გია ვოლსკი - გინდ მდუმარე აქცია ჩაატარონ, გინდ ხმამაღალი, ყველაფერს მაინც ერთი სახელი აქვს - მოქმედება საქართველოს და მოქალაქეების წინააღმდეგ

გინდ მდუმარე აქცია ჩაატარონ, გინდ ხმამაღალი, ყველაფერს მაინც ერთი სახელი აქვს - მოქმედება საქართველოს და მისი მოქალაქეების წინააღმდეგ, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს ვიზიტის პარალელურად ოპოზიციის მიერ დაგეგმილი აქციის კომენტირებისას განუცხადა.

გია ვოლსკი ოპოზიციის გეგმებს დესტრუქციას და მავნებლობას უწოდებს, რომლის მიზანიც დესტაბილიზაციის შექმნაა.

„ერთი სიტყვით მთხოვოს ვინმემ შეფასება, მავნებლობას და დესტრუქციას დავარქმევდი. მე არ მგონია, რომ ვინმეს გაუკვირდეს აქცია, მით უმეტეს, აშშ-ის, ჩვენი დასავლელი პარტნიორების სინამდვილეში, აქციები მუდმივად იმართება და საქართველოსაც ახასიათებს სხვადასხვა საკითხებზე ადამიანთა ნების გამოხატვა. თუმცა, ფაქტია, რომ აქციებს, რომელსაც ახორციელებს სააკაშვილის გუნდი და მის გარშემო სატელიტი პოლიტიკური ჯგუფები, სხვა შინაარსი და სხვა საფუძველი უდევს, ეს არის საქართველოს დესტაბილიზაციის მცდელობა, რაც რასაკვირველია, სიახლეს არ წარმოადგენს.

სთავაზობენ ნებისმიერი საარჩევნო უბნის გახსნას და გადათვლას, ნებისმიერი ვიდეო თვალის მასალის რევიზიას და ესენი იგივე პოზიციაზე რჩებიან, რომელიც გულისხმობს არჩევნების ჩატარებას იქამდე, ვიდრე არ გაიმარჯვებს სააკაშვილი. ეს არის მათი პოზიცია, ამასთან დაკავშირებით გინდ მდუმარე აქცია ჩაატარონ, გინდ ხმამაღალი, ყველაფერს მაინც ერთი სახელი აქვს - მოქმედება საქართველოს და საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

რაც შეეხება აქციების პარალელურად მიმდინარე მოლაპარაკებებს, რომელიც ხელისუფლებისა და ოპოზიციის მონაწილეობით აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში იმართება, გია ვოლსკი აცხადებს, რომ პოზიციებს შორის დიდი სხვაობაა, თუმცა, გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან პასუხისმგებლობის გამოჩენის იმედი აქვს.

„შედეგთან დაკავშირებით არავინ გულუბრყვილო არ არის და ყველა კარგად ვხედავთ, რომ დაპირისპირებული პოზიციების სხვაობა საკმაოდ დიდია, მაგრამ იმედი უნდა დავიტოვოთ, რომ გამოჩნდებიან ისეთი პოლიტიკური სუბიექტები, რომლებიც პასუხისმგებლობას შეაფასებენ არა მხოლოდ მათი ამომრჩევლების წინაშე, არამედ საქართველოს ისტორიის წინაშე, რომელიც რასაკვირველია, სერიოზულად დაზიანდება იმ რყევებით, რომელსაც კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფი ესწრაფვის. ასე რომ, პასუხისმგებლობა არის ერთი განმაპირობებელი რესურსი, რომ საბოლოოდ მოლაპარაკება შედგეს და მეორე არის საერთაშორისო თანამეგობრობის პრინციპული პოზიცია, რომლებსაც არ სჭირდებათ დესტაბილიზაცია და კატეგორიულად მიუღებელია მათთვის იმ სტრატეგიის განხორციელება, რაც რუსეთის ფედერაციას გააჩნია. ფაქტია ის, რომ უახლოესი ისტორიის რამდენიმე ეპიზოდში, რომელსაც თვალს ვადევნებდით, „ნაცმოძრაობის“ გეგმები და აქტივობები სრულად ნებსით თუ უნებლიედ დაემთხვა რუსეთის ფედერაციის ინტერესებს: გინდა აგვისტოს ომის წინა პერიოდი ავიღოთ, გინდა მუდმივი სწრაფვა დესტაბილიზაციისკენ, რომელიც შესამჩნევი გახდა მას შემდეგ, რაც სააკაშვილმა 2014 წლიდან გადაწყვიტა კვლავ პოლიტიკაში დაბრუნება. ასე რომ, ინტერესთა დამთხვევა იმდენად თვალსაჩინოა, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, ვფიქრობ ამას კარგად ამჩნევენ. სიღრმისეული ანალიზი გვმართებს, ვისთან არის ასოცირებული რუსეთისთვის სტრატეგიული ობიექტების მიყიდვა, ვის ინტერესებშია და ვინ მოაწერა ხელი საერთაშორისო დონეზე დოკუმენტს, რომელიც საქართველოს აბრალებს ომის დაწყებას და ვინ ცდილობს, რომ მუდმივად სტრესული სიტუაცია შეიქმნას საქართველოში, როცა რუსეთი ესწრაფვის თავისი გავლენების გაძლიერებას კავკასიის რეგიონში“, - განაცხადა ვოლსკიმ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო