრუნებას, რა დროსაც ახლა უკვე, ვ.ჩ., ვ.მ., ა.ქ., ზ.ხ., ა.გ. და ნ.რ. დაესხნენ თავს, აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას და ცდილობდნენ მათზე ძალადობას. საფრთხის თავიდან არიდების მიზნით, გიორგი შაქარაშვილი დ მასთან ერთად მყოფი პირები გაიქცნენ და მიიმალნენ არაგვის მიმდებარე ტერიტორიაზე. ა.ქ.-მ, ა.გ.-მ, ვ.მ.-მ, ვ.ჩ.-მ, ზ.ხ.-მ და ნ.რ.-მ იპოვეს დამალული გურამ ამირხანაშვილი, იგი მისი ნების საწინააღმდეგოდ ჩასვეს ავტომობილში და მეტროსადგურ დიდუბის მიმდებარე ტერიტორიაზე დატოვეს.

2020 წლის 22 ივნისს მდინარე არაგვში აღმოჩენილი იქნა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი.

სამართალდამცველებმა ლ.შ., გ.მ., ნ.ც., ნ.ქ., ა.ქ. და ზ.ხ. 2020 წლის 26 ივნისს დააკავეს.

ლ.შ.-ს, გ.მ.-ს და ნ.ც.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მონაწილეობა) წარედგინათ.

ნ.ქ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინა.

ა.ქ.-ს და ზ.ხ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობაში და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთა) წარედგინათ“,- ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.

უწყების ინფორმაციით, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემდგომ, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის შესაბამისად, მცხეთის რაიონულმა სასამართლომ თბილისის პრობაციის ბიუროს ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის მომზადების მიზნით მიმართა. სასჯელის დანიშვნის სხდომა 20 ნოემბერს გაიმართება.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს