თენგიზ ცერცვაძე - ქართული საზოგადოების დაკვეთაა, რომ სრული "ლოკდაუნი" არ გამოცხადდეს

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ქართული საზოგადოების დაკვეთაა, რომ ქვეყანაში სრული ლოკდაუნი არ გამოცხადდეს.

როგორც ცერცვაძე განმარტავს, ხელისუფლებამ პანდემიასთან ბრძოლის არა იოლი, არამედ რთული გზა არჩია, ვინაიდან სრული ლოკდაუნი მოსახლეობას დისკომფორტს უქმნის და ეკონომიკის რეცესიას იწვევს. ამასთან, როგორც თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, ისინი მუშაობენ, რომ ჯანდაცვაში არსებული ხარვეზები აღმოფხვრან.

„სამწუხაროდ, აღინიშნება კოვიდ შემთხვევების მატება, საქართველოში ყოველდღე ფიქსირდება რეკორდული რაოდენობა. 3 500-ს გადააცილა უკვე ერთ დღეში გამოვლენილი ინფიცირებულების რაოდენობამ, მაგრამ მინდა საქართველოს მოსახლეობამ იცოდეს, რომ ამ შემთხვევაში ეს საქართველოში არ ხდება, ეს არის მთელ მსოფლიოში, სადაც ყოველდღე მყარდება რეკორდები - 643 000 ახალი შემთხვევა იყო გუშინ, დღეს სავარაუდოდ, არანაკლები იქნება, განსაკუთრებით ბევრი ახალი შემთხვევაა ევროპაში. ევროპის ბევრმა ქვეყანამ გამოაცხადა ლოკდაუნი, სრული ან ნაწილობრივი. გუშინ, საფრანგეთმა და გერმანიამ ევროპის ამ უდიდესმა ორმა ქვეყანამ გამოაცხადა სრული ლოკდაუნი, როცა პრაქტიკულად შეიზღუდება ყველანირი გადაადგილება, პარიზში საბუთის გარეშე მოქალაქეს ეკრძალება გამოსვლა სახლიდან - მხოლოდ სამსახურში, ან მხოლოდ აფთიაქში, მეტი არსად. საქართველოს მთავრობა ჯერჯერობით არ აპირებს ასეთ მკაცრ ზომებს მიმართოს, არის წერტილოვანი შეზღუდვები, წერტილოვანი პრევენციული ღონისძიებები და თუ მოგვეცა საშუალება ამით გადავრჩეთ, ეს დიდი ბედნიერება იქნება, რადგან ქართული საზოგადოების დაკვეთაა, რომ სრული ლოკდაუნი არ გამოცხადდეს, იმიტომ რომ სრული ლოკდაუნი დიდ დისკომფორტს უქმნის მოსახლეობას და იწვევს ეკონომიკის რეცესიას და აისახება თითოეული მოქალაქის ცხოვრების დონეზე, რასაც ასე ძალიან უფრთხილდება საქართველოს მთავრობა.

სამაგიეროდ, იმის გამო, რომ არ გამოაცხადეს ლოკდაუნი, სახელმწიფოს და კლინიკურ სექტორს თავის თავზე დიდი დატვირთვის აღება უწევს. ლოკდაუნი რომ გამოცხადებულიყო, ამით ჩვენზე დატვირთვა შემცირდებოდა და სახელმწიფო უფრო იოლად გაუმკლავდებოდა. სახელმწიფომ აირჩია პანდემიასთან ბრძოლის არა იოლი გზა, არამედ ძნელი გზა, იმიტომ რომ ეს შედის მოსახლეობის ინტერესებში, თორემ სახელმწიფო სტრუქტურებისთვის და ჩვენთვის, ექიმებისთვის გაცილებით იოლი იქნებოდა პანდემიასთან ბრძოლა ლოკდაუნის პირობებში, მაგრამ ეს არ გავაკეთეთ. შესაბამისად, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მოვახდინოთ მეტი საწოლფონდის, მეტი ექიმების მობილიზება, დაიხვეწოს და გაუმჯობესდეს მენეჯმენტი, რათა ის ხარვეზები, რომელიც დღეს შეინიშნება - დაგვიანება ტესტირებაში, დაგვიანება სასწრაფო დახმარების ექიმის მომსახურებისას, ოჯახის ექიმიდან, ზოგჯერ დაგვიანებული ჰოსპიტალიზაცია, აღმოიფხვრას.

მინდა ქართველ მოსახლეობას ვუთხრა, ნუ იქნება გულგატეხილი და ნუ აღიქვამს ამას, როგორც ჩვენს არასათანადო მზადყოფნას, არა. ასეთი სიტუაციაა იმ ქვეყნებში, რომელთა ეკონომიკა და ჯანდაცვის სისტემა ჩვენსაზე ათჯერ, ასჯერ უფრო ძლიერია. იქ ეს ყველა დაბრკოლება, რაც ჩვენს ჰოსპიტალურ, კლინიკურ სექტორშია, იქ გაცილებით დიდი მასშტაბებითაა, იქ ადამინები ზოგჯერ საერთოდ ვერ აღწევენ კლინიკამდე და სამწუხაროდ, ძალიან ბევრია ბინაზე გარდაცვალების შემთხვევები, რაც ჩვენთან ერთეულია. მინდა, ჩვენი მოსახლეობა დავარწმუნო, მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე მძიმე დღეები გვიდგას ახლა, ის მაინც საიმედოდ არის დაცული“, - განაცხადა ცერცვაძემ.

იხილეთ ვიდეო: ქართული საზოგადოების დაკვეთაა, რომ სრული "ლოკდაუნი" არ გამოცხადდეს - თენგიზ ცერცვაძე

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა