გიგი უგულავა - გიორგი ბარამიძე რელიგიური პილიგრიმივით იქცევა, არასერიოზულია მისი ქმედება, მითუმეტეს, რომ სუს-ის ნარატივშია

გიორგი ბარამიძე რელიგიური პილიგრიმივით იქცევა. არასერიოზულია მისი ქმედება, მითუმეტეს, გამოდის, რომ სუს-ის ნარატივშია, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც მიხეილ სააკაშვილის შესახებ ოპოზიციის განცხადებებთან მიმართებაში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, გიორგი ბარამიძის პოზიცია შეაფასა.

უგულავას განმარტებით, მიხეილ სააკაშვილმა თავად უნდა გადაწყვიტოს, შეუძლია თუ არა ბიძინა ივანიშვილის პირობებში ქვეყანაში ჩამოსვლა.

„მე ვფიქრობ, რომ ყველა პარტიამ უნდა გავაცნობიეროთ, რა გვაქვს საერთო და არა ის, რაც განგვასხვავებს. მიხეილ სააკაშვილმა მარტომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილის პირობებში უნდა, შეუძლია და აპირებს თუ არა ჩამოსვლას ქვეყანაში და მეორე საკითხია, ამ გადაწყვეტილებას მის ნაცვლად ვერ მიიღებს ვერც გიგი უგულავა, ვერც მისი გულანთებული მომხრე და ვერც მოძულე. ეს არის მისი პირადი გადასაწყვეტი და მოდით, ამ გადაწყვეტილებას სხვის მხრებზე ნუ გადავიტანთ“, - განაცხადა უგულავამ.

რაც შეეხება სააკაშვილის ჩართვას აქციებზე, უგულავას თქმით, „აქციებზე მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლის საკითხი ამ ეტაპზე არ განიხილება“.

„ნაციონალური მოძრაობა“ არის ადგილობრივი ლიდერებით წარმოდგენილი და ამიტომ საკითხები, რომლებიც იწვევს კითხვის ნიშნებს, ჩვენ დღეს უნდა გადავდოთ გვერდზე. თავად სააკაშვილმაც განაცხადა, რომ მას ამის სურვილი არ აქვს და რა ვიცი, ბარამიძე რელიგიური პილიგრიმივით იქცევა და არასერიოზულია მისი ქმედება, მითუმეტეს, გამოდის, რომ სუს-ის ნარატივშია. მე მინდა სააკაშვილსაც და „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა ლიდერებსაც მოვუწოდო, რომ ვეძებოთ საერთო და ნებისმიერი რამე, რამაც შეიძლება მთავარი თემისგან ფოკუსი სხვა თემაზე გადაიტანოს, გვერდზე უნდა გადავდოთ. მთავარი თემა დღეს არის ერთი და რაშიც ყველანი ვთანხმდებით, იმას უნდა მივაწვეთ, რომ არჩევნები გაგვიყალბეს და ამ ქვეყანაში არჩევნებული უნდა იყოს ერთხელ და სამუდამოდ სამართლიანი, თავისუფალი და არ უნდა იყოს მიკერძოებული. არჩევნები იმისთვის უნდა იყოს სამართლიანი, რომ შემდეგ ყველა პარტიის ლიდერს ჰქონდეს თავისი შესაძლებლობა აწარმოოს კამპანია და იმ პროპორციით, რა პროპორციითაც ხალხი დაუჭერს მხარს იყოს არჩეული. განსხვავებები ძალიან ბევრია და განსხვავებები პარტიებს შორის იარსებებს, პრეტენზიები იქნება თუ ურთიერთბრალდებები, ბუნებრივია, იარსებებს, მაგრამ ამ ეტაპზე ყველამ თქვა, რომ ჩვენ არ ვართმევთ ხელს „ქართულ ოცნებას“ იმიტომ, რომ ის არის გამყალბებელი და სწორედ ეს არის ერთსულოვნება“, - განაცხადა უგულავამ.

მისივე თქმით, ნებისმიერს, ვინც შეეცდება პირადი ეგოს და ეჭვების გამო დისონანსი შეიტანოს მთავარ საკითხში, რაზეც ფოკუსირებულია ხალხი, ამას არავინ აპატიებს.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ბარამიძემ ოპოზიციონერი ლიდერების მისამართით ასეთი განცხადება გააკეთა: „რას ჰქვია მიხეილ სააკაშვილი არ უნდა ავიტანოთ და რას ჰქვია ვიღაცას მიხეილ სააკაშვილი არ უნდა. მიხეილ სააკაშვილის მომხრე და მხარდამჭერი ხალხი გვინდა და საქართველოს მესამე პრეზიდენტი და ამ არჩევნების მთავარი გამარჯვებული მიხეილ სააკაშვილი არ გინდა? ასე არ გამოვა მეგობრებო! მასე არ გამოვა ბიძინა ეგ ამბავი. მიშაც უნდა ჩამოვიდეს, ყველა დევნილი უნდა ჩამოვიდეს და ყველა პოლიტპატიმარი უნდა გათავისუფლდეს, ყველამ უნდა მიიღოს ამ ყველაფერში მონაწილეობა. მართალია შორს არის, მაგრამ მასთან ურთიერთობის საშუალება გვაქვს. მიშას პატივისცემა თითოეული თქვენგანის პატივისცემაა და არავის არაფერი შეეშალოს",- განაცხადა ბარამიძემ.

იხილეთ ვიდეო

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა